სპორტულ ოჯახში დაბადებულ სერბ გოგოს სპორტული ჟინი შეიძლება ითქვას მემკვიდრეობით ერგო, 6 წლისას ცხოვრებამ სხვანაირი ბრძოლა ასწავლა, რადგან პატარა გოგო ვერაგ დაავადებას ებრძოდა, გაიმარჯვის, შემდეგ იყო ბულინგი განსხვავებულობის გამო, აქაც გაიმარჯვა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში სცადა ძალები, ჩოგბურთიდან პადელზე გადაინაცვლა და თვლის, რომ თავი სწორედ აქ იპოვა.
სერბი ბოიანა იოვანოვიჩი საქართველოში პადელის ტურნირის, FIP Bronze Georgia 2026-ის გამო ჩამოვიდა, LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზასა და სამომავლო გემების შესახებ საუბრობს.
- როდის დაკავდით სპორტით?
- მე ძალიან სპორტული ოჯახიდან ვარ, ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ სპორტი ჩემს ცხოვრებაში დაბადებიდანვე იყო. მამა პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, დედა კი მრავალი წლის განმავლობაში ხელბურთს თამაშობდა და ასევე თხილამურებითაც იყო გატაცებული.
პატარაობიდანვე სხვადასხვა სპორტის სახეობით ვიყავი დაკავებული. თავიდან ბალეტსა და ტანვარჯიშზე დავდიოდი, შემდეგ ფრენბურთის თამაში დავიწყე, მოგვიანებით კი ჩოგბურთი აღმოვაჩინე. დაწყებით კლასებში ჩემი სკოლის გუნდში ფეხბურთსაც და კალათბურთსაც ვთამაშობდი, ცურვაზეც დავდიოდი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხენოსნობასაც ვსწავლობდი.
როცა ბავშვობას ვიხსენებ, მიჭირს ისეთი დროის გახსენება, როცა სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი არ იყო. სპორტში ყოველთვის ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს, სადაც საკუთარი თავის გამოხატვა, შესაძლებლობების გამოცდა და მუდმივი განვითარება შემეძლო. ვგრძნობდი თავისუფლებას და უბრალოდ ისეთი ვიყავი, როგორიც სინამდვილეში ვარ.

- მძიმე დაავადება გადაიტანე და ამან რამდენად შეგმატა ბრძოლისუნარიანობა?
ექვსი წლისას თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. რამდენიმე ოპერაციის, ქიმიოთერაპიისა და რთული მკურნალობის გავლა მომიწია. ამ პროცესში მარცხენა თირკმელი და ელენთაც ამომკვეთეს. ძალიან მძიმე პერიოდი იყო,
მკურნალობის დროს თმა დამცვივდა, ხოლო სკოლაში დაბრუნების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლი გავხდი, რადგან სხვებისგან განსხვავებულად გამოვიყურებოდი. დღეს, როცა იმ პერიოდს ვიხსენებ, შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც ახლა ვარ.
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დღეს მადლობელიც კი ვარ ყველაფრის, რაც გადავიტანე. ამ ყველაფერმა გამაძლიერა, მასწავლა გამძლეობა, მადლიერება და ის, რომ არასოდეს უნდა დანებდე.
ყველაზე დიდი გამოწვევა თავად ავადმყოფობა კი არ იყო, არამედ ის, რაც მის შემდეგ დაიწყო.
ყველაფრის დაწყებამდე ძალიან კომუნიკაბელური, ენერგიული და თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი, თუმცა ავადმყოფობისა და ბულინგის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა თითქმის მთლიანად დავკარგე. თავიდან მომიწია საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბება და იმის სწავლა, როგორ დამეჯერებინა საკუთარი თავისთვის.
ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ამას წლები დასჭირდა და საკუთარ თავზე მუშაობა დღემდე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
დღეს უკვე ვიცი, რომ თავდაჯერებულობა თანდაყოლილი თვისება არ არის ის ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ შენდება.
- რა სირთულეების დაძლევა მოგიწია?
ყველაზე დიდი გამოწვევა თავად ავადმყოფობა კი არ იყო, არამედ ის, რაც მის შემდეგ დაიწყო, საკუთარი თავის თავიდან აშენება. საკუთარი თავის რწმენა თითქმის მთლიანად დავკარგე. თავიდან მომიწია საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბება.
მამაჩემი მენტალური მწვრთნელია, ამიტომ ჩვენს ოჯახში აზროვნებასა და სწორ დამოკიდებულებაზე საუბარი ყოველთვის ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ამ ყველაფერმა არა მხოლოდ უკეთეს სპორტსმენად, არამედ გაცილებით ძლიერ ადამიანადაც მაქცია.
- ჩოგბურთიდან პადელში გადასვლა მარტივია?
პროფესიონალურ ჩოგბურთში 15 წელზე მეტი გავატარე. სრულიად ახალი სპორტის თავიდან დაწყება ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო, თუმცა პადელზე გადასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ცხოვრებაში მიმიღია. ზოგჯერ ისიც კი მგონია, რომ პადელი მე არ მიპოვია პირიქით, პადელმა მიპოვა.
ჩოგბურთმა ძალიან მყარი საფუძველი შემიქმნა, რადგან ბევრი ტექნიკური უნარი პადელშიც ძალიან გამოსადეგია.
ამავე დროს, პადელი სრულიად განსხვავებული სპორტია. ტაქტიკა, კორტზე სწორად განლაგება, მინის გამოყენება თამაშის დროს და პარტნიორთან კოორდინაცია სრულიად განსხვავებულ აზროვნებას მოითხოვს. ვფიქრობ, პადელის დაწყება ჩოგბურთთან შედარებით უფრო მარტივია და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის მსოფლიოში ასე სწრაფად ვითარდება. უმაღლეს დონეზე მისი სრულყოფილად დაუფლება ისეთივე დიდ შრომას, დროსა და თავდადებას მოითხოვს, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიონალური სპორტი.

- რას ფიქრობ პადელზე, რამდენად განვითარებადი სპორტია და რას გსურს მიაღწიო ამ სახეობაში?
- მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო ჩოგბურთში ჩემი კარიერა დასრულდა და ამას პანდემიის რთული პერიოდიც დაემატა, საკუთარი გზის თავიდან პოვნა ადვილი არ ყოფილა. ეს წლები ჩემთვის საკმაოდ მძიმე იყო. თუმცა პადელმა ახალი ოცნება მაჩუქა და კიდევ ერთხელ გამახსენა, რატომ შემიყვარდა საერთოდ შეჯიბრებებში მონაწილეობა.
რა თქმა უნდა, ამბიციური მიზნებიც მაქვს. ამ სეზონში ჩემი მიზანია FIP-ის მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო 150 მოთამაშეს შორის მოხვედრა. ასევე, სოციალურ ქსელებში ჩემს გზასაც ვუზიარებ ადამიანებს, რათა მათაც მივცე მოტივაცია, არასოდეს შეწყვიტონ წინსვლა, დატკბნენ ცხოვრების საუკეთესო მომენტებით და ყოველთვის გაბედონ ოცნება, როგორი დიდიც არ უნდა იყოს მათი მიზანი.
- რას გვეტყვი შენს თანამემამულე სერბ ჩოგბურთელ ჯოკოვიჩზე, როგორი პიროვნებაა ის და შენთვის ინსპირაციის წყარო იყო თუ არა?
- ნოვაკი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაგონების წყაროა ჩემთვის. გვქონდა შესაძლებლობა, ერთად გვეთამაშა ჩოგბურთი და გვესაუბრა, რაც ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო.
რა თქმა უნდა, ყველამ იცის მისი სახელი ჩოგბურთში მიღწეული წარმოუდგენელი წარმატებების გამო, თუმცა ჩემთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ადამიანი, როგორიც ის კორტის მიღმაა.
მთელი კარიერის განმავლობაში ის ერთგული დარჩა საკუთარი ღირებულებების მიმართ. ის ძალიან კეთილი, თავმდაბალი და პოზიტიური ადამიანია, რომელიც ყოველთვის მზად არის სხვებს მოუსმინოს და
როდესაც გადავწყვიტე ჩოგბურთიდან პროფესიონალურ პადელში გადასვლა, ის ერთ-ერთი ადამიანი იყო, ვინც მხარი დამიჭირა და საკუთარი გზის არჩევისკენ გამამხნევა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
- რას გვეტყვი საქართველოზე, როგორ მოგწონს ჩვენი სამშობლო?
- საქართველოში მეორედ ვარ, პირველი ვიზიტისთანავე შემიყვარდა ეს ქვეყანა, განსაკუთრებით თბილისი, ამ ქალაქში არის რაღაც, რაც ძალიან მახსენებს ჩემს მშობლიურ ბელგრადსა და მთლიანად სერბეთს. შეიძლება ეს ხალხის სითბო, სტუმართმოყვარეობა ან უბრალოდ ქალაქის განსაკუთრებული ატმოსფეროა.
ძალიან მიყვარს ისტორიისა და ხასიათის მქონე ქალაქები, და თბილისი სწორედ ასეთია. სიამოვნებას მანიჭებს ძველ ქუჩებში სეირნობა, უნიკალური არქიტექტურის დათვალიერება და იმის დანახვა, როგორ ერწყმის ერთმანეთს ტრადიცია და თანამედროვე ცხოვრება.
მიყვარს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით ხაჭაპური.
ამჯერად საქართველოში FIP Bronze-ის ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი და ძალიან მიხარია, რომ ისევ აქ ვარ.
















