მსოფლიო ჩემპიონატმა ვერ გვიპასუხა კითხვაზე, თუ ვინ არის ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატი 2026 წელს? ტურნირის გამარჯვებული გახდა ესპანეთის ეროვნული გუნდი, რომელსაც გამოკვეთილი ვარსკვლავი არ ჰყოლია. ამ შემთხვევაში სხვა ვარიანტების ძებნა გვიწევს.
ისევ და ისევ მსოფლიო ჩემპიონატზე დაყრდნობით, იკვეთება სამი კანდიდატი - ლიონელ მესი, ვისაც 39 წლის ასაკში ზედიზედ მეორე ტრიუმფამდე დააკლდა სულ ცოტა; კილიან მბაპე, ვინც გახდა ყველაზე იმ ტურნირის საუკეთესო გოლეადორი, რომელზეც ითამაშა; ჰარი კეინი, ვის გარეშეც დღევანდელი მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ეროვნული გუნდის წარმატება უბრალოდ წარმოუდგენელია.

ფრანგი თავდამსხმელის მიმართებაში არ უნდა დაგვავიწყდეს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობაც. არსებობს კიდევ ერთი კანდიდატი, რომლის პოტენციური მოგება საერთოდ არ უკავშირდება მუნდიალზე დაფიქსირებულ შედეგს, მეტიც, აშშ-ში ჩატარებულ ტურნირზე ის საერთოდ არ ყოფილა.
საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, ვინც პარი სენ-ჟერმენის წარმატებაში უბრალოდ კოლოსალური როლი ითამაშა. ფრანგულმა გუნდმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მოიგო მიყოლებით მეორედ, რაც 21-ე საუკუნეში მხოლოდ 2016-2018 წლების მადრიდის რეალმა შეძლო. რაც შეეხება ქართველ ვინგერს, ის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პსჟ-ს შემტევმა გოლს პლიუს საგოლე გადაცემის სისტემით დააგროვა 16 ქულა, ზუსტად იმდენი, რამდენიც სანტიაგო ბერნაბეუს მკვიდრთა უკვე ხსენებულმა ლიდერმა და ინგლისელმა ფორვარდმაც. აღნიშნულ ტრიოზე შედეგიანი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2025/26-ის სეზონში არავინ ყოფილა.
საქართველოს ნაკრების შვიდიანის წარმატების ფონზე, ისმის კითხვა - რამდენად რეალურია ოქროს ბურთის მოპოვება მსოფლიო ჩემპიონატის წელს, უშუალოდ ტურნირზე თამაშის გარეშე? იყო თუ არა მსგავსი შემთხვევები წარსულში და მართლაც თუ არის მუნდიალის ფაქტორი გადამწყვეტი.

შემთხვევები, როცა მუნდიალზე დაფიქსირებული შედეგი გადამწყვეტი არ ყოფილა
ოქროს ბურთის თანამედროვე ისტორიაში გვხვდება ორი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წელს, საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ის მოთამაშე, რომელსაც ტურნირის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. საუბარია 2010 წლის მესისა და 2014-ის კრიშტიანუ რონალდუზე.
არგენტინელი შემტევი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა მეოთხედფინალში, უგოლოდ, პორტუგალიელი თავდამსხმელი კი თავის ნაკრებთან ერთად ჯგუფში ჩარჩა. გვახსოვს 2022-ის მუნდიალი და ქარიმ ბენზემას ბალონ დ'ორიც, მაგრამ აღნიშნულ წელს ჯერ იყო დაჯილდოება შემოდგომაზე და უკვე შემდეგ, ზამთარში, კატარში ჩატარებული ტურნირი.
ოქროს ბურთის თანამედროვე ეპოქაში დანარჩენი სხვა ყველა გამარჯვებული პირდაპირ კავშირში სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგთან არის. თავად განსაჯეთ: ზინედინ ზიდანი (1998, ჩემპიონი), რონალდო ნაზარიო (2002, ჩემპიონი), ფაბიო კანავარო (2006, ჩემპიონი) და ლუკა მოდრიჩი (2018, ვიცე-ჩემპიონი).

დავუბრუნდეთ ლიონელსა და რეალის ყოფილ თავდამსხმელს, ვინც როგორც აღვნიშნეთ, 2010 და 2014 წლებში ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად მოიგეს. ბარსელონას ფლეიმეიქერი: 53 შეხვედრა, 47 ბურთი, საუკეთესო გოლეადორობა ევროსარბიელზე, ოქროს ბუცი, პრიმერას მოგება და პიჩიჩი.
რაც შეეხება მადრიდული გუნდის ყოფილ შვიდიანს - 47 მატჩი, 51 გოლი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი, ასევე ოქროს ბუცი და პიჩიჩი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რონალდუმ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის აღნიშნულ სეზონში შეაგდო 17 ბურთი...მიღწევა, რომელიც ხელშეუხებელია დღემდე, თამაშების გაზრდილი რაოდენობითაც კი.

რაც შეეხებათ კონკურენტებს, კატალონიური გუნდის ყოფილმა ათიანმა აჯობა მსოფლიო ჩემპიონ თანაგუნდელებს, ჩავი ერნანდესსა და ანდრეს ინიესტას, ასევე უესლი სნეიდერს, რომელსაც სრულყოფილებამდე დააკლდა მხოლოდ ერთი რამ: სამხრეთ აფრიკის მუნდიალის გადამწყვეტი დუელის მოგება ესპანეთთან.
"ლა პულგას" სასიკეთოდ ითამაშა იმ ფაქტმა, რომ მსოფლიო ჩემპიონ "ფურია როხას" არ ჰყოლია ერთი გამოკვეთილი ვარსკვლავი და როგორც აღვნიშნეთ, ეს ტენდენცია წელსაც შეინიშნება. პორტუგალიელმა ფორვარდმა 2014-ში პირველ რიგში აჯობა მესის და უკვე შემდეგ, მუნდიალის ტრიუმფატორ გერმანელ მოთამაშეებს.

"ბუნდესნაკრების" ფეხბურთელებს შორის უმაღლესი, მესამე ადგილი დაიკავა მანუელ ნოიერმა და არსებობს მოსაზრება, რომ მისთვის ოქროს ბურთის გადაცემაც არ იქნებოდა აზრს მოკლებული, მაგრამ 2006-ის ჯანლუიჯი ბუფონის მაგალითმა გვაჩვენა, გოლკიპერისთვის ბალონ დ'ორის მოგება თანამედროვე კრიტერიუმებით პრაქტიკულად ზღაპრის ტოლფასი მოვლენაა.
ოქროს ბურთის დაუფლების ფაქტი მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინების გარეშე უფრო შორეულ წარსულშიც გვხვდება. მაგალითად, რაიმონდ კოპა 1958-ში და იგორ ბელანოვი 1986-ში. აქ გასათვალისწინებელია ერთი დეტალი: ეს არის პერიოდი, როცა ბალონ დ'ორის ნომინანტთა სიაში მხოლოდ ევროპელი მოთამაშეები იყვნენ.

ოქროს ბურთის თანამედროვე ფორმატის მიხედვით, ფრანგი და უკრაინელი შემტევების ნაცვლად, გამარჯვებულები იმ წლებში ულაპარაკოდ გახდებოდნენ ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე (1958) და დიეგო არმანდო მარადონა (1986). აქედან გამომდინარე, ბალონ დ'ორისკენ მიმავალი გზა მაინც მუნდიალთან გადაიკვეთებოდა.
უკვე ვისაუბრეთ არგენტინელი შემტევის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და კრიშტიანუს 2014-ის ტურნირზე წარუმატებლობების თაობაზე, მაგრამ კვარას სიტუაცია კიდევ უფრო ჩახლართულია, რადგან მათგან განსხვავებით, მუნდიალზე მას არც კი უთამაშია. კვლავ კითხვა: რამდენად შესაძლებელია ბალონ დ'ორის მოგება ისეთი მოთამაშისთვის, რომელიც ტურნირზე არც კი ყოფილა?

დიახ, რეალურია, თუმცა მოვლენა არის საკმაოდ იშვიათი, უნიკალურიც კი. კევინ კიგანი დღემდე რჩება ერთადერთ ფეხბურთელად, ვინც ოქროს ბურთი მოიგო მუნდიალის წელს, უშუალოდ ტურნირზე მონაწილეობის მიღების გარეშე. ეს მოხდა 1978-ში, არგენტინაში ჩატარებული გათამაშების წელს, რომელზეც ინგლისი ვერ მოხვდა.
დიახ, იმ მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაიარა ბრიტანელების გარეშე, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ოქროს ბურთი მაინც ჰამბურგის ყოფილმა შემტევმა მოიგო.ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისელ ფლეიმეიქერს აღნიშნულ სეზონში საკლუბო ტიტულები საერთოდ არ მოუპოვებია. ევროსარბიელზე ტრიუმფი იზეიმა ლივერპულმა, გერმანიის ჩემპიონატში კი კიოლნმა.

იმის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა 10-ჯერ (1982 - 2022) და ოქროს ბურთს აუცილებლად ეუფლებოდა ის ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ კოპასა და ბელანოვის მსგავსად, "როტოზენის" მე-7 ნომერმაც ბალონ დ'ორი მოიგო მაშინ, როცა ნომინანტთა შორის ჯერ კიდევ მხოლოდ ევროპელები იყვნენ.
ოქროს ბურთის ალტერნატიული დაჯილდოების მიხედვით, კანდიდატებს შორის რომ ყოფილიყვნენ სხვა კონფედერაციების ფეხბურთელებიც, 1978-ში ბალონ დ'ორს მოიგებდა არგენტინაში ჩატარებული მუნდიალის მთავარი ვარსკვლავი, მარიო კემპესი. დიახ, "თაგვმა" ფეხბურთის ისტორიაში დატოვა წარუშლელი კვალი, მაგრამ 48 წლის წინ, უმაღლეს საფეხურზე იდგა არა ის, არამედ ვალენსიას ფლეიმეიქერი.

ხვიჩა კვარაცხელია თუ არა, მაშინ ვინ?!
კვარაცხელიას 2025/2026 წლების საოცარ სეზონსა და მის კოლოსალურ გავლენაზე პარი სენ-ჟერმენის წარმატებაზე უკვე ვისაუბრეთ. ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი კლასის დემონსტრირების გარდა, ქართველი ვინგერის სასიკეთოდ თამაშობს მუნდიალის ტრიუმფატორი ესპანეთის გუნდურობა, გამოკვეთილი ვარსკვლავის გარეშე.
ზუსტად იგივე სიტუაცია, რაც იყო 2010 წლის "ფურია როხასა" და 2014-ის გერმანიის მიმართებაში, როდესაც ოქროს ბურთი მესიმ და რონალდუმ მოიგეს. დიახ, "წითლების" ტრიუმფის შემდეგ, ბალონ დ'ორის პოტენციურ მფლობელთა სიაში დაწინაურდნენ როდრი ერნანდესი და ლამინ იამალი, მაგრამ ობიექტურად, მუნდიალის გამოკლებით, ორივეს სეზონი საკმაოდ უღიმღამო იყო.

ესპანელი ფეხბურთელების მეგზურები პრაქტიკულად მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმიანობა და ფორმიდან ამოვარდნა იყვნენ. დიახ, მანჩესტერ სიტის ვიცე-კაპიტანი დაუბრუნდა ოპტიმალურ კონდიციას აშშ-ს მუნდიალზე, მაგრამ სად იყო ის, როცა მისმა გუნდმა წააგო ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალში რეალთან?!
რაც შეეხება ბარსელონას შემტევს, ობიექტურად, თავისი საუკეთესო ვერსიისგან ის მსოფლიო ჩემპიონატზეც კი შორს იყო. ამის გარდა, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ კატალონიელებმა აუცილებლად უნდა წააგონ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეიოფში მადრიდის ატლეტიკოსთან და აღნიშნული ტენდენცია ვერც მათმა მე-10 ნომერმა შეცვალა.
ხვიჩა ამ მხრივ მნიშვნელოვნად აღემატება, როგორც 30 წლის ნახევარმცველს, ისე იამალსაც, რადგან ის არის ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის ტრიუმფატორი, კოლოსალური გავლენით თავის კლუბში. თუ ბალონ დ'ორი ეკუთვნის პსჟ-ს რომელიმე მოთამაშეს, პირველ რიგში ეს ითქმის არა უსმან დემბელეზე, აშრაფ ჰაკიმიზე ან ვიტინია ფერეირაზე, არამედ სწორედ საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანზე.

ჩვენი ნაკრების შვიდიანის დანარჩენი კონკურენტების შესახებაც ვისაუბროთ. არიან მბაპე და კეინი, ვისი სტატისტიკაც მოგვაგონებს ლეგენდარული არგენტინულ-პორტუგალიური დუელის საუკეთესო პერიოდს, მაგრამ მათ ვერც მუნდიალის მოგება იზეიმეს და ვერც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის.
იგივე ითქმის მაიკლ ოლისეს შესახებაც, ვინც ბევრის აზრით იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, იქამდე, სანამ საფრანგეთი არ დამარცხდა ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებთან, ბაიერნი კი "ლურჯ-წითლებთან". ერთი სიტყვით, კვარამ საკლუბო დონეზე პასუხი გასცა ყველას, მაგრამ მუნდიალმა ახალი კითხვები გააჩინა.


















