სუპერლიგის ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. არაერთ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მაყურებლებმა კი განვლილ შვიდ ტურში საინტერესო დაპირისპირებები იხილეს.
წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი ბლექ ფორტრესში ხორციელდება, სადაც სეზონის დაწყებამდე ძირეული ცვლილებები განხორციელდა. არც ისე წარმატებული სტარტის შემდეგ კი გუნდმა მთავარი მწვრთნელიც შეცვალა.
ბლექ ფორტრესის მიმდინარე სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ La Gazzetta dello Sport Georgia გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს, ლევან გოგალაძეს, დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
- ბლექ ფორტრესმა სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეხვედრაში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყავით, შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხეთ. რა იყო ამის მთავარი მიზეზი და რამდენად რთული იყო გუნდისთვის ასეთი სტარტის გადატანა?
სეზონის სტარტი ისეთი არ გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა. უფრო ვიტყოდი, რომ რამდენიმე საკვანძო მომენტში არ გაგვიმართლა. გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა და ასეთ რთულ პერიოდშიც ვცდილობთ, პოზიტივი დავინახოთ. წინ ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია და მჯერა, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.
- გუნდში დუაით ჰოვარდის სახით კალათბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა გყავდათ. ორი მატჩის ჩატარება მოასწარით მის გვერდით. როგორია ასეთი დონის მოთამაშესთან ერთად თამაში? რა შეგიძლია გვითხრა მასზე, როგორც კალათბურთელზე და პიროვნებაზე? რამდენად დიდი გამოცდილებაა მისგან ყოველდღიურად რაღაც ახლის სწავლა?
დუაითთან ერთად თამაში თითოეული გუნდის წევრისთვის ნამდვილი სასწაული გამოცდილება იყო. ბევრ ნიუანსს აქცევ ყურადღებას, მაგალითად, როგორია მისი ყოველდღიურობა და როგორ ემზადება თამაშისთვის. ასევე, ბევრს ვეკითხებოდით NBA-ში განვლილ გზაზე. ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენი კლუბის წარმომადგენლებს.

- გუნდში ირაკლი ხოშტარიას მისვლის შემდეგ პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ცვლილება გუნდისთვის? რა სიახლეები შემოიტანა ახალმა მწვრთნელმა?
ირაკლი გამოცდილი მწვრთნელია. სავარჯიშო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე ავითვისოთ მისი ფილოსოფია. მარგვეთის დამარცხების შემდეგ ქუთაისთან მატჩისთვის ვემზადებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
- მიმდინარე სეზონში საქართველოს სუპერლიგა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. გუნდებს შორის კონკურენცია მაღალია და წინასწარ ფავორიტის გამოკვეთაც რთულია. როგორ შეაფასებდი წლევანდელ ჩემპიონატს?
დღევანდელი გადმოსახედიდან კავკასია მაინც ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ გრძელი სეზონია და ყველაფერი მოსალოდნელია. სუპერლიგა ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით, რაც განვლილ ტურებშიც დამტკიცდა.
- კარიერის განმავლობაში იტალიასა და აზერბაიჯანშიც გითამაშია. როგორ შეადარებდი ამ ქვეყნების საკალათბურთო ჩემპიონატებს საქართველოს სუპერლიგასთან? რა განსხვავებებია თამაშის დონეში, ტემპში, ორგანიზებასა და კალათბურთელების პროფესიონალიზმში?
იტალიური საკალათბურთო ლიგები ევროპაში ერთ-ერთი წამყვანია. ახალგაზრდულ ასაკში, როდესაც იქ ვასპარეზობდი, ცოტა რთული აღსაქმელი იყო, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ბევრად უფრო ნათელია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ისინი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ წინ. ოთხი კლუბი ევროტურნირებზე ასპარეზობს, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება ჩვენს ჩემპიონატს, ვფიქრობ, კარგი დონეა. უკეთესი მარკეტინგითა და სწორი ნაბიჯების გადადგმით ის ბევრად უფრო ყურებადი შეიძლება გახდეს.

















