საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების ყოფილი ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე FIFA-ში უკვე ექვსი წელია მუშაობს.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში დარსაძე გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტის პოზიციას იკავებს და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
„ჩვენ ტალანტების განვითარების სქემის ლიდერებიც ვართ. მსოფლიოში სულ 16 რეგიონული კონსულტანტია, ევროპაში კი - სამი. როგორც უკვე გითხარით, აზიაში ოთხ ქვეყანას ვკურირებ: უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს. ევროპაში კი ჩემი პასუხისმგებლობის სფეროში შედის ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, უკრაინა და რუსეთი“, — განაცხადა დარსაძემ LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში.
.
ტალანტების განვითარება ახსენეთ და, თქვენი გადმოსახედიდან, როგორ მუშაობს დღეს ტალანტების განვითარების სქემა?
„ჩვენი განყოფილება ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს ტალანტების განვითარებას. ჩვენს მიმართულებას არსენ ვენგერი ხელმძღვანელობს. გვაქვს პროექტი, რომელსაც „ტალანტების მწვრთნელი“ ჰქვია. ჩვენი მიზანია, თითოეულ ტალანტს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მიეცეს და განვითარდეს. ეს პროცესი მოიცავს ტალანტების იდენტიფიცირებას, წვრთნასა და თამაშის შესაძლებლობის შექმნას“.
არსენ ვენგერი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. უშუალოდ მასთან რამდენად ხშირად გაქვთ კომუნიკაცია?
„უამრავ კონფერენციასა და ვორქშოფს ვმართავთ, ყოველწლიურად ვიკრიბებით ხოლმე. ცოტა ხნის წინ ფეხბურთის გლობალური განვითარების შეხვედრა კატარში გაიმართა და ბევრ საკთზე ვიმსჯელეთ. ვენგერი დიდი მწვრთნელია, რომელსაც უდიდესი საფეხბურთო გამოცდილება აქვს და მის აზრს ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“.

უკვე წლებია, ფეხბურთში ხართ და თვალს ადევნებთ ამ სპორტის განვითარების ეტაპებს. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა თქვენი დროის ფეხბურთსა და დღევანდელ ფეხბურთს შორის?
„ბოლო მსოფლიო ჩემპიონატმა დაგვანახა, რომ ფეხბურთში დრო და სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა. ამან თამაშის მაღალი ინტენსივობა განაპირობა და ფეხბურთელებისგან ტექნიკური და ტაქტიკური დავალებების მაღალ დონეზე შესრულება მოითხოვა. ამ ყველაფერმა ფეხბურთის თამაში გაართულა, თუმცა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარიც განავითარა. ძირითადად, წარმატებას ის გუნდები აღწევენ, რომლებიც თამაშში დომინირებენ და ბურთს უფრო ხშირად აკონტროლებენ. ამის მაგალითი ესპანეთის ნაკრებიცაა“.
ხშირად ისიც გვესმის, რომ წლების წინ ფეხბურთი ბევრად უფრო სანახაობრივი იყო, ვიდრე დღეს.
„ეს დრომ მოიტანა. როგორც სამყარო იცვლება, ისე იცვლება ფეხბურთიც. თანამედროვე ფეხბურთში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა. მწვრთნელები, ფეხბურთელები და მთლიანად საფეხბურთო სამყარო მუდმივად ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ წარმატების მისაღწევად. სწორედ ასე დაიხვეწა ეს სპორტი და თითქმის სრულყოფილების დონეს მიაღწია“.
ქართულ ფეხბურთსაც აქტიურად ადევნებთ თვალს. თქვენი აზრით, რამდენად ვითარდება ფეხბურთი საქართველოში?
„დიახ, ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას აქტიურად ვადევნებთ თვალს და ამ მიმართულებით ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებენ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. კარგ გუნდში თამაში ფეხბურთელების პროგრესზე დადებითად აისახება. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ტოპლიგებსა და წამყვან გუნდებში თამაშობენ, ეროვნულ ნაკრებშიც წარმატებულები არიან. სასიხარულოა, რომ დღეს ტოპლიგებში ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს“.
ამაზე დიდი გავლენა ხვიჩა კვარაცხელიამაც მოახდინა. რას გვეტყვით მის პროგრესსა და ოქროს ბურთის მოგების შანსებზე?
„ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მის ოჯახს კარგად ვიცნობ, მამამისი ჩემი მეგობარია და მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მიაღწია. იმედი მაქვს, ოქროს ბურთს საქართველოში ჩამოიტანს. კარგი ადამიანია და ამას იმსახურებს“.
თქვენი თქმით, თამაშს ის იგებს, ვისაც უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა ესპანეთის მაგალითზე ვხედავთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს სახელების მიხედვით უფრო მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ წარმატებას მაინც ესპანეთი აღწევს.
„ესპანეთს გამართული სისტემა აქვს. ფეხბურთელები ერთმანეთს თვალდახუჭული უგებენ და ზუსტად იციან, როდის რა უნდა გააკეთონ. ყველაფერი ავტომატიზმის დონემდე აქვთ აყვანილი. გეთანხმებით, საფრანგეთს გაცილებით ძლიერი შეტევა ჰყავს, თუმცა ფაქტია, ესპანეთი დაუმარცხებელია და სისტემა იდეალურად მუშაობს“.
თქვენი აზრით, ვინ არის ბოლო წლების საუკეთესო მწვრთნელი?
„პეპ გვარდიოლა. ამ მწვრთნელმა ფეხბურთში დიდი ცვლილებები შეიტანა. მისი საფეხბურთო ფილოსოფია ძალიან მომწონს“.
კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობს ამჟამად თქვენი ორგანიზაცია?
„ცოტა ხნის წინ სამოყვარულო ფეხბურთის გარემოს ანალიზი ჩავატარეთ. ეს არის ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც სამოყვარულო ფეხბურთის მიმართულებით ოდესმე ჩატარებულა. პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება სწორედ სამოყვარულო ფეხბურთითა და ქუჩაში თამაშით იწყება. ამიტომ ყველა ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. FIFA-ს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია სამოყვარულო ფეხბურთში ჩართულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდაა, განსაკუთრებით აზიასა და აფრიკაში და ამაზე მუშობა აქტიურად მიმდინარეობს."















