ერთ-ერთი გამორჩეული დებიუტანტი საქართველოს ნაკრებში - გიზი მამაგეიშვილმა ფართო აუდიტორიას თავი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მაღალი დონის თამაშებითა და შტურმში გატანილი გოლებით უკვე გააცნო.
მამაგეიშვილი შტურმს გასული წლის დეკემბერში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც იბერიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონი კაპიტნის რანგში გახდა. ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, მან შემოთავაზება ავსტრიული გრანდისგან მიიღო და იმედებიც გაამართლა.
ბოლო პერიოდში, მამაგეიშვილი განსაკუთრებით კარგ ფორმაშია და შტურმის ძირითადის ფეხბურთელი გახდა, ჯერ თასზე გაიტანა, შემდეგ კი თავი ჩემპიონატის ლიდერ ლასკთან გამოიჩინა.
"გასულ წელს ლასკმა ჩემპიონობა წაგვართვა და წელს მათთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. სანამ გოლს გავიტანდი, ერთი ბურთი გამიუქმეს და კიდევ რომ გავიტანე, ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. წელს გავძლიერდით. ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და ევროპა ლიგის ფაზიდან გასვლაა."
უკვე ისე ხდება, რომ მწვრთნელი გენდობა და სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ხვდები, რა შეიცვალა ამ მხრივ?
"ნდობა თავიდანვე მქონდა, უბრალოდ ტრავმა მივიღე და მოსამზადებელი პერიოდი გამოვტოვე, წელი მტკიოდა. დროთა განმავლობაში კი ეს ნდობა დავიბრუნე და გარკვეული პაუზის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება შევძელი"

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლეგიონერის სტატუსი მოირგე და ქვეყნის გარეთ თამაშობ. როგორ გაიარე ადაპტაცია?
"აქ იდეალური გარემოა. როცა ქალაქში გავდივარ, ხალხი ფოტოებს იღებს, გიმღერიან, რამდენიმე ჩემი მაისურითაც დავინახე, ეს ყველაფერი გახსენებს, რომ ხარ ფეხბურთელი და გაქვს პასუხისმგებლობა ამ გუნდის მიმართ. გუნდში ბევრი ლეგიონერია და არ არის ის შეგრძნება, რომ ცალკ-ცალკე ვიყოთ. ყველანი ერთად ვართ და ოჯახური გარემოა. ყველა ცდილობს, რომ შენზე მოერგოს, სხვა პატარა პრობლემებზე ფიქრი არ მოგიწიოს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო, რაც ძალიან დიდი კომფორტია."
"ავსტრიაში რომ ჩავედი, აეროპორტში გუნდის წარმომადგენელი დამხვდა და გზაში მეუბნება, კიტეიშვილზე ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ იცოდე, რომ ის გრაცის მეფე და ლეგენდააო"
მამაგეიშვილს შტურმში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი დახვდა, რომელიც უკვე ამ კლუბის ლეგენდა და შეუცვლელი წევრია. რამდენიმე თვის წინ, კიტემ ინტერვიუში გვითხრა, რომ გიზი კარგი ფეხბურთელი, კარგი პიროვნებაა და აქ ყველას უყვარსო. მამაგეიშვილი და კიტეიშვილი ერთად მოედანზე რამდენჯერმე უკვე ვნახეთ.
"ავსტრიაში რომ ჩავედი, აეროპორტში გუნდის წარმომადგენელი დამხვდა და გზაში მეუბნება, კიტეიშვილზე ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ იცოდე, რომ ის გრაცის მეფე და ლეგენდააო. ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რამხელა პატივს სცემდნენ მას. კიტე დამეხმარა, რომ აქ ჩემი საქმე პოზიტიურად დამეწყო. კიტეს გავლენა იმდენად დიდია, რომ აქაურები იმაზე მეტად მიდგანან გვერდში, ვიდრე საჭიროა. შტურმში ძალიან განვვითარდი და ეს ოთოს დამსახურებაა, რადგან მისგან ბევრი რამ ვისწავლე"

წელს მამაგეიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით 4 მატჩი ჩაატარა, აქედან სამში 90 წუთი ითამაშა, თან უჩვეულო მარჯვენა მცველის პოზიციაზე და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
"ნაკრებში გამოძახება ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას დაემთხვა, რადგან შტურშმი ახალი წასული ვიყავი. შესაბამისად, ჩემთვის ეს ემოციური ერთობლიობა იყო და ძალიან გახარებული ვიყავი, სამი თამაში შეუცვლელად ვითამაშე და იმდენად სიურპრიზი იყო, რომ საერთოდ არ მიფიქრია, რა პოზიციაზე ვითამაშებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მოედანზე სიამოვნება მიმეღო და ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავი"
...თან ისეთი ფორმაციის ნაკრებში გამოგიძახეს, სადაც უკვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თამაშობენ.
"ზოგჯერ არის მომენტი, როცა ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა დაძაბულს გხდის, გკეტავს და მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ, თუმცა მეორეს მხრივ, იმდენად მარტივად მოაქვთ შენამდე, რომ ისინი უბრალოები არიან და განსაკუთრებულები მხოლოდ ფეხბურთის თამაშის დროს არიან, შენც უბრალოებს გრძნობ და მათი ნაწილი ხდები. მათი ადამიანობა მოედანზე ჩვენს ერთიანობას განაპირობებს. კვარასნაირ, კიტესნაირ, მიქაუტასნაირ და მამარდასნაირ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა დიდი ბედნიერება და სიამოვნებაა"
გიზიც მიიჩნევს, რომ 2026 წელს ოქროს ბურთს კვარაცხელია იმსახურებს და ამის მიზეზებზეც გვესაუბრება:
"ობიექტურად ვამბობ - ერთადერთი ადამიანი, ვინც ოქროს ბურთს იმსახურებს ხვიჩა კვარაცხელიაა. ყველა სხვა მოთამაშეს შეიძლება მოუძებნო მიზეზი, რატომაც არ დაიმსახურა ოქროს ბურთი, კვარას მიზეზს ვერ მოუძებნით, რადგან საოცარი სეზონი ჰქონდა. არა იმიტომ, რომ ქართველია - ის არის ერთადერთი, ვინც ოქროს ბურთს იმსახურებს და იმედია, მოიგებს კიდეც."

"კიდევ ვერ ვაანალიზებთ, რამხელა ფეხბურთელი ჰყავს საქართველოს. მაგალითი ავიღოთ, კვერნამ იტალიაში ორი გოლი გაიტანა, ეს იმხელა მოვლენა იქნებოდა, რომ მთელი საქართველო ამაზე ისაუბრებდა - ქართველის გოლი სერია A-ში, თუმცა დღეს ქართველების ასეთი შედეგიანობა აღარ გვიკვირს და უკვე იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქართველმა ოქროს ბურთი უნდა მოიგოს, როცა რამდენიმე წლის წინ იტალიაში გოლის გატანა საოცრებად გვეჩვენებოდა. კარგ გუნდებში და ტოპ ლიგებში უკვე ბევრი ქართველია თან ისე, რომ შედეგიანად თამაშობენ და გამორჩეულები არიან"
"არც ჩემპიონთა ლიგა მაინტერესებს, არც სხვა რამ. ჩემი ერთადერთი ოცნება იყო, რომ ჩემს ძმასთან ერთად საქართველოს ნაკრებში ვყოფილიყავი"
ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადში ერთი დებიტანტია - ვოლსფერგერის ნახევარმცველი ოთო მამაგეიშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს, ოთო გიზის ტყუპისცალია და ბავშვობიდან ერთად თამაშობენ როგორც იბერიაში, ისე ახალგაზრდულ ნაკრებებში. გიზის და ოთოს კარიერულმა განვითარებამ მათი გზები გაჰყო, თუმცა დღეს კვლავ ერთად არიან, თან ისეთ ადგილას, რომელიც ნებიერმიერი ფეხბურთელის კარიერის მწვერვალია - ეროვნულ ნაკრებში.
"საკუთარ წარმატებაზე მეტად ჩემი ძმის წარმატება მიხარია. პორტუგალიაში მას უსამართლოდ ექცეოდნენ და ცუდი პერიოდი ჰქონდა, დღეს კი ჩემთან ახლოსაა, ავსტრიაში თამაშობს და ახლა ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს. არც ჩემპიონთა ლიგა მაინტერესებს, არც სხვა რამ - ერთადერთი ოცნება და მიზანი იყო, რომ ჩემს ძმასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ვყოფილიყავი და ეს ოცნება ახდა. იმედია, ნაკრების მაისურით ერთად მოედანზეც ვითამაშებთ"

გუნდი, სადაც გაიზარდე და ფეხბურთელად ჩამოყალიბდი, წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. როგორი იყო შენი რეაქცია, როცა იბერიამ ისტორია დაწერა?
"ემოციებთან და ბედნიერებასთან ერთად, გულისწყვეტაც იყო, რადგან მინდოდა, რომ ამ ისტორიულ მომენტში იბერიას ნაწილი მეც ვყოფილიყავი. შტურმი რომ არ ყოფილიყო და შემოთავაზება სხვა შედარებით სუსტი გუნდისგან მქონოდა, არ წავიდოდი, რადგან ჩემი ოცნება, დავალება და მიზანი იბერიასთან ერთად ევროტურნირებზე გასვლა იყო. ბრატისლავაში მათ თამაშს დავესწარი და ვგულშემატკივრობდი, წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს გუნდს კონფერენს ლიგაზე. ხალხს, რომელსაც საქართველოში ფეხბურთი უყვარს, ასეთ დიდ თამაშებზე დასწრების საშუალება ექნება და ეს დიდი ბედნიერებაა"
როგორ შეაფასებდი საქართველოს ნაკრების შანსებს მოახლოებულ ერთა ლიგაზე?
"სამივე თავისებურად ძლიერი ნაკრებია. ჩვენ მთავარი აქცენტი საშინაო მატჩებზე უნდა გავაკეთოთ. ორი საშინაო თამაშით ვიწყებთ და ეს მატჩები ბევრ რამეს გადაწყვეტს. პირველი თამაში უმაყურებლოდ არის, თუმცა მეორე შეხვედრაში სავსე სტადიონი იქნება და ეს ჩვენთვის დიდი მუხტია, რადგან გულშემატკივრის გავლენა ჩვენს თამაშზე ძალიან დიდია. სასიხარულოა, რომ ყველა ფეხბურთელი სანაკრებო მატჩებს კარგ ფორმაში ხვდება."

















