სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, ბოლო პერიოდში დინამო ბათუმი ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს, ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მეორე პოზიციაზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.
ბრწყინვალე ფორმაშია ამ გუნდის შემტევი თორნიკე კირკიტაძე, რომელიც ერთ დროს ჩემპიონატის ყველაზე პერსპექტიულ და გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ მის კარიერაზე იმოქმედა.
ამ მძიმე პერიოდის შემდეგ, კირკიტაძე დაბრუნდა და წლევანდელ სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
სეზონის სტარტზე ბოლო ადგილზე იყავით, დღეს კი ისე ხდება, რომ ჩემპიონობისთვის იბრძვით, რისგან არის გამოწვეული გუნდის ეს პროგრესი?
"დიახ, პირველი 9 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე ვიყავით, თუმცა შემდეგ ჩვენს თავში ძალა ვიპოვნეთ, მოგებები დავიწყეთ და კარგი ფეხბურთელებიც დავიმატეთ, რამაც გუნდში კონკურენცია გაზარდა. მწვრთნელის დავალებებს კარგად ვასრულებთ. წელს ჩვენი მიზანი ეროვნული ლიგის და საქართველოს თასის მოგებაა."
იმ დინამო ბათუმის წევრიც იყავი, როცა გუნდს ძალიან რთული პერიოდი ედგა, დღეს კი ყველაფერი პირიქითაა...
"გასული წელი გუნდისთვის ძალიან რთული იყო. ტრავმიანობა, სახელფასო დავალიანებები და ა.შ. რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ერთად დგომით ყველას გვჯეროდა, რომ ამ ყველაფერს გადავლახავდით. მადლობა ღმერთს, ასეც მოხდა და დღეს ყველაფერი უკეთესობისკენაა შეცვლილი."

ბათუმი და ფეხბურთი...ლამაზი ქალაქი, კარგი სტადიონი, გულშემატკივრები - რამდენად მნიშვნელოვანია ამ ქალაქში ფეხბურთის განვითარება?
"ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს. ჩემი აზრით, დინამო ბათუმს საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და მადლობა მათ, რომ ნებისმიერ დროს გვერდში გვიგდგანან და მუხტს გვაძლევენ. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ბათუმში ფეხბურთი განვითარებული იყოს და ქალაქს წარმატებული კლუბი ჰყავდეს. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არაფერს დავიშურებთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ, რათა ისინი გავახაროთ. სავსე ბათუმის სტადიონზე თამაში ჩვენთვის ძალიან დიდი კომფორტია."
რამდენად დიდია ჭიაბრიშვილის როლი გუნდზე და შენს კარიერაზე?
"მისი როლი გუნდზე ძალიან დიდია, იცის ფეხბურთელებთან კომუნიკაცია, ბევრს შრომობს და მასთან თავს ყველა ფეხბურთელი კომფორტულად გრძნობს მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ჭიაბრივილთან ჩემს საუკეთესო ვერსიას ვავლენ. ჩემს შესაძლებლობებს სწორ მიმართულებას აძლევს. გვერდში ყველაზე რთულ პერიოდში დამიდგა და მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები."
რთული პერიოდი ახსენე და შენს კარიერაში მართლაც ხშირად იყო რთული პერიოდი, თუმცა დღეს ისეც კარგ ფორმაში ხარ...
"რამდენიმე ოპერაცია, გაუთავებელი ტრავმები, საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში ბევრი ადამიანი დამეხმარა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს, რომელიც ყველანაირად გვერდში მედგა. წელს უკვე თითქმის ყველა მატჩი ვითამაშე, კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვარ და იმედია, ასე გავაგრძელებ."

მიმდინარე სეზონში უკვე 11 საგოლე გადაცემა გაქვს გაკეთებული, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია.
"ალბათ, იმ იშვიათ ფეხბურთელებს მივეკუთვნები, რომლებსაც გოლზე მეტად საგოლე გადაცემის გაკეთება უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ყოველთვის იმაზე ვარ კონცეტრირებული, რომ გოლი ჩემს თანაგუნდელებს გავატანინო."

რუსთავში თამაშისას, შენი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც დღეს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. როგორ გაიხსენებდი მასთან ერთად გატარებულ პერიოდს?
"მაშინ ხვიჩა 17 წლის იყო და თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდი მომავალი ექნებოდა. საკმაოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოთამაშე იყო. ჩემი აზრით, წელს ოქროს ბურთი კვარამ უნდა მოიგოს. სტაბილური სეზონი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და წამყვანი ფეხბურთელი იყო. კეინი, მბაპე, იამალი ღირსეული ნომინანტები არიან, მაგრამ კვარა საუკეთესოა."
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დინამო ბათუმში ბევრი ლეგიონერი მოვიდა. რამდენად მარტივად გაიარეს მათ გუნდში ადაპტაცია?
"სხვათაშორის, ადაპტაცია ძალიან მალე გაიარეს და მალე გაგვიშინაურდნენ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც შეთამაშებულები ვართ და წარმატებას ვაღწევთ. ქართველ ფეხბურთელებს და ლეგიონერებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ერთი დიდი ოჯახი ვართ."












