ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში პარი სენ-ჟერმენი რომას მიიღებს. ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება მასპინძლების მთავარი მწვრთნელისთვის, ლუის ენრიკესთვის, რომელიც ბარსელონას სარეზერვო გუნდიდან წასვლის მერე, 2011-2012 წლებში პირველ ნაბიჯებს სადამრიგებლო საქმიანობაში სწორედ "ჯალოროსიში" დგამდა.
ახლა რთული დასაჯერებელია, თუმცა ესპანელი მწვრთნელის კარიერა "მგლებში" იყო სრული იმედგაცრუება - 42 მატჩი, 17 გამარჯვება, 16 მარცხი და 9 ფრე. დღეს, პსჟ-ს დამრიგებელი არის სპეციალისტი, რომელმაც თავის ამჟამინდელ გუნდის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მიყოლებით 2-ჯერ მოაგებინა.
ამის გარდა, 56 წლის მწვრთნელი დაეუფლა ტრებლს, როგორც კატალონიურ გუნდში, ისე "ლურჯ-წითლებშიც". და მაინც, რამ განაპირობა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის ასეთი კრახი სტადიო ოლიმპიკოზე? ენრიკეს წარუმატებლობას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
ესპანელი მწვრთნელის მთავარი იდეა იყო თავის იმდროინდელ გუნდში ბურთის ფლობაზე დაფუძნებული, მოკლე გადაცემებით შემტევი ფეხბურთის გადმოტანა, ანუ, ტიკი ტაკა. რომა ცდილობდა თამაშის აბსოლუტურად ყველა კომპონენტის გაკონტროლებას, მაგრამ კალჩოს დაცვითმა გუნდებმა ლუჩოს ჩანაფიქრს სერიოზული პრობლემები შეუქნეს.
ცხადია, ეს ყველაფერი ვერ ჩაივლიდა ფრანჩესკო ტოტისთან კონფლიქტის გარეშე, ვინც "ჯალოროსიში" ხელშეუხებელი ფიგურა იყო. იმდროინდელმა დამრიგებელმა იტალიელი ფორვარდი რამდენჯერმე სათადარიგო სკამზე დასვა ან ადრე შეცვალა, რამაც "მგლების" ქომაგთა და მედიის უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მათ საერთო ენა გამონახეს და ენრიკეს გუნდის კაპიტანმა თავის მწვრთნელს მხარდაჭერაც კი გამოუცხადა, საწყისმა დაძაბულობამ გუნდის გარშემო ატმოსფერო ძალიან დაამძიმა. ესპანელი სპეციალისტი არ აღმოჩნდა მზად კალჩოსთვის, არც ოლიმპიკოს მკვიდრები ტიკი ტაკასთვის.
შედეგად, რომა პლეი-ოფის ეტაპზევე გამოეთიშა ევროპა ლიგაზე ასპარეზობას, ბრატისლავის სლოვანთან (1:0, 1:1), რომელსაც იმ დროს ვლადიმირ ვაისი თავკაცობდა. კალჩოში "ჯალოროსიმ" მე-7 პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა და ევროთასების მიღმა დარჩა. რაც შეეხება იტალიის თასს, 0:3 ტურინის იუვენტუსთან, 1/4 ფინალში.
სეზონის დასრულებისთანავე, ლუისმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა. მან აღნიშნა, რომ ძალიან დაიღალა, ვერ შეძლო თავისი იდეების 100%-ით განხორციელება და "მგლებს" წარმატებები უსურვა. კალჩოში გატარებული პერიოდი პარკ დე პრენსის მკვიდრთა ამჟამინდელი დამრიგებლისთვის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი გამოდგა.
სწორედ ოლიმპიკოზე მიღებულმა ტაქტიკურმა გამოცდილებამ და რთულ გარემოში მუშაობამ ჩამოაყალიბა 56 წლის მწვრთნელი იმ დამრიგებლად, რომელმაც მოგვიანებით "ბლაუგრანასა" და პარი სენ-ჟერმენში ისტორია დაწერა. ასეთია ენრიკეს ისტორია: ვაისთან წაგებიდან - ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მოგებულ თასებამდე.











