კვირის მატჩის დღე ტოპ თამაშებით გაგრძელდება - ლივერპული მიიღებს არსენალს, იუვენტუსი კი ნაპოლის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრებისგან.
ლივერპული VS არსენალი | 20:30
პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი, რომელსაც მანჩესტერ სიტის ბრაიტონთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ერთპიროვნულად გალიდერების შესაძლებლობა აქვს. ამისთვის არსენალს ლივერპულთან მინიმუმ 1 ქულის აღება სჭირდება. რთული ამოცანაა, იმის გათვალისწინებით, რომ მერსისაიდელები ბრწყინვალე ფორმაში არიან.
"ქალაქელებთან" განადგურების შემდეგ, "წითლებმა" ზედიზედ ხუთ მატჩში იმარჯვეს. რაც შეეხება ლონდონურ გუნდს, ინგლისის ლიგის თასზე ფლიტვუდთან სენსაციური წაგების მერე, მოქმედ ჩემპიონს რეაბილიტაცია სჭირდება. "მეთოფეთა" მდგომარეობას ამძიმებს ბუკაიო საკას არყოფნა, ასევე საეჭვოა რიკარდო კალაფიორისა და ნონი მადუეკეს თამაშიც.
მიკელ არტეტას გუნდის ლაზარეთშია ვილიამ სალიბაც, თუმცა ეს ახალი ამბავი არ არის. რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდებათ ენფილდის მკვიდრებსაც, მათ შორის ჯერემი ფრიმპონგი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დომინიკ სობოსლაისა და ვიქტორ მუნიოსის გამოჩენაც. უგო ეკიტიკე, კონორ ბრედლი და ჯოვანი ლეონი ისედაც იგულისხმებიან ტრავმირებულებს შორის.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 239-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 90-ჯერ იმარჯვა ლივერპულმა, 81-ჯერ - არსენალმა, 67 თამაში ფრედ დასრულდა. უკანასკნელ 8 შეხვედრაში მერსისაიდელებმა ლონდონელებთან მხოლოლ ერთხელ წააგეს. აღნიშნული დუელის საუკეთესო გოლეადორი 12 ბურთით რობი ფაულერია.
იუვენტუსი VS ნაპოლი | 23:45
ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში საშინლად არასტაბილურია. ბოლო შვიდ მატჩში იუვენტუსმა იმარჯვა მხოლოდ ორჯერ და დაახლოებით იგივე შედეგი ნაპოლისაც აქვს. მდგომარეობას ამძიმებს საკადრო პრობლემებიც და 1-ელ რიგში ეს ითქმის ტურინელებზე: მანუელ ლოკატელი, ნიკო გონსალესი, ქენან ილდიზი, ფრანსიშკუ კონსეისაუ და სხვები.
შვიდ ფეხბურთელამდე "პარტენოპეის" ლაზარეთშიც იმყოფება. დღევანდელი მატჩი შეგვიძლია მოვნათლოთ მასიმილიანო ალეგრისა და ლუჩანო სპალეტის პერსონალურ დუელად. პირველი "ბიანკონერიში" იგებდა სკუდეტოებს და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალშიც გადიოდა, დღეს კი ის "აძურის" დამრიგებელია.
მეორემ კი სერია ა-ს ჩემპიონობა ნაპოლის დაუბრუნა სამი ათწლეულის შემდეგ, თუმცა დღეს ის ალიანს სთეიდიუმის ბინადრების მწვრთნელია. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების ისტორიას, 187 თამაშში 86-ჯერ მოიგო იუვემ, 49-ჯერ - "პარტენოპეიმ", 51 დუელი ფრედ დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც "აძურის" კარი 11-ჯერ აიღო.
კვირის მატჩის დღე
| ფიურტი - კილი | 16:30 | ბუნდესლიგა 2 |
| ხეტაფე - სევილია | 17:00 | ლა ლიგა |
| ექსელსიორი - ტვენტე | 17:30 | ერედივიზიონი |
| ვოლფსბერგერი - შტურმი | 17:30 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| ფროზინონე - ტორინო | 18:00 | სერია ა |
| უნიონი - კიოლნი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| რასინგი - რეალი | 19:15 | ლა ლიგა |
| ლივერპული - არსენალი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| იუვენტუსი - ნაპოლი | 23:45 | სერია ა |











