მილანი მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. როგორც ცნობილი ხდება, "როსონერი“ ვირჯილ ვან დაიკისა და ბრუნო ფერნანდეშის დამატებას შეეცდება. ორივე ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, თუმცა ჯერ უცნობია, გაახანგრძლივებენ თუ არა ისინი ხელშეკრულებებს. თუ რომელიმე მათგანი კლუბთან ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მილანს მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობა ექნება. გამოცდილი ნიდერლანდელი მცველისა და პორტუგალიელი ნახევარმცველის ტრანსფერები კი იტალიური გუნდისთვის სერიოზული გაძლიერება იქნება.
აქამდე მილანისთვის თავისუფალი აგენტების ტრანსფერები გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენდა. საქმე ფეხბურთელების ხელფასებსა და არა სატრანსფერო ღირებულებას, არამედ მათ წარმომადგენლებთან დაკავშირებულ ფინანსურ მოთხოვნებს ეხებოდა. კლუბის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯო ფურლანი, აგენტებისთვის მაღალი საკომისიოების გადახდას ერიდებოდა და ამ საკითხში მილანის პოზიცია საკმაოდ მკაცრი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ჯერი კარდინალემ მიდგომა შეცვალა - ახლა მილანისთვის დამატებით 5-10 მილიონი ევროს გადახდა დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, თუ ეს გარიგება სასურველი ფეხბურთელის დამატებას უზრუნველყოფს.
ვან დაიკისა და ბრუნო ფერნანდეშის შესაძლო ტრანსფერები სწორედ ამ ახალი სტრატეგიის ნათელი მაგალითია. ერთი მათგანი დაცვის ხაზს გამოცდილებასა და ლიდერულ თვისებებს შემატებდა, მეორე კი ნახევარდაცვაში შემოქმედებითობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდიდა. ორივე ფეხბურთელის დამატება მილანისთვის სერიოზული განაცხადი იქნებოდა. მოსალოდნელია, რომ 2027 წელს "როსონერი“ თავისუფალი აგენტების ბაზარზე კიდევ უფრო აქტიური იქნება და ვან დაიკისა და ბრუნო ფერნანდეშის გარდა, სხვა მაღალი დონის ფეხბურთელების დამატებასაც შეეცდება.















