RAF-ის ყველაზე სკანდალური ივენთის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. რატომ ყველაზე სკანდალური? მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად - მერაბ დვალიშვილი იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდელები თავს დაესხნენ. მათი მიზანი იყო ქართველ მებრძოლთან ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ არა 1-1-ზე, არამედ ზურგს უკან მოულოდნელი შეტევით, რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფ სპორტსმენთან.
"მანქანას" მოუწია რუსებისთვის პასუხის გაცემა, მასთან ერთად კი იყო ზვიად ლაზიშვილის უმცროსი ძმა, საბა. მებრძოლებმა მოგვიანებით გადაიღეს ვიდეო, რომელზეც დეტალურად ისაუბრეს, თუ რა მოხდა აბუ დაბიში, შემდეგ კი ილია თოფურიამ უშუალოდ ინციდენტის კადრებიც გამოაქვეყნა.
ნურმაგომედოვების გუნდის საქციელმა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია MMA-ს სამყაროში და ბევრმა ისინი მწვავედაც გააკრიტიკა. ამის პარალელურად, დვალიშვილისა და ლაზიშვილის გმირულმა პასუხმა რიცხვობრივ უპირატესობაში მყოფ მოწინააღმდეგესთან ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ლომები, რომლებსაც ტურების ხროვამ ვერაფერი დააკლო - ეს არის ზუსტი დახასიათება იმ ყველაფრის, რაც აბუ დაბიში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ჩხუბის შემდეგ, დააკავეს როგორც დაღესტნელები, ისე ქართველებიც. ჩვენი მებრძოლები თითქმის 48 საათის მანძილზე იყვნენ საპატიმროში, რაც მერაბის RAF-ში მონაწილეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

13 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ დვალიშვილმა და ლაზიშვილმა საპატიმრო ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვეს. თანხის ოდენობა შეადგენდა 50 000 დირჰამს...ყველა ხარჯი RAF-მა დაფარა. რაც შეეხებათ რუსებს: 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა 300 000 დირჰამის ოდენობით და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დეპორტაცია.
RAF-ის მოახლოებულ ივენთზე იჭიდავებს არა მხოლოდ მერაბი, არამედ საბაც, ვინც თავისი გმირული საქციელით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. "მანქანის" მოწინააღმდეგე იქნება მისთვის კარგად ნაცნობი მარლონ მორაესი, რომლისთვისაც მას მოუგია მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში, 2021-ის სექტემბერში.

UFC-ის 35 წლის ყოფილ ჩემპიონს უკვე დამარცხებულ მეტოქეებთან კიდევ ერთხელ გამარჯვების გამოცდილება აქვს - ჰენრი სეხუდო, ჯერ მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში, შემდეგ კი RAF-ში. ვნახოთ, შეძლებს თუ არა დვალიშვილი იგივეს გამეორებას ამჯერად ბრაზილიელ მოწინააღმდეგესთან.
გადავიდეთ ივენთის ყველაზე მოულოდნელ მონაწილესთან, ლაზიშვილთან, ვინც იურაია ფეიბერთან უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად იჭიდავებს. დიახ, დაღესტნელი მებრძოლი ჩახსნეს ღონისძიებას, მაგრამ ნეტავ ვის ადარდებს ეს, როცა ჭიდაობის ორგანიზაციას ხალიჩაზე ქართველი მებრძოლის გამოყვანის შესაძლებლობა აქვს?

რა უნდა ვიცოდეთ საბას შესახებ? თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ვისაც ჯვარედინი მყესების ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა. მან გაიმარჯვა რამდენიმე ახალგაზრდულ ტურნირში, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში შერეული საბრძოლო ხელოვნებებისკენ გადაიხარა. 14 ნოემბერს შედგება 21 წლის მოჭიდავის დებიუტი კომბატ სპორტის დიდ სცენაზე.
მერაბსა და ლაზიშვილთან ერთად, RAF-ის ივენთში მონაწილეობას იღებს გიგა ჭიკაძეც, ვისი მეტოქეც დიდ სპორტში დაბრუნებული ზაბიტ მაგომედშარიპოვი იქნება. კიკბოქსინგისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების შემდეგ, ეს იქნება სრულიად ახალი გამოწვევა ქართველი მებრძოლის კარიერაში.

ივენთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მაშინ, როდესაც დვალიშვილი და საბა იყვნენ დაკავებულები, "ნინძამ" თანამემამულეებს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა: "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ძმა, მერაბი აქ არ იმყოფება. აბუ დაბიში რამდენიმე საათით ადრე რომ ჩამოვფრენილიყავი, ახლა მეც მის გვერდით ვიქნებოდი.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რომ ვიღაცა საქმის გასარჩევად ზურგიდან უტევს. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვასწავლეს - ასე არ გავზრდილვართ! სპორტული ღირსების მაგალითი უნდა დავაწესოთ", - განაცხადა 38 წლის მებრძოლმა, რომელიც თანამემამულეებს შეხვდა მათი გათავისუფლების შემდეგ.















