16 აგვისტოს, ჩვენი დროით 05:00 საათიდან, UFC 330-ის ფარგლებში ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ქამარს იან მაჩადო გარის წინააღმდეგ დაიცავს. ეს არის დუელი, რომელსაც არ აკლია არც ინტრიგა, არც დრამატულობა და არც ისტორიული კონტექსტი. განვიხილოთ დეტალურად, თუ რას გვიმზადებს აღნიშნული ჩხუბი.
გარი როგორც მომავალი, მახაჩევი როგორც აწმყო..თუ წარსული?!
მაჩადო გარი MMA-ს სამყაროში შემოიჭრა მეტსახელით Future (მომავალი), როგორც სპორტის ამ სახეობის ახალი თაობის მთავარი სიმბოლო. ირლანდიელი მებრძოლის ამბიცია ასეთია: მისი დომინირებით უნდა დაიწყოს ახალი ერა მსოფლიოს ნომერ პირველი პრომოუშენის 77 კილოგრამ წონით დივიზიონში.
იანის სტილი, უმაღლესი დონის დარტყმის ტექნიკა და ბრძოლის წაკითხვის ინტელექტი არის იმ ყველაფრის ნაზავი, რასაც შეგვიძლია MMA-ს ევოლუცია ვუწოდოთ. Cage Warriors-ში ქამრის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში წაუგებელი სერიით დებიუტმა და ტოპ ოპონენტებთან მოგებამ კელტი სპორტსმენის მეტსახელი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა.

დიახ, 28 წლის ქონთენდერი ძალიან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა შავკატ რახმონოვთან, თუმცა მოგვიანებით ბელალ მუჰამადსა და კარლოს პრატესთან მოგებით მან ეფექტური ქამბექი მოახდინა. 16 აგვისტოს გარი შეხვდება მოწინააღმდეგეს, რომელზეც აღარ ითქმის "მომავალი", მაგრამ ულაპარაკოდ, შერეული საბრძოლო ხელოვნებების აწმყო სწორედ მას უკავშირდება.
ირლანდიელ ქონთენდერს ელის კარიერის ყველაზე რთული გამოცდა, რადგან საპირისპირო მხარეს მახაჩევი იდგება. იყო დრო, როდესაც ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა დაღესტნელი მებრძოლი, მაგრამ თავად 2 დივიზიონის ქამრის მფლობელის მტკიცებით, დღეს ის უკვე თავისი კარიერის ფინიშს უახლოვდება.

არ არის გამორიცხული, რომ იანთან ბრძოლა ისლამისთვის საერთოდაც ბოლო იყოს. გააჩნია სცენარს - მარცხის შემთხვევაში, წაგებით წასვლას ის არასდროს შეეგუება, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსი მებრძოლი რემატჩს აუცილებლად მიიღებს. მოგებით კი შესაძლოა მან მართლაც დატოვოს ხელთათმანები ოქტაგონში.
34 წლის ჩემპიონისა და მისი მენეჯერისგან, ალი აბდელაზიზისგან მოვისმენთ - ყველას ყველაფერი დავუმტკიცეთ, ილია თოფურიასთანაც გვინდოდა ჩხუბი, მაგრამ მან ზედმეტად დიდი ჰონორარი მოითხოვა. მახაჩევის მტკიცებით, სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ შედგა მისი და ქართველი მებრძოლის დუელი.

კონორი-ხაბიბის აჩრდილი
როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება ირლანდიელი და დაღესტნელი, ეს ყველაფერი ავტომატურად გვაგონებს კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დუელს, რაც ნამდვილ მტრობაში გადაიზარდა. ირლანდიელი ვეტერანის მხარეს წარმოადგენს გარი, რომელსაც სახელოვან თანამემამულეს ისედაც ადარებენ.
ამის გარდა, იანმა თავად განაცხადა, რომ MMA-ში მოსვლის ინსპირაციის წყარო მისთვის სწორედ "ნოტორიუსი" იყო. ცოტა ხნის წინ, მან ღრმა წყალშიც შეტოპა და აღნიშნა, მახაჩევს დაანოკაუტებს ისე, როგორც ეს თავის დროზე მაკმა ჟოზე ალდოსთან გააკეთა. ირლანდიელი მებრძოლი ამ ყველაფერში ერთგვარ სიმბოლიზმს ხედავს.

როგორც ბრაზილიელი ყოფილი ჩემპიონი იყო Pound For Pound-ის პირველადგილოსანი, ისეა დაღესტნელი ქამრის მფლობელი ახლაც. 10 წლის მანძილზე წაუგებლად მიდიოდა "რიოს მეფე", ისე როგორც ახლა ისლამი. დამარცხდა ერთი, დამარცხდება მეორეც...კელტი მებრძოლი სწორედ ამ ფიქრებით ხვდება რუს მოწინააღმდეგესთან ჩხუბს.
ერთი სიტყვით, 28 წლის ქონთენდერის კონორთან კავშირში გავერკვიეთ და რაც შეეხება ნურმაგომედოვი-მახაჩევის დუეტს, მათ საერთო დამახასიათებელ ნიშნებზე საუბარი წაგვიყვანს შორს, უბრალოდ ვიტყვით, აღნიშნული ალიანსი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ 1 გუნდში ყოფნა...ეს არის ძმობა, ყოველდღიური და მარადიული.

განსხვავება ორ ეპიკურ ბრძოლას შორის მხოლოდ არის ის, რომ მაშინ, ჩემპიონი იყო ირლანდიელი ვარსკვლავი, დაღესტნელმა მეტოქემ კი მას ყველაფერი წაართვა. დღეს, ქამრის მფლობელის რანგშია ისლამი, მშიერი პრეტენდენტის როლში, გარი. ცხადია, მათ შორის არც სიძულვილი სუფევს ისე, როგორც ეს "ნოტორიუსისა" და ხაბიბის დუელში იყო.
დიახ, ირლანდიელი ქონთენდერი მიმართავს თრეშ თოქს, თუმცა მსუბუქად, მაკგრეგორამდე ამ მხრივ მას ბევრი უკლია და შესაბამისად, რუს მებრძოლს მისი შეძულების მიზეზი არ აქვს. 34 წლის ვეტერანისა და იანის ჩხუბში სასწორზე 1-ელ რიგში იდება სპორტული ფასეულობა და უკვე შემდეგ, პიროვნული ინტერესი ერთმანეთის მიმართ.
მახაჩევისა და მისი კელტი მეტოქის ბრძოლა შეიძლება ითქვას, რომ არის ნურმაგომედოვი - კონორის დაპირისპირების მეგობრული, სტერილური ვერსიაც კი. დაღესტნელი მებრძოლისთვის ასეც ჯობია, მან მთელი კარიერა გაიარა სკანდალების გარეშე, მისი მენეჯერის გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით თოფურიას მისამართით.

მახაჩევის რეკორდების წიგნი
მახაჩევი MMA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და მაჩადო გარის დამარცხების შემთხვევაში ეს არგუმენტი გამყარდება. რაც შეეხება დაღესტნელი სპორტსმენის უკვე არსებულ მიღწევებს: ყველაზე მეტი, 5 მოგება სატიტულო ჩხუბში 70 კილოგრამში, ასევე ყველაზე გრძელი გამარჯვებათა სერია (14) აღნიშნულ დივიზიონში.
ეს არის ისლამის რეკორდების ძალიან მცირე ჩამონათვალი. ირლანდიელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში მას დაუგროვდება ზედიზედ 17 გამარჯვება, რაც მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში უნიკალური მოვლენა იქნება. რუსი მებრძოლი ახლაც ლიდერია, მაგრამ 1-ელ პოზიციას 16-16 მოგებით ანდერსონ სილვასთან იყოფს.

ლეგენდარული ბრაზილიელი ჩემპიონისა და მახაჩევის რეკორდთან ახლოს იყო მერაბ დვალიშვილიც, თუმცა პიოტრ იანთან მარცხით, მისი სერია 14 მოგებაზე შეწყდა. ქართველ მებრძოლს უსწრებს მხოლოდ 3 კოლეგა: უკვე ხსენებული "ობობა" და დაღესტნელი ვეტერანი 16-16 მოგებით, ასევე კამარუ უსმანი, რომლის სერია 15 გამარჯვებას მოიცავდა.
დავუბრუნდეთ ისლამის რეკორდებს - იანთან გამარჯვების შემთხვევაში ის დაუამრცხებელი დარჩება კიდევ 3620 დღით, რაც თითქმის 10-წლიან სუფთა სერიას მოიცავს. ამის გარდა, რუსი მებრძოლი შეუერთდება იმ ლეგენდების ელიტურ სიას, რომლებმაც 2 დივიზიონში არა მხოლოდ მოიპოვეს ქამარი, არამედ დაიცვეს კიდეც.
ჯონ ჯონსი, დანიელ კორმიე, ჰენრი სეხუდო, ამანდა ნუნესი - შემდეგი მახაჩევი იქნება?! ამ ყველაფრის მიღწევის შემთხვევაში აღარ იარსებებს კითხვა, თუ სად არის დაღესტნელი მებრძოლი, შერეული საბრძოლო ხელოვნებების აწმყოში თუ უკვე წარსულში? ის აღმოჩნდება ნებისმიერი დროის გარეთ, მარადიულად.

ქართული კვალი მოახლოებულ ბრძოლაში
ქართველი მებრძოლების აღმავლობის ფონზე ჩვენი სპორტსმენების წარმატების ფორმულით დაინტერესდა მაჩადო გარი, ვინც ბელალის დამარცხების შემდეგ დაანონსა მახაჩევთან ჩხუბი და მოსამზადებელი კემპის გავლა ჩვენს ქვეყანაში ისურვა. ირლანდიელი მებრძოლის კომენტარი იყო ასეთი:
"გპირდებით, საქართველოში მოვდივარ. აუცილებლად ჩამოვალ, რადგან ქართველებს ფენომენალური მოჭიდავეები, ძიუდოისტები და სამბისტები გყავთ. როცა მახაჩევის დონის ოპონენტისთვის ემზადები, ეს დაგჭირდება. ასე რომ, ქართველებო, თქვენი დახმარება მჭირდება. ცაცია მოჭიდავეებო, რომლებიც ფიქრობთ, რომ ისლამს ჰგავხართ, შეხვედრის ადგილზე შევთანხმდეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ.
ინტერვიუს შემდეგ ნომერს ჩაგაწერინებთ. მინდა დავრწმუნდე, რომ ამას მოვაგვარებთ. გამარჯვების შემდეგ დაკავშირება ჭკვიანურია. გაფასებთ და მიყვარხართ ქართველებო", - განაცხადა იანმა, რომლის სიტყვები სულაც არ იყო ხუმრობა, მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენს ქვეყანაში ის მართლაც ჩამოვიდა.

საქართველოში ყოფნისას კელტმა ქონთენდერმა ადგილობრივ დარბაზებში ივარჯიშა, ჩვენს სპორტსმენებთან გაიარა სპარინგები და დაღესტნელ ჩემპიონთან ჩხუბის წინ ჭიდაობის დაცვითი ასპექტები დახვეწა. აღსანიშნავია, რომ 28 წლის მებრძოლისთვის ეს ვიზიტი არა მხოლოდ ტექნიკური მზადება, არამედ მედია-სტრატეგიაც იყო.
ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერის მოპოვება და საკუთარი საჩემპიონო ამბიციების კიდევ უფრო ხმაურიანად გაჟღერება - დიახ, მაჩადო გარის აღნიშნული მიზანიც ამოძრავებდა. ინიციატივა დაიწუნა მისმა რუსმა მოწინააღმდეგემ, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს სკეპტიკურად შეხედა.

"აქამდეც მითქვამს, რომ მებრძოლებისთვის შეცდომაა დაპირისპირებამდე ორი ან სამი თვით სადმე სხვაგან მოსამზადებლად წასვლა, რომ ჭიდაობა გააუმჯობესონ. პირიქით, ბოროტი ხუმრობასავით გამოდის, იმიტომ რომ ადამიანი ცოტა ხნით სადღაც კემპისთვის მიდის და მერე საკუთარ ჭიდაობაში მას რწმენა ემატება.
ორ - სამ თვეში ჭიდაობის სწავლა შეუძლებელია. ეს ის არის, რაც ბავშვობიდან უნდა აკეთო, ბევრი წელი", - განაცხადა მახაჩევმა. გამოადგება თუ არა ირლანდიელ მებრძოლს ქართველი მოჭიდავეების ინსტრუქტაჟი დაღესტნელი ოპონენტის წინააღმდეგ? ამას 16 აგვისტოს გავიგებთ. ფაქტია, საკმარისზე მეტადაც მონდომებულია იანი ისლამთან ჩხუბის წინ.

მოსალოდნელი სცენარი
მახაჩევისა და მაჩადო გარის ბრძოლა სტილისტურად ძალიან საინტერესო დაპირისპირება არის ჟანრიდან - ჭიდაობა დარტყმითი ტექნიკის წინააღმდეგ. ირლანდიელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მებრძოლია (191 სმ), ხელის დიდი წვდომით. მისი მთავარი იარაღი დისტანციის მართვა, სწრაფი ჯებები და ფეხებით დარტყმაა.
იანი შეეცდება, რომ მაქსიმალურად შორეულ დისტანციაზე ჰყავდეს დაღესტნელი ჩემპიონი, გამოიყენოს ფეხით მოძრაობა და არ მისცეს მოწინააღმდეგეს მანძილის შემცირების საშუალება. ისლამის უპირატესობა? კლასიკური სცენარი, ყოველგვარი ექსპერიმენტებისა და ინოვაციების გარეშე.

რუსი ჩემპიონის მთავარი იარაღი იქნება კელტი ქონთენდერის დარტყმების ქვეშ შესვლა, გალიასთან მიმწყვდევა და კლინჩიდან ან ფეხში შესვლით თეიქდაუნის შესრულება. 28 წლის მებრძოლმა ჩვენს ქვეყანაში სწორედ მახაჩევის მსგავს ცაცია მოჭიდავეებთან გაიარა სპეციალური მზადება, რათა ისწავლოს თეიქდაუნებისგან დაცვა და სწრაფად წამოდგომა.
არის ერთი მაგრამ - დაღესტნელი ჩემპიონის ჭიდაობის სტილი არა მხოლოდ ძალისმიერად, არამედ ტექნიკური ოსტატობითა და წონასწორობის დარღვევით ხასიათდება, რაც ოპონენტისგან უნაკლო დაცვას მოითხოვს. თუ გარი შეძლებს პირველი 2 რაუნდის მანძილზე თეიქდაუნების დაბლოკვას, ისლამი იძულებული გახდება დგომში იჩხუბოს.

იქ კი ირლანდიელი ქონთენდერის სიმაღლე, სიჩქარე და დარტყმის დისტანცია სერიოზულ საფრთხეს შექმნის. რაც შეეხება სავარაუდო შედეგს, რუსი მებრძოლის მოგების ვარიანტები ასეთია: ადრეული თეიქდაუნი, პარტერში დომინაცია, იანის დაღლა და გამარჯვება საბმიშენით ან მსაჯთა გადაწყვეტილებით.
კელტი ქონთენდერის გამარჯვების ვარიანტი - დისტანციის სრული კონტროლი, თეიქდაუნების წარმატებით მოგერიება და 34 წლის ჩემპიონის დაზიანება შორ დისტანციაზე...მოგება ნოკაუტით ან ქულებით. გამოცდილებიდან და კლასიდან გამომდინარე, მახაჩევი ფავორიტია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მისი მოწინააღმდეგე არის მებრძოლი, რომელიც კლასიფიცირდება როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნებების ევოლუცია.


















