მანჩესტერ იუნაიტედის 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯეიჯეი გაბრიელმა, კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება დაადასტურა და "წითელ ეშმაკებს“ ოფიციალურად დაემშვიდობა. როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება რეალ მადრიდში გადაწყვიტა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს დღეებში იგეგმება.
გაბრიელი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ტალანტად მიიჩნევა. გასულ სეზონში მან მანჩესტერ იუნაიტედის 18-წლამდელთა გუნდში 21 გოლი გაიტანა, ინგლისის პრემიერლიგის ასაკობრივი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კლუბის Jimmy Murphy-ის სახელობის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მან ეს წარმატება მხოლოდ 14 წლის ასაკში მიაღწია.
ინგლისური კლუბის დატოვების სურვილი გაბრიელმა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. მისით რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, დორტმუნდი და ბაიერნი ინტერესდებოდნენ, თუმცა ფეხბურთელის არჩევანი მადრიდულ კლუბზე შეჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეალი მის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და თავდაპირველად კასტილიაში თამაშის შესაძლებლობას განიხილავს. ტრანსფერის საბოლოო გაფორმება შესაბამისი რეგულაციების დაცვასა და FIFA-ს თანხმობაზეც იქნება დამოკიდებული.














