მილანში ახალი ეტაპი იწყება. მარკუს კრიოშე კარიერას იტალიურ გრანდში გააგრძელებს და 2027 წლის 1 იანვრიდან კლუბის ახალი Head of Football გახდება. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება ჯერ კიდევ ოქტომბერში შედგა, თუმცა საბოლოო დეტალების მოგვარებას დრო დასჭირდა. ჯერი კარდინალე აინტრახტს გერმანელი მენეჯერის სანაცვლოდ დაახლოებით €4-5 მილიონ ევროს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ბიზნესმენი კრიოშეს მილანში ჯერ კიდევ 2026 წლის ზაფხულში მიწვევას ცდილობდა, თუმცა მაშინ შეთანხმება ვერ შედგა. კარდინალე საკუთარ არჩევანს არ გადაუხვია და სასურველი კანდიდატის დამატებას საბოლოოდ მაინც მიაღწია.
კრიოშე ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტულ მენეჯერად მიიჩნევა. მისი მთავარი უპირატესობა ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა, განვითარება და მომგებიან ფასად გაყიდვაა. გერმანელის საქმიანობის დროს აინტრახტში არაერთი წარმატებული სატრანსფერო ოპერაცია განხორციელდა: უგო ეკიტიკე დაახლოებით €35 მილიონ ევროდ შეიძინეს და მოგვიანებით ლივერპულში €95 მილიონად გაყიდეს, ხოლო რანდალ კოლო მუანი და ომარ მარმუში გუნდს თავისუფალი აგენტების სტატუსით შეუერთდნენ და მათი გაყიდვით კლუბმა დაახლოებით €170 მილიონი ევრო მიიღო. მანამდე, ლაიფციგში მუშაობისას, კრიოშეს მიერ განხორციელებულ წარმატებულ ტრანსფერებს შორის კრისტოფერ ნკუნკუს, დანი ოლმოსა და დომინიკ სობოსლაის დამატებაც იყო.

თუმცა, მილანში კრიოშე მხოლოდ ფეხბურთელების აღმოჩენისა და მათი მომგებიან ფასად გაყიდვისთვის არ მიუყვანიათ. მისი მთავარი მისია როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული, ისე უკვე შემდგარი და მაღალი დონის ფეხბურთელების მოძიება, გუნდში მოყვანა და შენარჩუნება იქნება. კარდინალეს სურს, მილანში ისეთი სპორტული პროექტი ჩამოყალიბდეს, რომელიც ახალგაზრდა და გამოცდილ ფეხბურთელებს გააერთიანებს და მომავალში "როსონერის" გრძელვადიან წარმატებას უზრუნველყოფს. გერმანელს სწორედ ამ პროცესის წარმართვა და კონკურენტუნარიანი შემადგენლობის ჩამოყალიბება დაევალება.
კარდინალეს გეგმა მხოლოდ ახალი მენეჯერის დანიშვნით არ შემოიფარგლება. მილანის მფლობელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის სერიოზული თანხის გამოყოფას გეგმავს და კრიოშეს საკმაოდ დიდი თავისუფლება ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში კლუბის პრიორიტეტული სამიზნე რეალ მადრიდის ბრაზილიელი ფორვარდი ენდრიკია, რომელიც კარდინალეს ერთ-ერთ საოცნებო ტრანსფერად მიიჩნევა. თუმცა მილანი მხოლოდ მასზე არ აპირებს მუშაობას - იტალიური მედიის ცნობით, როსონერი მინიმუმ ორი სხვა ფეხბურთელის დამატებასაც შეეცდება. გავრცელებული ცნობებით, კარდინალეს მიერ იანვრისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი შესაძლოა €100 მილიონ ევროსაც გადააჭარბოს.

კრიოშეს პირველი მნიშვნელოვანი ამოცანა მილანის სპორტული სტრუქტურის ჩამოყალიბებაც იქნება. გერმანელი ახალი სპორტული დირექტორის კანდიდატურას თავად შეარჩევს, რის შემდეგაც კლუბში სატრანსფერო პოლიტიკისა და გრძელვადიანი სპორტული განვითარების მიმართულებით მუშაობა უფრო ორგანიზებულად გაგრძელდება. მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ ფეხბურთელების შეძენა არ იქნება, მას მოუწევს შემადგენლობის შეფასება, არასასურველი მოთამაშეების მომავლის გადაწყვეტა და რუბენ ამორიმთან ერთად გუნდის საჭიროებების განსაზღვრა.
კარდინალეს მიზანი მილანის იტალიურ და ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებაა. ახლა კი, კრიოშეს დანიშვნით, კლუბს ეძლევა შესაძლებლობა, სატრანსფერო პოლიტიკა ერთიანი ხედვით წარმართოს. იანვარი ამ პროექტის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება - მილანს სურს, ამორიმს საჭირო ფეხბურთელები დაუმატოს და 2027 წელი ამბიციური გეგმებით დაიწყოს.











