ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებიდან წავიდა. დაუვიწყარი მომენტებისგან შემდგარი ისტორია, რომელიც 20 წელიწადზე დიდხანს გრძელდებოდა. გავიხსენოთ ზოლებიან მაისურში შემოსილი ბიჭუნას 10 ნაბიჯი ფეხბურთის ღმერთობამდე.
ტრიუმფი ახალგაზრდულ მუნდიალსა და ოლიმპიადაზე - პირველი ნაბიჯები
მესის უფლება ჰქონდა ეთამაშა როგორც არგენტინის, ისე ესპანეთის ნაკრებშიც, იმის გათვალისწინებით, რომ 13 წლიდან ის ლა მასიაში ირიცხებოდა. ლეომ აირჩია "ალბისელესტე" და პირველ დიდ წარმატებას მან მიაღწია ნიდერლანდებში გამართულ 20-წლამდელთა მუნდიალზე, რომელზეც მან თავის ეროვნულ გუნდს ტიტული მოუტანა.
არგენტინელმა შემტევმა 2005 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ექვსი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით დაასრულა. ტურნირის ბოლოს ბარსელონას ფლეიმეიქერმა მუნდიალის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო. მის იუნიორულ კარიერას პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალიც უკავშირდება.
საინტერესოა ისიც, რომ ორივე ტურნირის ფინალში "სელესიონმა" დაამარცხა ერთი და იგივე მეტოქე - ნიგერიის ნაკრები, რომლის წინააღმდეგაც "ლა პულგას" დიდობაშიც ექნება დრამატული დუელები. მის გვერდიგვერდ უკვე იმ დროს თამაშობდნენ ანხელ დი მარია და სერხიო აგუერო, რომლებთანაც არგენტინის ეროვნული გუნდის მე-10 ნომერი მომავალში ძალიან ბევრს გამოივლის.

უიღბლო დებიუტიდან - მატჩების რეკორდულ რაოდენობამდე
მესის სანაკრებო კარიერა ასოცირდება სრულყოფილებასთან, ტიტულებთან და წარუშლელ მემკვიდრეობასთან, თუმცა როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი სადებიუტო შეხვედრა არგენტინის მთავარ გუნდში იყო კატასტროფულად წარუმატებელი და უიღბლო. ეს მოხდა 2005-ის აგვისტოში, უნგრეთთან ამხანაგურ თამაშში.
არგენტინელი შემტევი მოედანზე შემოვიდა მატჩის 64-ე წუთზე, ლისანდრო ლოპესის ნაცვლად, თუმცა უკვე ერთ წუთში უხეშობის გამო მან წითელი ბარათი მიიღო. გაძევების შემდეგ, გასახდელში მყოფმა ლეომ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. როგორც აღვნიშნეთ, "ალბისელესტეს" მთავარ გუნდში ბარსას ფლეიმეიქერისთვის ეს იყო 1-ელი შეხვედრა, რომელსაც მომავალში მან კიდევ 206 დაუმატა.
2021 წლის ივნისში "ბლაუგრანას" ათიანმა "სელესიონში" ჩაატარა 148-ე მატჩი, რითაც ის თავისი ნაკრების რეკორდსმენი გახდა. ლეგენდარულმა ფლეიმეიქერმა ჩამოიტოვა ისეთი ბუმბერაზი თანამემამულეები, როგორებიც არიან ოსკარ რუჯერი, დიეგო სიმეონე, რობერტო აიალა, ხავიერ ძანეტი, ხავიერ მასკერანო და სხვები.

სადებიუტო გოლიდან - ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე
სადებიუტო მატჩის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ და რაც შეეხება პირველ გოლს - 2006 წლის მარტი, ამხანაგური მატჩი ხორვატიის ნაკრებთან, რომელშიც გატანილ ბურთს მესიმ ასისტიც მიუმატა. 2026 წლის სექტემბერი: ლეგენდარული ფლეიმეიქერი არგენტინის ეროვნულ გუნდს 125 გოლით ტოვებს.
2016 წლის ნოემბერში ლიონელმა გაიტანა 57-ე გოლი "ალბისელესტეში", რითაც ის თავისი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა ფლეიმეიქერმა ჩამოიტოვა გაბრიელ ბატისტუტა, რომლის მიღწევა ხელშეუხებელი 14 წლის მანძილზე რჩებოდა (2002-2016). დღეს, "სელესიონის" ექს-კაპიტანი უბრალოდ მიუწვდომელ ნიშნულზეა.

თავად განსაჯეთ - არგენტინის ნაკრების ყოფილი ათიანის უახლოესი მდევარი აქტიურ ფეხბურთელებს შორის არის ლაუტარო მარტინესი, ვისაც 85 ბურთით (!) ნაკლები აქვს. დავუბრუნდეთ "ლა პულგას" 125-გოლიან სერიას, რომლის მიმდინარეობისას იყო პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც "ალბისელესტეს" ქომაგი ინატრებდა.
სამი გოლი ბრაზილიასთან, დუბლი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა (კილიან მბაპეს 22-ე ბურთამდე), ასევე მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ ასაკში შესრულებული ჰეთ-თრიქი და კრიშტიანუ რონალდუს მიღწევის დამხობა...

სანატრელი 10-ნომრიანი მაისურის მიღება
არგენტინის ნაკრების 10-ნომრიანი მაისური - ის, რაც უბრალო ეკიპირებაზე გაცილებით მეტია. ეს მაისური ეცვათ მარიო კემპესსა და დიეგო მარადონას, როცა "ალბისელესტე" მუნდიალის ტრიუმფატორი 2-ჯერ გახდა. მესი გერმანიაში გამართულ ტურნირზე თამაშობდა 19-ნომრით, სამხრეთ აფრიკაში კი უკვე ჩვეული 10-ით.
არგენტინელმა შემტევმა ათიანი გადმოიბარა ხუან რომან რიკელმესგან, ვინც "სელესიონიდან" 2009 წელს წავიდა. იმავე წლის მარტში 2010-ის მუნდიალის შესარჩევის ფარგლებში მარადონას შეგირდებმა ვენესუელის ეროვნული გუნდი გაანადგურეს 4:0...შეხვედრაში, რომელშიც ლეომ 10-ნომრიანი მაისური პირველად ჩაიცვა.
ბარსელონას შემტევმა გაუძლო ზეწოლას და თავიც გამოიჩინა - ჯერ გოლი, მოგვიანებით კი საგოლე გადაცემა კარლოს ტევესზე. არის ერთგვარი სიმბოლიზმი იმაში, რომ "ლა პულგამ" არგენტინის ეროვნული გუნდის 10-ნომრიანი მაისური პირველად სწორედ დიეგოს დამრიგებლობის დროს ჩაიცვა.

კაპიტნობა, როგორც მისია
იყო დრო, როდესაც მესი არგენტინის ნაკრებში ითვლებოდა ყველაზე გამოუცდელად, თუმცა დებიუტიდან სულ რაღაც რამდენიმე წელში გახდა ნათელი: თუ ვინმე შეძლებდა ეროვნული გუნდის მიყვანას დიდ წარმატებამდე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ის იქნებოდა. ცნობისთვის, ლეო ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია "ალბისელესტეს" ისტორიაში.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საბერძნეთის ნაკრებთან მატჩში არგენტინელმა შემტევმა სამკლაური მოირგო 22 წლის ასაკში, ისევ და ისევ მარადონას დამრიგებლობით. მართალია, იმ დროს "სელესიონის" რეგულარულ კაპიტნად ითვლებოდა მასკერანო, მაგრამ "ელადელებთან" შეხვედრა სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მან გამოტოვა.

2011 წლის ზაფხულში, კოპა ამერიკაზე მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ალეხანდრო საბელიამ მიზნად დაისახა ახალი ერის დაწყება, რის ცენტრშიც იქნებოდა სწორედ ბარსას ფლეიმეიქერი, რომელიც ეროვნული გუნდის რეგულარული კაპიტანიც გახდებოდა.
1978 წელი - დანიელ პასარელა, 1986 წელი - დიეგო მარადონა, 2022 წელი - ლიონელ მესი. ეს არის "ალბისელესტეს" მსოფლიო ჩემპიონობებისა და მისი კაპიტნების ქრონოლოგია ტრიუმფის მომენტში. აღსანიშნავია ისიც, რომ "ბლაუგრანას" ექს-ფლეიმეიქერმა სამკლაურით ითამაშა 5 მუნდიალზე (2010-2026), რაც "სელესიონში" უნიკალური შედეგია.

პირველ მსოფლიო ჩემპიონობასთან ახლოს
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების სრულფასოვანი ლიდერი იყო მესი, ვისაც გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. როგორც გვახსოვს, ლეომ ფინალში წააგო გერმანიის ეროვნულ გუნდთან და ეს იყო პირველი შემთხვევა იტალიის მუნდიალის შემდეგ, როცა "ალბისელესტე" ტურნირის მთავარ დუელამდე მივიდა.
დიახ, 1990-სა და 2014 წელსაც "სელესიონი" "ბუნდესნაკრებთან" დამარცხდა. არგენტინელმა შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა უბრალოდ მომაჯადოვებლად და ტურნირის დასრულების შემდეგ, საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო. აუცილებლად სახსენებელია ნიგერიასთან შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე, რომელშიც ბარსას ფლეიმეიქერმა დუბლი გაიფორმა.
რაც შეეხება საბელიას გუნდის ათიანის ზოგად სტატისტიკას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - შვიდი მატჩი, ოთხი გოლი და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ასევე ოთხი ჯილდო. "ლა პულგაზე" მეტი ბურთი შეაგდეს მხოლოდ ტომას მიულერმა და ხამეს როდრიგესმა...დი მარიას მოგების მომტანი გოლი შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან ასევე მისი ასისტით იყო.

კოპა ამერიკას გამარჯვებული - გახურება მთავარი ტიტულის წინ
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ, მესის წლების განმავლობაში წარუმატებლობები სდევდა თან. ზედიზედ ორი წაგება კონტინენტის პირველობის მთავარ შეხვედრაში ჩილესთან, თანაც ორივე 11-მეტრიანებში, ასევე მარცხი ბრაზილიასთან 1/2 ფინალში. რა თქმა უნდა მთავარი: წაგება რუსეთის მუნდიალის 1/8 ფინალში მომავალ ტრიუმფატორ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან.
არგენტინელი შემტევი დროის ამ შუალედში წასულა კიდეც ნაკრებიდან, "მამლებთან" მარცხის შემდეგ კი ერთ-ერთი კომენტატორი იძახდა, რომ სავარაუდოთ ეს იყო მისი უკანასკნელი თამაში მუნდიალზე. ახლა ირონიულად შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორ ცდებოდა ის, ვინც ლეო ნაადრევად ჩამოწერა.
"ალბისელესტეს" კაპიტანმა ნავსი გატეხა 2021 წელს, როდესაც კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა. ეს იყო მისი ნაკრების პირველი ტიტული 1993 წლის კონტინენტის პირველობის მოგების მომენტიდან. 3 წლის შემდეგ, "სელესიონმა" მოიპოვა მიყოლებით მე-2 თასი, იქამდე კი ფინალისიმაზე იტალიაც გაანადგურა.

მთავარი ტიტული - მსოფლიო ჩემპიონობა
ნიშნული, რომელიც არგენტინისთვის 32 წლის განმავლობაში რჩებოდა მიუღწეველი. მესის იდეალურ საფეხბურთო კარიერამდე აკლდა მხოლოდ ერთი რამ: მუნდიალის მოგება. ყოველთვის აქტუალური იყო დებატები იმაზე, თუ რომელია "ალბისელესტესთვის" უფრო დიადი, მარადონა თუ ლეო...ყველა კითხვას პასუხი კატარში გაეცა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატით, აღარ დარჩა კომპონენტი თუ კრიტერიუმი, სადაც ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დიეგოზე დაბლა იდგებოდა. მუნდიალის მოგების შემდეგ, პოპულარული გახდა ფრაზა "ფეხბურთი დახურა", რომლის ადრესატი არგენტინელი ფლეიმეიქერი იყო.
ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ლეგენდარულ ათიანს "სელესიონის" წარმატებაზე და როგორ იყო გაერთიანებული მის გარშემო მთელი ეროვნული გუნდი. ცხადია, ამ ყველაფერში საკვანძო როლი ითამაშა ლიონელ სკალონიმ, რომელმაც სწორი ხედვით, მიდგომითა და მოტივაციით, "ლა პულგასთან" ერთად თავისი ნაკრები მწვერვალზე დააბრუნა.

ბოლო ცეკვა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, არგენტინას ბევრი ფავორიტებს შორის არც განიხილავდა. ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, პირველ რიგში კი მესის სოლიდური ასაკი...აშშ-ს მუნდიალის დაწყების მომენტისთვის ის უკვე 38 წლის იყო. ფიქრები დაღმასვლასა და ჩამოწერაზე გაქრა პირველივე თამაშში, როცა არგენტინელმა ფლეიმეიქერმა ალჟირის ეროვნულ გუნდს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
როგორც აღვნიშნეთ, ლიონელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში გაიტანა სამი გოლი, რითაც მან რონალდუს მიღწევა გააბათილა. "ალბისელესტეს" კაპიტანი ყოველ თამაშში დებდა მომაჯადოვებელ პერფომანსებს, რითაც გაჩნდა საუბრები უკვე არა დაღმასვლაზე, არამედ მე-9 ბალონ დ'ორის მოგებაზე.

"სელესიონისთვის" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მშვენებად იქცა გამარჯვება ნახევარფინალში ისეთ პრინციპულ მეტოქესთან, როგორიც ინგლისის ეროვნული გუნდია, თანაც რემონტადათი. სკალონის შეგირდები აგებდნენ 85-ე წუთამდე, მაგრამ 90+2-სთვის ტაბლოზე მათ სასარგებლოდ უკვე 2:1 იყო.
გამარჯვების მომტანი თავური გაიტანა ლაუტარომ, ისევ და ისევ ლეგენდარული ათიანის ჩაწოდების შედეგად. ეს იყო მისი ბოლო შედეგიანი ქმედება არგენტინის ეროვნულ გუნდში. "ლა პულგამ" წასვლა დაანონსა ცოტა ხნის წინ, ემოციური წერილით, რომლის წაკითხვით ვიგებთ, საერთაშორისო კარიერის დასრულება მას ჯერ კიდევ ესპანეთთან წაგების შემდეგ ჰქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი.

მარადონას აჩრდილების დასასრული და საკუთარი კულტი
მარადონას წასვლის შემდეგ, არგენტინა ათწლეულების განმავლობაში ეძებდა მის მემკვიდრეს. არიელ ორტეგა, მარსელო გალიარდო, ხავიერ სავიოლა, ხუან რომან რიკელმე, პაბლო აიმარი, ანდრეს დ'ალესანდრო, კარლოს ტევესი, ეზეკილ ლავეცი, სერხიო აგუერო...ეს არის დიეგოს აჩრდილთა არასრული ჩამონათვალი.
ალბათ მიხვდით კონცეფციას - ტექნიკური და ტანდაბალი შემტევები, ვისაც ეფექტურად შეეძლოთ გოლების გატანა და დრიბლინგი, ისე როგორც "ალბისელესტეს" ლეგენდარულ კაპიტანს. არ ღირს საუბარი იმაზე, რომ მის დონეს ვერავინ მიუახლოვდა. აჩრდილთა სიაში ყოველთვის ფიგურირებდა მესიც, რომელიც "სელესიონის" საკულტო მე-10 ნომერს სხვებზე მეტადაც ჰგავდა.

ლიონელის კარიერის განვითარებასთან ერთად ტრიალებდა სხვადასხვა მოსაზრებები, მაგალითად ის, რომ მან უკვე დიდი ხნის წინ აჯობა "ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს" და მუნდიალის მოგება აღარაფერს წყვეტს. ბევრიც ბარსას ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს ულტიმატუმად უყენებდა სწორედ მსოფლიო თასის აღმართვის აუცილებლობას.
არიან ისეთებიც, ვისთვისაც მარადონა მარადიულად დარჩა ხელშეუხებელ ფიგურად, ინტერ მაიამის ამჟამინდელი ათიანის მიღწევების მიუხედავადაც. ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ არგენტინელ ფლეიმეიქერთა შედარება საერთოდ არ ღირს, ორივეს უკავია თავისი, განსაკუთრებული ადგილი, როგორც "ალბისელესტეში", ისე ზოგადად, ფეხბურთის ისტორიაში.
"ლა პულგამ" დაამტკიცა, რომ ის არავის ანარეკლი არ არის და კაშკაშებს დამოუკიდებლად, ისე რომ ჩრდილავს სხვა ყველაფერს დანარჩენს. ასეთი იყო მარადონაც 90-ისა და 2000-იანების არგენტინელი მოთამაშეებისთვის, ასეთი იქნება მესიც, თეთრ-ლურჯ მაისურში შემოსილი ახალი თაობის ტალანტებისთვის.


















