სუპერლიგის ახალი სეზონი გრძელდება. 7 ტურის შემდეგ გათამაშებას კსუ ლიდერობს, რომელსაც ექვსიდან ექვსი გამარჯვება აქვს მოპოვებული და გულშემატკივარს საოცრად სანახაობრივ კალათბურთს სთავაზობს. თბილისური კლუბი მიმდინარე სეზონში ENBL-შიც ასპარეზობს, სადაც სხვადასხვა ევროპულ გუნდს უპირისპირდება.
კსუ-ს მიმდინარე სეზონისა და სამომავლო გეგმების შესახებ La Gazzetta dello Sport Georgia გუნდის მთავარ მწვრთნელს, ბექა წივწივაძეს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
- კავკასიამ სუპერლიგის მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო — შვიდი ტურის შემდეგ გუნდს ექვსი მოგება აქვს და ჩემპიონატში დაუმარცხებელია. როგორ შეაფასებდით სეზონის სტარტს? ელოდით თუ არა, რომ გუნდი ასე წარმატებით დაიწყებდა ჩემპიონატს და რა არის ამ შედეგის მთავარი მიზეზი?
სეზონის ასეთი სტარტით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ექვსიდან ექვს მოგებას წინასწარ ვერ დაგეგმავ, თუმცა ჯერ კიდევ მოსამზადებელ პერიოდში ვხედავდი, რომ ამ გუნდს კარგი სტარტის რესურსი ჰქონდა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბიჭებმა ერთმანეთის თამაში სწრაფად გაიგეს და მოედანზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ. ზოგ შეხვედრაში დაცვით მოვიპოვეთ უპირატესობა, ზოგში კი გადამწყვეტ წუთებში სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. თსუ-სთან, მაგალითად, პირველ წაგებასთან ახლოს ვიყავით და სწორედ იმ თამაშმა დაგვანახა, რამდენი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი.
- ზაფხულში კავკასია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. გუნდს რამდენიმე გამოცდილი კალათბურთელი დაემატა, რომლებსაც ქართული სუპერლიგის სპეციფიკა კარგად იციან. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთი მოთამაშეების დამატება და რამდენად კმაყოფილი ხართ დაკომპლექტებული შემადგენლობით? შეიძლება ითქვას, რომ დღეს კავკასიას ორი თანაბრად ძლიერი ხუთეული ჰყავს?
ზაფხულში გვინდოდა დაგვემატებინა მოთამაშეები, რომლებიც სუპერლიგას კარგად იცნობენ და რთულ მომენტებში პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ. მათი გამოცდილება განსაკუთრებით იგრძნობა მაშინ, როცა თამაში გეგმის მიხედვით არ მიდის და მოედანზევე გვიწევს რაღაცების შეცვლა. შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. როტაცია საშუალებას გვაძლევს, მეტოქისა და მატჩის მიმდინარეობის მიხედვით სხვადასხვა ხუთეულით ვითამაშოთ. ზოგჯერ მეტი მსროლელი გვჭირდება, ზოგჯერ კი უფრო მაღალი ან დაცვაში უკეთ შეთამაშებული ხუთეული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების შემდეგ ხარისხი შევინარჩუნოთ და სათადარიგოდან შემოსულ მოთამაშეს თამაშზე გავლენის მოხდენა შეეძლოს.

- უკვე მეექვსე წელია, კავკასიის საკალათბურთო კლუბში მუშაობთ. ამ პერიოდში გუნდთან ერთად არაერთი ეტაპი გაიარეთ. როგორ შეიცვალა კავკასია ამ წლების განმავლობაში და რა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელისთვის იმ გარემოში მუშაობას, სადაც ხელმძღვანელობისგან ნდობა და მხარდაჭერა აქვს?
ექვსი წლის წინ მთავარი ამოცანა სუპერლიგაში გადასვლა იყო. შემდეგ უკვე იქ ადგილის დამკვიდრებაზე, მედლებისთვის ბრძოლასა და კლუბის განვითარებაზე გადავედით. დღეს ევროტურნირზე ვთამაშობთ და სეზონს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით. ამ გზაზე ხელმძღვანელობის ნდობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როცა იცი, რომ შენს მუშაობას გრძელვადიანად აფასებენ, შეგიძლია მოთამაშეების განვითარებაზეც იფიქრო და გუნდს თანმიმდევრულად მისცე ის სახე, რომელიც გინდა. ჩემთვის ეს ნდობა დიდი პასუხისმგებლობაცაა.
- კავკასია საუნივერსიტეტო გუნდია და თამაშებზე სტუდენტების საკმაოდ დიდი მხარდაჭერაც იგრძნობა — ტრიბუნებზე ხშირად ნახევარი დარბაზი ივსება. რამდენად მნიშვნელოვანია კალათბურთელებისთვის ასეთი გულშემატკივრობა და რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის, უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა? გრძნობთ თუ არა, რომ კავკასია ნელ-ნელა მხოლოდ საკალათბურთო კლუბზე მეტს წარმოადგენს და უნივერსიტეტის ერთგვარ სავიზიტო ბარათად ყალიბდება?
მოთამაშეები ტრიბუნების მხარდაჭერას განსაკუთრებით მაშინ გრძნობენ, როცა მეტოქე ზედიზედ რამდენიმე შეტევას შედეგიანად ასრულებს და თამაშის შემობრუნება გვჭირდება. ასეთ დროს გულშემატკივარს შეუძლია გუნდს ენერგია დაუბრუნოს. ძალიან მიხარია, რომ სტუდენტები თამაშებზე მოდიან და გუნდს საკუთარ გუნდად აღიქვამენ. ვფიქრობ, CIU კავკასია თანდათან უნივერსიტეტის სავიზიტო ბარათადაც ყალიბდება. უნივერსიტეტის სახელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წარმოვადგენთ, სახლში კი თამაშები სტუდენტებისთვის ერთად შეკრების კარგი მიზეზი გახდა.

- პარალელურად, კავკასია ENBL-ის გათამაშებაშიც მონაწილეობს. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობა გუნდის განვითარებისთვის? რას გაძლევთ ევროპულ კლუბებთან დაპირისპირება და რამდენად განსხვავდება ENBL-ის მატჩებისთვის მომზადება სუპერლიგისგან?
ENBL-ში საკმაოდ ძლიერ გუნდებს ვხვდებით და ყველა მატჩში თანაბარი ბრძოლა იყო. ვფიქრობ, ცოტა მეტი იღბალი რომ გვქონოდა, სხვა შედეგი გვექნებოდა. ასეთი თამაშები გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კარგად გვაჩვენებს, რა გამოგვდის ძლიერ მეტოქეებთან და რაზე გვაქვს სამუშაო. თამაშებს შორის ხშირად იმდენად ცოტა დროა, რომ ბევრი რამის შეცვლას ვერ ვასწრებთ. ამიტომ მომზადებას მარტივად ვუდგებით. გამოვყოფთ მეტოქის რამდენიმე მთავარ ტენდენციას და ვთანხმდებით, რა უნდა გავაკეთოთ დაცვასა და შეტევაში.
- როდესაც გუნდი ჩემპიონატში ექვსიდან ექვს მატჩს იგებს, ბუნებრივია, მოლოდინებიც იზრდება. როგორ ახერხებთ კალათბურთელების მოტივაციის შენარჩუნებას და მათთვის იმის შეხსენებას, რომ სეზონი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა? რამდენად რთულია წარმატებული სტარტის შემდეგ იმავე კონცენტრაციისა და სათამაშო დისციპლინის შენარჩუნება?
მოგებული თამაშის შემდეგ ვიდეოზე მაინც ვუბრუნდებით ეპიზოდებს, რომლებშიც დაგვაგვიანდა დაცვაში დაბრუნება, მოხსნა დავკარგეთ ან შეტევაში ვიჩქარეთ. როცა მოთამაშე კონკრეტულ შეცდომას ხედავს, უკეთ ესმის, რაზე უნდა იმუშაოს შემდეგ ვარჯიშზე. ექვსი მოგება გუნდს თავდაჯერებას აძლევს. ჩვენი ამოცანაა, ეს თავდაჯერება შევინარჩუნოთ და ისეთივე ყურადღებით მოვემზადოთ მეშვიდე თამაშისთვის, როგორც პირველისთვის მოვემზადეთ. სეზონი ჯერ გრძელია და სწორედ ამ ყოველდღიურ მუშაობაზეა დამოკიდებული, როგორი გუნდი ვიქნებით გადამწყვეტ ეტაპზე.
- ბოლოს, რა მიზნები აქვს კავკასიას მიმდინარე სეზონში? რამდენად ამბიციურია კლუბის გეგმები როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე ENBL-ზე? პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს სეზონი და რა შედეგით ჩაითვლება ის წარმატებულად?
ამ სეზონში დუდუ დადიანის მემორიალი უკვე მოვიგეთ. ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა. ENBL-შიც ამბიციური გეგმები გვაქვს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ და პლეი-ოფში გასვლისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. პირადად ჩემთვის ეს სეზონი განსაკუთრებულია. ამ გუნდთან ერთად სუპერლიგაში გადასვლისთვის ვიბრძოდი და ახლა უკვე ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. წარმატებულ სეზონად მხოლოდ ჩემპიონობის შემთხვევაში ჩავთვლი.











