რამდენიმე დღის წინ ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე (-90 კგ.) ლუკა ჯავახიშვილმა ჩემპიონობა იზეიმა. 90 კგ-ში ქართული ფინალი შედგა - ლუკა ოქროს, ნიკოლოზ დავლაძე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
20 წლის ლუკა ჯავახიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია, ასევე სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.
ევროპის U23 ჩემპიონატზე გამარჯვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ლუკა ჯავახიშვილმა La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- ლუკა, გილოცავ გამარჯვებას, რას იტყვი U23 ევროპის ჩემპიონატზე, რამდენად რთული აღმოჩნდა გამარჯვების მოპოვება?
- თითქმის 3 თვე ვემზადებოდი ამ შეჯიბრებისთვის და თითქმის გათავისებული მქონდა ჩემ თავთან, რომ ჩემპიონობა მინდოდა და სხვა მედალი არ განიხილებოდა, როცა საშეჯიბრო დღე გათენდა, ისეთი დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემპიონი გავხდებოდი, ლურჯი კიმონო არც კი წამიღია, ასეთი რწმენით გავედი ევროპის ჩემპიონატზე და გავიმარჯვე.
- ქართული ფინალი შედგა, რას ნიშნავს შენთვის ფინალში ქართველ მეტოქესთან დაპირისპირება?
- ქართული ფინალი ბევრს ნიშნავს, რადგან უკვე იცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული საქართველოა და იტალიაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ძალიან ამაყები ვიყავით ორივე, გავედით და რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ.

- რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონატზე შენ საქართველოს ჰიმნი ააჟღერე. რა განცდაა, როდესაც შენი გამარჯვების შემდეგ შენი სამშობლოს ჰიმნი ისმის?
- ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, როცა საქართველოს ჰიმნი ჩემი გამარჯვების შედეგად აჟღერდება და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. ჩემი ხალხისთვის და ჩემი ქვეყნისთვის ამ ყველაფრის გაკეთება რომ შემიძლია, ჩემთვის განსაკუთრებული სტიმულია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძალიან ბევრჯერ საქართველოს დროშა ყველაზე ზემოთ იყოს.
- ჯერ 20 წლის ხარ, თუმცა არაერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების გამარჯვებული და პრიზიორი, რომელს გამოყოფ?
- გამოვყოფ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს, რადგან მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ უფრო მაღალი კონკურენციაა და ახალგაზრდებში რომ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ამან მეტი თვითრწმენა შემმატა და მეტად განვვითარდი.
- თბილისში გამართულ გრანდ სლემზე მედალი მოიპოვე. რას ნიშნავს შენთვის სამშობლოში გამარჯვება?
- ბრინჯაოს მედალი ავიღე და ეს ჩემთვის განსაკუთრებული იყო, დარბაზში ბევრი ქართველი გულშემატკივარი იყო, ბავშვობაში, როცა ამ შეჯიბრზე საგულშემატკივროდ დავდიოდი, ვოცნებობდი, რომ მედალი მეც ამეღო და ეს შევძელი.

- ვინ არის ძიუდოისტი, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით გაძლევს მოტივაციას და ძალას?
- მოტივაციას ბავშვობიდან ჩემი სოფლელი ავთანდილ ჭრიკიშვილი მაძლევდა და მაძლევს, ბავშვობაში მის ასპარეზობას ხშირად ვუყურებდით.
- ძალიან პრესტიჟულ და საქართველოსთვის წარმატებულ წონით კატეგორიაში ასპარეზობ, ყველა დროის ქართველ ძიუდოისტებს შორის ვის გამოარჩევდი -90 კილოგრამში?
- 90 კგ. ძალიან კონკურენტული წონაა, შეუძლებელია არ გამოვარჩიო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
- რამდენად დიდ გავლენას ახდენს შენზე ისეთი გამოცდილი ქართველი ძიუდოისტების გვერდით ვარჯიში, როგორებიც ამჟამად საქართველოს ნაკრებში არიან, თუნდაც შენს წონაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, ასევე ნაკრების სხვა წევრები?
- ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა საქართველოს ნაკრების წევრები ჩემ წონაში, ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური და დამატებით მოტივაციას მაძლევენ. საქართველოს ყოველთვის ძლიერი ძიუდოისტები ყავდა და ასეა ახლაც.
- რა არის შენი მთავარი მიზანი?
-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.

















