NBA-ის ახალი სეზონის დაწყების წინ, კალათბურთელებმა მედიასთან საინტერესო კომენტარები გააკეთეს.
მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ორლანდო მეჯიქის ცენტრი გოგა ბითაძეც ესაუბრა.
"ეროვნულ ნაკრებთან ერთად დატვირთული ზაფხული მქონდა. მიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში 4 მატჩიდან 3 მოვიგეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კალათბურთის გარდა, ცოტა დრო ოჯახისთვისაც მქონდა, განვიტვირთე და ახალ სეზონს მოუთმენლად ველი.
ახალ მწვრთნელთან, შონ სვინისთან მუშაობით კმაყოფილი ვარ. ჩვენ, მოთამაშეებმა, ყველამ კარგად ვიცით, რას და როგორ ვაკეთებთ, არავინ კარგავს დროს. ის თითოეული ჩვენგანისგან მაქსიმუმს ითხოვს და თუ მითითებას სწორად ვერ შეასრულებ, ამას პირადად მისგან გაიგებ. სწორედ ესაა, რაც კალათბურთელს ყველაზე მეტად სურს. მისი აქ ყოფნით მოხარული ვარ და ვფიქრობ, რაღაც მხრივ, უკვე გავუმჯობესდი.
ისევე, როგორც მთელი კარიერის განმავლობაში, ვეცდები, გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო. დავიწყებ სასტარტოში თუ სკამზე ვიქნები, ნებისმიერ როლს გამოწვევად ვიღებ. ამას მთელი გუნდი აფასებს, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ვცდილობ, ქალაქსა და გუნდს ის დავუბრუნო, რაც მათ აქამდე მომცეს.
წინა სეზონის პლეი-ოფში კონფერენციის ლიდერთან 3:1-დან სერიის წაგება ძალიან რთული მისაღები იყო, თუმცა როგორც გუნდმა, კარგი გაკვეთილი მივიღეთ, რასაც ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენებთ. ამ სეზონში უკეთესები ვიქნებით და მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ სერიების დახურვა შეგვიძლია. ვფიქრობ, 7-თამაშიან სერიაში არ არის ისეთი გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეგვიძლია. ჩვენ ეს რაღაც დოზით უკვე ვაჩვენეთ და ვიცით, რა შეგვიძლია.

ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ და ბევრ რამეს ვსწავლობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთს საჭიროებისამებრ პასუხისმგებლობებზე მივუთითოთ. აქ პირადული არაფერია, ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ და ეს ხშირადაც გვიქნია. ვფიქრობ, ამდენი წლის მანძილზე გუნდმა ჩვენი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოვავლინეთ, ახლა კი სწორედ ის დროა, რომ ჩვენი შესაძლებლობების 100% ვაჩვენოთ. ამისთვის უკვე საპლეიოფო გამოცდილებაც გვიმაგრებს ზურგს. თანაგუნდელებთან ძალიან კარგი ქიმია გვაქვს, გვიყვარს ერთმანეთთან თამაში და ამაზე სამუშაო აღარ გვჭირდება.
ბოლო სეზონებში ჩვენი თამაშის იდენტობა ყოველთვის დაცვა იყო. რატომაც არ უნდა ვიყოთ საუკეთესო დაცვითი გუნდი ლიგაში? შეიძლება, დღის ბოლოს ამ მხრივ საუკეთესო ციფრები არ გვქონდეს, მაგრამ ყოველთვის ასე უნდა ვიფიქროთ. ვფიქრობ, გუნდის ყველა მოთამაშე ძალიან კარგი დამცველია. ამ სეზონში ჩვენს წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო მეტად რთული უნდა იყოს.
ჩემს ოჯახს სპორტი ძალიან უყვარს, მამაჩემიც კალათბურთელი იყო. ბავშვობაში მაღალი ვიყავი და სხვა არჩევანი არ მქონდა, თან კარგად გამომდიოდა. ზაფხულის სანაკრებო მატჩები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან საკუთარი თავის კონტროლიც კი გიჭირს. ეს მხოლოდ კალათბურთს არ ეხება, ჩვენ მთელ ქვეყანას წარმოვადგენთ და მის სახელს ვატარებთ. საქართველოსთვის მსოფლიო პირველობაზე მოხვედრა არსებითია და ახლა ამისთვის კარგ პოზიციაში ვართ.“


















