აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming, Sport და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2026 წარმატებით დასრულდა. მიმდინარე წლის სამიტს ფეხბურთის ლეგენდა, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული თავდამსხმელი, ფერნანდო მორიენტესიც დაესწრო.
სამიტის მიმდინარეობისას, ესპანელმა ლეგენდამ რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
ესპანეთის ნაკრების შესახებ
ესპანეთის ნაკრების წარმატების მთავარი მიზეზი გუნდური თამაშია. თითქმის ყველა დიდ ნაკრებს ჰყავს ერთი გამორჩეული ლიდერი - საფრანგეთს კილიან მბაპე, ნორვეგიას ერლინგ ჰოლანდი, ინგლისს ჰარი კეინი, არგენტინას ლიონელ მესი, რომელთა ირგვლივაც არის აგებული თამაშის სცენარი. ამ ეტაპზე ესპანეთს ასეთი გამოკვეთილი ფიგურა არ ჰყავს და ამიტომ გუნდი წარმატებას დაბალანსებული შემადგენლობით აღწევს. ეს არის ძალიან შეკრული და ორგანიზებული გუნდი, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ტურნირის მიმდინარეობისას თამაშის ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს.
ლამინ იამალზე
ესპანურ ფეხბურთში არაერთი დიდი ტალანტი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გამოჩენილა, მაგალითად მე ძალიან გამიმართლა, რომ რაულთან ერთად ვითამაშე, რომელიც მადრიდის რეალში 17 წლის ასაკში გამოჩნდა, ლამინ იამალმაც კარიერა 16-17 წლის ასაკში დაიწყო. ასეთი ფეხბურთელები თავიდანვე განსაკუთრებულ მოლოდინს ქმნიან. მათ გულშემატკივრები ელიან, რომ ისინი მომავალში დიდი ვარსკვლავები და ლიდერები გახდებიან.
თუ ჩემს ეპოქას შევადარებთ, ლამინ იამალს ყველაზე მეტად რაულს შევადარებდი. ისიც თავისი გამოჩენისთანავე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფეხბურთო ტალანტად მიიჩნეოდა.
შედარება ძველ და ახალ ესპანეთის ნაკრებებს შორის
ვფიქრობ, ამ ორ გუნდს ბევრი საერთო აქვს, რადგან ესპანური ფეხბურთის ფილოსოფია ყოველთვის ერთი იყო. ბურთის კონტროლი და მატჩის მიმდინარეობისას ინიციატივისა და უპირატესობის ფლობა. მართალია ფეხბურთი დროთა განმავლობაში განვითარდა და შეიცვალა, მაგრამ ესპანეთი დღესაც ცდილობს ბურთი აკონტროლოს და თამაშის მთავარი მოქმედი ძალა იყოს. სწორედ ამას ვხედავთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ერთი გამოკვეთილი სუპერვარსკვლავი არ ჰყავს, ის ძალიან შეკრული, ორგანიზებული და ძლიერი ნაკრებია, რომელიც ყველაფერს მაღალ დონეზე ასრულებს.
რეალი - ბარსელონას დაპირისპირებებზე
ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მეხსიერებაშიც ყოველთვუს გამორჩეულ ადგილას იქნება. ბარსელონასთან ჩატარებულ თითოეულ დაპირისპირებას სულ სხვა ფასი აქვს. ჩემთვის რეალში გატარებული წლები ალბათ კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო. გუნდში 21 წლის მივედი და 28-29 წლის ასაკში დავტოვე. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელის პროფესიული და ემოციური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სხვა კლუბებშიც არაერთი შესანიშნავი გამოცდილება მივიღე და მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს, თუმცა როგორც პირადი, ისე პროფესიული კუთხით, ყველაზე დიდ გუნდურ წარმატებებს სწორედ რეალში მივაღწიე. ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი და სხვა მრავალი ტიტული.

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე
ეს იყო პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგება ამსტერდამში, ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ, იმ დროისთვის რეალ მადრიდს ჩემპიონთა ლიგა დიდიხნის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული, დაახლოებით 32 წელი იყო გასული. გამიმართლა, რომ სწორედ იმ წელს შევუერთდი გუნდს, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა - ეს იყო უდიდესი ემოცია. საბოლოოდ ფეხბურთელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრივილეგია ის არის, რომ შეუძლია უამრავი ადამიანი გააბედნიეროს. იმ დღეს გულშემატკივრების სახეებზე დავინახე ეს ბედნიერება, ყველა იმ ადამიანის ემოცია ვინც ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და გამარჯვება ჩვენთან ერთად აღნიშნა. ვფიქრობ, ეს ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი მომენტი იყო.
რეალიდან წასვლაზე
ეს ალბათ ემოციურად ყველაზე რთული პერიოდი იყო, როცა ქალაქს, გუნდს და თანაგუნდელებს ეჩვევი, მათთან ძლიერი კავშირი გაქვს და შემდეგ წასვლა გიწევს. ეს ბუნებრივად ძალიან სევდიანი და მძიმე მომენტია. რა თქმა უნდა გინდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩე იქ სადაც თავს საუკეთესოდ გრძნობ და ფიქრობ, რომ სულ ასე გაგრძელდება, მაგრამ ზუსტად ასეთი გამოცდილებები გასწავლის რამდენად რთულია უმაღლეს დონეზე თამაში. რეალი ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს და იქ ყოფნა უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. საბედნიეროდ რეალ მადრიდის შემდეგაც ძალიან კარგი წლები მქონდა. როგორც პროფესიონალმა იმ პერიოდიდაც დიდი სიამოვნება მივიღე და დღეს ბედნიერი ვარ, რომ კარიერის განმავლობაში სხვა გუნდებთანაც შევძელი ასეთი მნიშვნელოვანი მომენტებისა და წლების გატარება.
რეალის კარში გატანილი ორი გოლი მონაკოს მაისურით
ეს გოლები ჩემი კარიერის განსაკუთრებულ პერიოდში გავიტანე, რადგან იმ დროს მონაკოში იჯარით ვთამაშობდი და სწორედ ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მომიწია მოედანზე გამოსვლა. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო რადგან ჩემპიონთა ლიგაზე, რეალ მადრიდის გამოთიშვა ძალიან, ძალიან რთულია. ჩვენ ეს შევძელით და საბედნიეროდ წარმატებაში ჩემი ორი გოლიც მნიშვნელოვანი აღოჩნდა. ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან ძველი მეგობრების წინააღმდეგ ვითამაშე, მათთან ბევრი რაღაც მაკავშირდებდა. განსაკუთრებული განცდა იყო, თუმცა ყველაფერს პროფესიონალურად მივუდექი.
საუკეთესო პარტნიორი მოედანზე
კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ ფეხბურთელთან მითამაშია. ყველაზე ხშირად ალბათ რაულზე საუბრობენ, რადგან რეალში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი დუეტი ვიყავით. შესანიშნავად ვუგებდით ერთმანეთს, ბევრი გოლი გაგვქონდა და უამრავი ტიტული მოვიგეთ. დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი ოჯახებიც მეგობრობენ.
SBC Summit-ზე
ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან საინტერესოა როგორც ფეხბურთის, ისე ბიზნესის კუთხითაც. ადამიანებისთვის ეს არის საშუალება სპორტი შიგნიდან დაინახონ და უკეთ გაიაზრონ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ ფეხბურთელებმა კარიერის განმავლობაში მივიღეთ. ეს გამოცდილება მხოლოდ სპორტისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის შეიძლება სხვა სფეროებშიც სასარგებლო აღმოჩნდეს. მიხარია, რომ ამ ღონისძიებას დიდი ინტერესი აქვს და წარმატებით მიმდინარეობს. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ ადამიანებთან შეხვედრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ფეხბურთზე ვისაუბრეთ, გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და იმედი მაქვს დამსწრეებმა ამ შეხვედრით ისიამოვნეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები მუდმივად ტარდებოდეს, გამოცდილებასთან ერთად, მსგავსი კონგრესებიც უფრო ვითარდება. უფრო მაღალის დონის ხდება და შესაბამისად ყოველჯერზე უფრო მეტ ადამიანს უჩნდება მონაწილეობის სურვილი.
რჩევა მომავალ თაობას
ფეხბურთის თამაში 8-9 წლის ასაკში დავიწყე და სწორედ ამ ასაკში ყველაზე მთავარი სიამოვნების მიღებაა. თუ ფეხბურთი გიყვარს, პირველ რიგში უნდა გაერთო, ისიამოვნო, შეიძინო მეგობრები და გაითავისო ის ფასეულობები, რასაც სპორტი გაძლევს. ფეხბურთი გასწავლის გუნდურობას, შრომას, ერთმანეთის მხარდაჭერას - დარმწუნებული ვარ, 8-10 წლის ასაკში მიღებული ეს ღირებულებები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოგადგება. ამ გზაზე უამრავ ბედნიერი მომენტს იძენ, იცნობ ახალ მეგობრებს და სწავლობ იმ ფასეულობებს, რომლებიც შემდეგ ცხოვრების ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გამოიყენო. ყოველდღური შრომა, მონდომება, ერთგულება, თავდადება, ყოველთვის ერთად უნდა მოდიოდეს. როდესაც ისეთ საქმეს აკეთებ, რომელიც ბავშვობიდან გიყვარს, ვალდებული ხარ მას პატივი სცე და ეს ღირებულებები მომავალ თაობასაც გადასცე, რათა მათ იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანია წარმატება, არამედ ის გზაც რომელიც წარმატებამდე მიგიყვანს.

















