უნგრეთთან გასამართი მატჩის წინ, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
"ნებისმიერი გამარჯვება აადვილებს იმ გზას, რაც ჩვენ უნდა გავიაროთ. ფსიქოლოგიური ფაქტორი აუცილებელია და ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორს გამარჯვებები აყალიბებს. ხვალინდელ მატჩში მოგება აუცილებელია.
ვირუსის გამო, რამდენიმე ფეხბურთელმა ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ალთუნაშვილის გარდა, ხვალინდელი მატჩისთვის უკვე ყველა მზადყოფნაშია.
მენტალურ მხარეს რაც შეეხება, ამაზე ჩვენც ბევრი საუბრები გვქონდა და ბიჭებმაც ბევრი ისაუბრეს. ფეხბურთში ხშირადაა ისეთი მომენტები, როცა არის წარუმატებელი პერიოდი, ეს არავის მოსწონს. ჩვენ ძალიან რთულ გზას გავდივართ და იმედია, ამ ყველაფერს დავალაგებთ და ეს ხვალიდან დაიწყება.
ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში მაღალ პრესინგზე თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. უნგრეთთან პირველ მატჩში ბედი პატარა დეტალებმა გადაწყვიტა.
დიდი ხანია, დისციპლინის პრობლემა წარსულს ჩაბარდა. ისეთ ფეხბურთელებთან მაქვს შეხება, რომლებსაც თავისი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ მაღალ დონეზე აქვთ აყვანილი. მათ კარგად იციან, რომ მაქსიმუმის გაღებას ყოველთვის დისციპლინა სჭირდება", - განაცხადა სვანაძემ.











