საქართველო - ესპანეთი - აშშ - 17 წლის მათე ხატიაშვილის გზა სამშობლოდან - ესპანეთამდე და ევროპიდან - ამერიკამდე გამოწვევებითა და ახალი მიზნებით სავსე აღმოჩნდა.
მათე კარიერას აშშ-ში,კოლეჯების ლიგაში (NCAA),სამხრეთ კალიფორნიის აკადემიაში,SoCal Academy-ში აგრძელებს, სადაც მისი მთავარი მიზანი კიდევ უფრო განვითარება და მთავარი სურვილების ასრულებაა.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელი La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში განვლილი გზის, ეროვნულ ნაკრებში განცდილი ემოციებისა და ამერიკული მიზნების შესახებ საუბრობს:
- გილოცავთ SoCal Academy-ში გადასვლას და წარმატებულ ასპარეზობას გისურვებთ, ევროპიდან - ამერიკაში, როგორ დაგხვდნენ გუნდში და როგორ მიმდინარეობს ადაპტაციის პერიოდი?
- დიდი მადლობა, გუნდში ძალიან კარგად დამხვდნენ, თავიდანვე ვიგრძენი მხარდაჭერა როგორც მწვრთნელებისგან, ისე თანაგუნდელებისგან. რაც შეეხება ადაპტაციას, ნელ-ნელა ყველაფერს ვეჩვევი, ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა და მაქსიმალურად მინდა, რომ ამ შესაძლებლობიდან ბევრი რამ ვისწავლო.
- აშშ-ში გადასვლა შენ მიზნებთან დაახლოებას უკავშირდება?
- დიახ, რა თქმა უნდა. ამერიკაში თამაში ჩემთვის ახალი გამოცდილებაა და ვფიქრობ, აქ მიღებული გამოცდილება მომავალში ძალიან დამეხმარება. - მათე ხატიაშვილის ბავშვობის ოცნება NBA-ი იყო და აშშ-ში გადასვლა გაახლოებს ამ მიზანთან?
- NBA ნამდვილად ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა ბავშვობიდან. რა თქმა უნდა, ახლა ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, წინ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. მაგრამ ამერიკაში ყოფნა და ამ გარემოში ვარჯიში ნამდვილად მაძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოს ვიყო ჩემს მიზნებთან. მთავარია ვიშრომო და თითოეული ნაბიჯი ნაყოფიერად გამოვიყენო.
- "ბასკონიაში" გატარებულმა პერიოდმა რა გამოცდილება მოგცა და რამდენად აისახება ესპანური კალათბურთის კვალი შენს შემდგომ კარიერაში?

- ბასკონიაში გატარებულმა პერიოდმა ძალიან ბევრი რამ შემძინა, როგორც კალათბურთის, ისე პიროვნული თვალსაზრისით. ესპანეთში ყოფნისას ადრეული ასაკიდან შევეჩვიე უფრო პროფესიონალურ გარემოს, გავიზარდე როგორც მოთამაშე და უკეთ გავიგე, რა მოთხოვნებია მაღალ დონეზე. ვფიქრობ, ეს გამოცდილება აუცილებლად აისახება ჩემს მომავალ კარიერაზე.
- „ბასკონიში“ ძირითად გუნდშიც მოგიწია თამაში, ACB ლიგაში ასპარეზობამ რა გამოცდილება მოგცა?
- ACB ლიგაში თამაში ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ბასკონიაში ჩამოსვლისთანავე ჩემი მიზანი პირველ გუნდთან ერთად თამაში იყო და მიხარია, რომ წამოსვლამდე ჩემი სურვილი ავისრულე, ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული დიდებთან ვარჯიშს, თუმცა ასეთ კალათბურთელებთან თამაშმა დიდი მოტივაცია მომცა და დამანახა, კიდევ რამდენი მაქვს სამუშაო და რა მიმართულებებით უნდა გავიზარდო.
- რამდენად პასუხობდა შენი ქართული გამოცდილება ესპანურ მოთხოვნებს?
- საქართველოში მიღებული გამოცდილებისგან, რა თქმა უნდა განსხვავებული მოთხოვნები იყო ესპანეთში, თუმცა გააზრებული მქონდა სად მივდიოდი და მზად ვიყავი ამისთვის. რუსთავის აკადემია და ზაზა ფაჩულიას აკადემიაში მიღებული პრაქტიკა დამეხმარა, რომ ამ დონეზე გადასვლას მომზადებული შევხვედროდი.
- 17 წლისას უკვე საკმაოდ ბევრი გამოცდილება გაქვს, რას ფიქრობ, რამ გაგზარდა ყველაზე მეტად?
- ვფიქრობ ყველაზე მეტად სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დონის კალათბურთელებთან თამაშმა გამზარდა. ძალიან ადრე მომიწია პასუხისმგებლობის აღება და დამოუკიდებლობის სწავლა. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა, კალათბურთისადმი სიყვარულმა და მონდომებამ გამზარდა.
- საქართველოს ნაკრებში ასპარეზობაზე რას იტყვი, კარიერის საწყის ეტაპზე ფიქრობდი, რომ ამ ასაკში მოგიწევდა ნაკრებში თამაში?

- საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ საქართველოს ღირსებას ერთ დღეს მეც დავიცავდი, თუმცა კარიერის დასაწყისში არ მეგონა რომ ასე ადრე ავიხდენდი ამ სურვილს. 13 წლის ვიყავი პირველად ილია ზუროსმა რომ დამიბარა ვარჯიშზე, მახსოვს ძალიან დიდი გავლენა იქონია ამან ჩემზე და ჩემს წინსვლაზე. რაც შეეხება თამაშის შანსს, რომელიც ადრეულ ასაკში მომეცა ძალიან ვაფასებ და მადლობელი ვარ ყველასი ვინც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარა. ძალიან ბედნიერი ვარ ამ შესაძლებლობით და მინდა, რომ თითოეულ თამაშში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და საქართველოს წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
- საქართველოს ნაკრებთან ერთად რა არის შენი მთავარი მიზანი?
- ჩემი მთავარი მიზანია, ნაკრებს მაქსიმალურად დავეხმარო და საქართველოსთვის წარმატების მოტანაში ჩემი წვლილი შევიტანო.
- ქართველი კალათბურთელებიდან ვის გამოარჩევ, ვინ იყო შენი ბავშვობის კერპი?
- ქართველი კალათბურთელებიდან გიორგი ცინცაძეს გამოვარჩევდი. მისი თამაშების ყურება ყოველთვის ძალიან მიყვარდა, რადგან მეც გამთამაშებელი ვარ და განსაკუთრებით მომწონს მისი მოედნის ხედვა და თამაშის მართვა.
- საერთაშორისო დონეზე რომელ კალათბურთელს გამოყოფ და ვის სტილს გაიზიარებდი?
- ბავშობიდან განსაკუთრებით მომწონდა სტეფენ კარი, თუმცა ჩემი თამაშის სტილს ჯეისონ უილიამს ვამსგავსებ.
- ამ დრომდე ჩატარებულ რომელ თამაშებს გამოყოფ და რას მიიჩნევ ყველაზე დიდ გამარჯვებად?
- ყველა თამაში თავის გამოცდილებას მაძლევს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ 16 წლამდელთან ნაკრების A დივიზიონში გადაყვანის მატჩს, რომელშიც დაძაბული შეხვედრის შემდეგ რუმინეთის დამარცხება შევძელით.
- ადრეულ ასაკში მოგიწია ჯერ ესპანეთში, ახლა უკვე აშშ-ში გადასვლა, რამდენად რთულია ამ პროცესის გავლა?

- ადვილი ნამდვილად არ არის. ოჯახისგან შორს ყოფნა, ახალი გარემო და ახალი კულტურა რთულია, განსაკუთრებით ასეთ ასაკში. მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი მიზნების ნაწილია და ვიცი, რატომ ვაკეთებ.
- კალათბურთის გარდა რომელ სპორტს გამოყოფ, რაც მოგწონს ან თავისუფალ დროს თამაშობ კიდეც და რომელ ქართველს ამ სახეობაში?
- კალათბურთის გარდა ფეხბურთიც ძალიან მიყვარს და თავისუფალ დროს სიამოვნებით ვთამაშობ ან ვუყურებ. ქართველი ფეხბურთელებიდან კი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევდი. ვფიქრობ, მისი წარმატება ქართველი სპორტსმენებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.
- რას ეტყვი ქართველ გულშემატკივარს?
- პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის. მინდა, რომ ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო და ჩემი თამაშით მათ ბევრი საამაყო და სასიხარულო მომენტი ვაჩუქო. საქართველოს სახელით თამაში ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა და ვეცდები, ეს ნდობა მომავალშიც გავამართლო.

















