ოქტომბერში, სენეგალის დედაქალაქ დაკარში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ჩემპიონობა მოკრივე ემილ ისმაილოვმა ( 55 კგ.) იზეიმა.
მოპოვებული გამარჯვების, განცდილი სიხარულისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ემილ ისმაილოვმა La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ისაუბრა:
-ემილ, გილოცავ დიდ გამარჯვებას,რას ნიშნავს შენთვის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გამიხარდა ჩემპიონობა. ოქროს მედლით დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში. ახალგაზრდულ ოლიმპიადამდე ბევრი ვიშრომეთ, ნაკრებთან ერთად შეკრება გავიარე. შეჯიბრებას კარგ ფორმაში შევხვდი და კარგ შედეგს მივაღწიე.
- ფინალში ავსტრალიელ მარლი დოდს 5:0 მოუგე. რამდენად რთული აღმოჩნდა გადამწყვეტი შეხვედრა და ელოდი თუ არა ასეთ შედეგს?

ფინალი რთული იყო, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვიყავი, ვიცოდი, ამ ბრძოლას მე მოვიგებდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად წავიდა, ჩემპიონობა ვიზეიმე.
- ტურნირი დომინიკელ მოკრივესთან გამარჯვებით დაიწყე, შემდეგ ლიბანელ მეტოქესაც სძლიე. რომელი შეხვედრა აღმოჩნდა ყველაზე რთული?
- ჩემთვის პირველი ბრძოლა უფრო რთული იყო, რადგან არ ვიცოდით და ნანახი არ გვქონდა, ვინ იყო დომინიკელი მეტოქე. ლიბანელს კარგად მოვუგე, ნახევარფინალში კანადელი მეტოქე არ გამოცხადდა ხელის ტრავმის გამო, რაც ჩვენთვის კარგი იყო. ორი დღე გამომივიდა შუალედი და ძალების აღდგენა კარგად მოვახერხე. ფინალში კარგად მომზადებული გავედი და ჩემპიონი გავხდი.
- როდის იგრძენი, რომ ოქროს მედლის მოპოვება რეალური იყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგეძლო?
- პირველივე ბრძოლის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი შემეძლო და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გავაგრძელე.
- რას გრძნობდი გამარჯვების შემდეგ, როდესაც გაიაზრე, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდი და საქართველოს ჰიმნი აჟღერდა?
ამ გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები არ მაქვს, ძალიან გახარებული ვიყავი, ძალიან დიდი სიამოვნება იყო, რომ ვფიქრობდი, რომ ოქროს მედლით დავბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხთან. ჩვენმა მწვრთნელებთან ერთობლივი მუშაობით შევძელი ოქროს მედლის მოპოვება და გულშემატკივრების იმედი გავამართლეთ.
ჩემი სამშობლო საქართველო ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა და განსაკუთრებით მახარებს, რომ ჩემი ქვეყნისთვის გამარჯვება მომაქვს.

- ვინ არის შენთვის მისაბაძი სპორტსმენი, ვინც მოტივაციას გაძლევს?
უკრაინელი მოკრივე ვასილ ლომაჩენკო. ის ოლიმპიური ჩემპიონიც არის, პროფესიონალურ კრივში წარმატებულია, მომწონს მისი სტილი.
ჩვენი ოლიმპიური პრიზიორის, ლაშა გურულის წარმატებამ მეტი მოტივაცია მომცა, რადგან ჩვენ ერთ ქვეყანას წარმოვადგენთ. მისმა გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია.
- კრივით როდის დაინტერესდი?
- მე-4 კლასში ვიყავი, როცა კრივზე შევედი. სამი წელია, ასაკობრივ ნაკრებში ვარ, საქართველოს ჩემპიონი გავხდი, საერთაშორისო ტურნირებზე ვმონაწილეობ და ასაკობრივ ტურნირებზე მედლებიც მაქვს.
- რა არის შენი შემდეგი მიზანი?
ჩემი მთავარი მიზანია ოლიმპიური ჩემპიონობა. ჯერ ასაკით პატარა ვარ, თუმცა იმედი მაქვს, 2028 წლის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ვიბრძოლებ. ასაკიდან გამომდინარე, ორ სალიცენზიო ტურნირს მოვასწრებ ოლიმპიადამდე.















