ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება - 26 ოქტომბერი, ლონდონ პალადიუმი, ადგილი, სადაც 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. წარმოგიდგენთ ბალონ დ'ორის მოგების 10 მთავარ კანდიდატს, რომელთა შორის ერთი ქართველიც გამოირია.
ჯუდ ბელინგემი
რატომ იმსახურებს - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები გავიდა მესამე ადგილზე და ეს შედეგი ბელინგემის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ფლეიმეიქერის პოზიციაზე მოთამაშე ჯუდმა აშშ-ს მუნდიალზე შეაგდო 7 ბურთი, რითაც ბრიტანელთა საუკეთესო გოლეადორი გახდა.
დიახ, ინგლისელმა ნახევარმცველმა თანამემამულე ჰარი კეინზე მეტი გოლიც გაიტანა. ახალგაზრდა გამთამაშებელზე შედეგიანები 2026 წლის მუნდიალზე მხოლოდ ლიონელ მესი და კილიან მბაპე იყვნენ. ცალკა გამოსარჩევია ის ფაქტი, თუ როგორი მნიშვნელოვანი ბურთები შეაგდო "3 ლომის" ფლეიმეიქერმა.
ორ-ორი გოლი მექსიკასა და ნორვეგიასთან, რითაც ტომას ტუხელის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ინგლისელთა მე-10 ნომერმა მიიღო კუთვნილი ბრინჯაოს ბურთი და ადგილი მუნდიალის სიმბოლურ 11-ეულში. ახალგაზრდა ფლეიმეიქერი აღნიშნულ გუნდში ბრიტანელთაგან ერთადერთი იყო.

რატომ არ იმსახურებს - დიახ, ბელინგემმა გაიბრწყინა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა 2025/2026 წლების საკლუბო სეზონმა მას ზურგი ვერ გაუმაგრა. ტრავმების გამო გამოტოვებული 15 შეხვედრა სეზონის სტარტზე და შუაში, შედეგად კი სულ რაღაც 8 ბურთი 40 თამაშში. ჯუდი მთელი წლის მანძილზე ცდილობდა ფორმაში ჩადგომას, მადრიდის რეალი კი საკუთარი თამაშის პოვნას.
ასეთი დაბალი შედეგი ინგლისელ ნახევარმცველს არ ჰქონია მოზარდობიდან მოყოლებული, როდესაც ის დორტმუნდის ბორუსიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. მართალია, "ბლანკოსის" ფლეიმეიქერის ჩავარდნა განპირობებული იყო ტრავმებითა და კლუბში არსებული არეულობით, მაგრამ ჩვენ ხომ იდეალური საფეხბურთო წლის მქონე მოთამაშეს ვეძებთ.
ბერნაბეუს ბინადრების ხუთიანი კი 2025/2026 წლების სეზონში ასეთი არ იყო. ამ ყველაფერს დავუმატოთ ისიც, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველმა ვერაფერი მოიგო. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ფლორენტინო პერესის კლუბს აჯობა მიუნხენის ბაიერნმა, პრიმერა დივიზიონში - ბარსელონამ, ესპანეთის თასზე კი როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ალბასეტემ.

ჰარი კეინი
რატომ იმსახურებს - კეინმა 2025/2026 წლების სეზონი დაასრულა 51 მატჩში გატანილი 61 გოლით...რიცხვები, რომლებიც მესისა და რონალდუს პრაიმულ წლებს მოგვაგონებს. ჰარი გახდა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე როგორც ბაიერნში, ისე ზოგადად, გერმანიის ჩემპიონატშიც და შედეგად, ევროპის სეზონის საუკეთესო გოლეადორის დამსახურებული პრიზი.
ინგლისელი თავდამსხმელი უკვე წლებია, რაც ტრიალებს ოქროს ბურთის პოტენციური მფლობელების რიცხვში და არსებობს მოსაზრება, რომ ახლა ბალონ დ'ორს ის იმსახურებს ისე, როგორც არასდროს. სხვადასხვა თეორიებისა და სიმბოლიზმის მოყვარული ფანებიც წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზით ხედავენ სწორედ მიუნხენელთა ფორვარდს და ამას თავისი მიზეზი აქვს.
წელს იქნება ოქროს ბურთის დაჯილდოების 70-წლიანი იუბილე...სტენლი მეთიუსის სულ პირველი ჯილდოდან - დღემდე. შეიკვრება თუ არა წრე 2026-ში კიდევ ერთი ინგლისელის მოგებით? ყველაფერს 26 ოქტომბერს გავიგებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცერემონია ჩატარდება ლონდონში, "რეკორდმაისტერის" მე-9 ნომრის მშობლიურ მიწაზე.

რატომ არ იმსახურებს - მესი/რონალდუს მსგავსი შედეგიანობა და მეთიუსთან პარალელი კარგია, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტი, რაც კეინს ბალონ დ'ორისგან აშორებს. ჰარი, როგორც ბაიერნისთვის, ისე ინგლისისთვისაც არის ჰაერივით მნიშვნელოვანი ელემენტი, მაგრამ გერმანიის ჩემპიონატის გარდა მან ვერაფერი მოიგო.
ინგლისელ თავდამსხმელში ხედავენ ლიდერს, ვინც ორივე გუნდს მიიყვანს მთავარ ტიტულებამდე, თუმცა ფაქტია, ბრიტანელები მსოფლიო ჩემპიონატზე და მიუნხენელებიც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 1/2 ფინალში გაჩერდნენ. ცხადია, არგენტინასა და პარი სენ-ჟერმენთან წაგებებში "რეკორდმაისტერის" ფორვარდის ბრალი არაფერია, მაგრამ მაინც, მთავარ ტრიუმფებამდე ის ვერ მივიდა.
არსებობს კიდევ ორი მოსაზრება, თუ რატომ არ იმსახურებს ალიანც არენას ბინადრების ცხრიანი ოქროს ბურთს. პირველი - მსოფლიო ჩემპიონატზე "სამ ლომში" 33-წლის ფორვარდზე მნიშვნელოვანი იყო ბელინგემი, ვენსან კომპანის გუნდში კი მაიკლ ოლისე. მე-2 მოსაზრება: დიახ, 51 შეხვედრაში 61 ბურთი უბრალოდ ასტრონომიული რიცხვია, მაგრამ კეინზე შედეგიანები იყვნენ სხვები, როგორც მუნდიალზე, ისე ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზეც.

ხვიჩა კვარაცხელია
რატომ იმსახურებს - პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა ზედიზედ ორჯერ და თუ პირველ სეზონში მთავარ როლში იყო უსმან დემბელე, მეორეში ეს ულაპარაკოდ კვარაა. 2025/26-ში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ახალგაზრდა ვინგერზე შედეგიანი საერთოდაც არავინ ყოფილა.
გოლს პლიუს საგოლე გადაცემის სისტემით ხვიჩამ დააგროვა 16 ქულა, იმდენი, რამდენიც მბაპემ და კეინმა. განსხვავება არის ის, რომ ეს დუეტი აღნიშნულ რიცხვებზე ავიდა ძირითადად დაგვირგვინების ხარჯზე, მაგალითად: კილიანმა შეაგდო 15 ბურთი და გააკეთა მხოლოდ 1 ასისტი, ჰარიმ კი კარის 14-ჯერ აღებას 2 პასი დაუმატა.
ქართველი შემტევი ფრანგი და ინგლისელი კონკურენტებისგან განსხვავებით თანაბრად შედეგიანი იყო როგორც გოლების გატანაში, ისე საგოლე გადაცემებშიც: 10+6. ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო პსჟ-ს ვინგერის შედეგიანი მოქმედებები. ლონდონის არსენალთან მთავარ შეხვედრაში მოპოვებული 11-მეტრიანიც კი "ლურჯ-წითლების" მე-7 ნომრის აქტიურობას მოჰყვა.

რატომ არ იმსახურებს - ერთადერთი კედელი, რაც აღმართულია ოქროს ბურთსა და კვარაცხელიას შორის, მსოფლიო ჩემპიონატი არის. ცნობილი ფაქტია, მუნდიალის წელს აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობა ბალონ დ'ორის მომავალი მფლობელის არჩევის საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
დიახ, გვახსოვს ისეთი გამონაკლისებიც, როდესაც ოქროს ბურთის გამარჯვებულს მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია უღიმღამოდ ან ტურნირზე საერთოდაც არ ყოფილა. მაგალითად: 1978-ის კევინ კიგანი, 2010-ის მესი და 2014-ის რონალდუ. რთული სათქმელია, რამდენად ახლოა აღნიშნულ ტრიოსთან ხვიჩა.
ინგლისელი შემტევის ოქროს ბურთის დროს ამ ჯილდოს აძლევდნენ მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს, ლიონელი და კრიშტიანუ კი იყვნენ მიუწვდომელ მწვერვალზე მაშინაც კი, როცა მათი ეროვნული გუნდები ტურნირს ნაადრევად ეთიშებოდნენ. ერთი სიტყვით, მხოლოდ მუნდიალია ის ფაქტორი, რომელმაც ქართველი ვინგერი შესაძლოა ბალონ დ'ორს დააშოროს.

კილიან მბაპე
რატომ იმსახურებს - მბაპე 2026 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. დიახ, რაოდენობრივად კეინმა კი შეაგდო ჯამში მეტი, მაგრამ ხარისხობრივად უპირატესობა კილიანის მხარესაა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მუნდიალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი სწორედ ფრანგი ფორვარდი გახდა.
რეალის ლიდერის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული კიდევ ერთი მიღწევა - პირველად 1970 წლიდან, ანუ გერდ მიულერის ბომბარდირობიდან, მუნდიალის საუკეთესო გოლეადორი 1 ტურნირზე 10-ბურთიან ნიშნულზე ავიდა. ის, რაც ვერ მოახერხეს რონალდო ნაზარიომ, მიროსლავ კლოზემ და სხვებმა, საფრანგეთის ეროვნული გუნდის მე-10 ნომერმა შეძლო.
თუ ოქროს ბურთის მოპოვებაში გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა ინდივიდუალური მიღწევები, "დონატელო" წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის არაოფიციალური მფლობელი უკვე გახდებოდა. რეალობა სხვაა და შესაძლოა, 27 წლის ფორვარდი ბალონ დ'ორისგან სინამდვილეში კეინსა და კვარაზე შორს იყოს.

რატომ არ იმსახურებს - დიახ, მბაპე გახდა ყველა იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, სადაც ითამაშა, თუმცა რეალსა და საფრანგეთს მისი შედეგიანობა ტიტულების მოგებაში ვერ დაეხმარა. მადრიდელებმა წააგეს ბაიერნთან...გუნდში, რომელშიც ასპარეზობს კეინი, "მამლებმა" კი ესპანეთთან...ეროვნულ ნაკრებთან, სადაც კილიანის ასევე არაერთი კონკურენტი თამაშობს.
ფრანგი თავდამსხმელი ბრწყინავდა გასულ სეზონებშიც და წინა წლებში მან გაიტანა უფრო მეტიც კი, თუმცა ამის მიუხედავად, "ბლანკოსმა" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ვერ მოიგო. იგივე მდგომარეობაში წლების მანძილზე პარი სენ-ჟერმენიც იყო. სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ აქვს ბერნაბეუს მკვიდრთა ლიდერს ბალონ დ'ორი მოგებული აქამდე.
თუ ტიტულების გარეშე უბრალოდ ბევრი გოლის გატანა ოქროს ბურთისთვის აქამდე არ იყო საკმარისი, რატომ უნდა გახდეს ეს კრიტერიუმი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც და მაინც ახლა? რეალის ამჟამინდელი მე-10 ნომერი კატარის მუნდიალზეც გახდა საუკეთესო გოლეადორი, მაგრამ ბალონ დ'ორი მას არ მოუგია.

ლიონელ მესი
რატომ იმსახურებს - სიის ყველაზე მოულოდნელი წევრი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. დიახ, უკვე 20 წელია, რაც მესი გვანებივრებს მომაჯადოვებელი პერფომანსებით, მაგრამ 39 წლის ასაკში და თანაც მუნდიალზე?! აშშ-ს ტურნირზე ლეომ ბევრისთვის სენსიტიურ თემაზე დებატები სამუდამოდ დახურა.
მსოფლიო ჩემპიონატის წინ, არგენტინას ბევრი ფავორიტებს შორის არც განიხილავდა. ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, პირველ რიგში კი "ალბისელესტეს" კაპიტნის სოლიდური ასაკი. ფიქრები დაღმასვლასა და ჩამოწერაზე გაქრა პირველივე თამაშში, როცა ვეტერანმა ფლეიმეიქერმა ალჟირის ეროვნულ ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
არგენტინელი შემტევი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში გაიტანა სამი გოლი, რითაც მან რონალდუს მიღწევა გააბათილა. "სელესიონის" მე-10 ნომერი ყოველ თამაშში დებდა მომაჯადოვებელ პერფომანსებს, ამან კი გააჩინა საუბრები უკვე არა დაღმასვლაზე, არამედ მე-9 ბალონ დ'ორის მოგებაზე.

რატომ არ იმსახურებს - დიახ, არგენტინა ახლოს იყო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობასთან და ეს პირველ რიგში სწორედ მესის დამსახურებით, მაგრამ რა ხდება მუნდიალს მიღმა, საკლუბო ფეხბურთში? ლეომ უკვე დიდი ხანია, რაც მოიწყო მშვიდი სიბერე MLS-ში, ინტერ მაიამიში თამაშით.
არგენტინელი შემტევი აღარ ტრიალებს იქ, სადაც რეალი, ბარსელონა თუ პარი სენ-ჟერმენი არკვევენ უძლიერესი გუნდის ვინაობას, მათი ფეხბურთელები კი ბალონ დ'ორის მომგებს. France Football-ისგან მოვისმინეთ ოფიციალური განმარტებაც, რომლის მიხედვითაც, წლის საუკეთესო მოთამაშე მხოლოდ მუნდიალზე თამაშით არ გამოვლინდება.
აქედან გამომდინარე, "ალბისელესტეს" კაპიტანი შორს არის ოქროს ბურთისგან და ეს ლოგიკურიცაა. ვეტერანი შემტევისთვის ეს არ იქნება ტრაგედია, იმის გათვალისწინებით, რომ "სელესიონის" მე-10 ნომერს აქვს 8 ბალონ დ'ორი, მის კონკურენტებს კი 0. უბრალოდ სიგიჟეა ის ფაქტი, რომ სრულიად ახალი თაობის მოთამაშეებმაც კი, როგორებიც არიან თუნდაც კვარა ან ლამინ იამალი, "ლა პულგასგან" კონკურენცია მაინც იგრძნეს.

მაიკლ ოლისე
რატომ იმსახურებს - თუ გოლების მანქანის ფუნქცია ბაიერნში ათვისებული აქვს კეინს, საგოლე გადაცემების მანქანა ოლისე არის. ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ყველაზე მეტი ასისტი გააკეთა. ამის გარდა, მიუნხენური კლუბისა და გერმანიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა არა ჰარი, არამედ მაიკლი.
ფრანგი შემტევის გავლენა "რეკორდმაისტერის" წარმატებაზე უბრალოდ ფუნდამენტურია. თავად განსაჯეთ - ახალგაზრდა გარემარბმა გოლებით მოამარაგა ალიანც არენას მკვიდრების 12 მოთამაშე და გერმანიის ჩემპიონატში გადმოსვლიდან 2 სეზონის მანძილზე ბურთი ან ასისტი მიითვალა ლიგის ყველა იმ კლუბთან, რომელთანაც ითამაშა.
საფრანგეთის ნაკრების შემტევმა საგოლე გადაცემების დარიგება მსოფლიო ჩემპიონატზეც გააგრძელა. ჯამში შვიდი პასით, ახალგაზრდა გარემარბმა მუნდიალი დაასრულა საუკეთესო ასისტენტის სტატუსით და მოხსნა ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს 1970-ის მიღწევა: ერთ ტურნირზე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემით.

რატომ არ იმსახურებს - კეინის მსგავსად, ოლისეს სვლა დასრულდა ნახევარფინალებში, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც. მუნდიალზე საფრანგეთს მოუგო მომავალმა ტრიუმფატორმა ესპანეთმა, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე კი ბაიერნს აჯობა ასევე მომავალმა ჩემპიონმა, პარი სენ-ჟერმენმა.
არ ღირს მაიკლის დადანაშაულება მიუნხენური გუნდისა და "მამლების" მარცხში, უბრალოდ ფაქტია - ახალგაზრდა შემტევი მთავარი თასების გარეშე დარჩა. ამის გარდა, მუნდიალზე თვალშისაცემი იყო ფრანგი ვინგერის ერთგვარი ჩაკარგვა მბაპეს, დემბელეს, ბარკოლასა და დუეს ფონზე. მართალია, "ლურჯების" გარემარბი თანაგუნდელებს ამარაგებდა ასისტებით, მაგრამ ქიმია არ შეინიშნებოდა.
ვგულისხმობთ ისეთ ქიმიას, როგორიც სუფევს "რეკორდმაისტერში" - ჰარის, ლუის დიასსა და საფრანგეთის ნაკრების მე-11 ნომერს შორის. ახალგაზრდა ვინგერი იყო აბსოლუტურად ინერტული "მამლებისთვის" მთავარ შეხვედრებში: "ლა როხასთან", მაროკოსა და პარაგვაისთან. მართალია, 24 წლის გარემარბმა დააქამბექა ინგლისთან 2 ასისტით, მაგრამ მხოლოდ მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში.

როდრი ერნანდესი
რატომ იმსახურებს - მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ლიდერი და კაპიტანი, ასევე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ისე, როგორც 2024 წლის ევროსა და მანჩესტერ სიტის ოქროს წლებში, როდრის გარეშე უმაღლეს მწვერვალზე ასვლა წარმოუდგენელი იქნებოდა. უკვე 2 წელზე მეტია, რაც ერნანდესი "ლა როხას" წარმატების ფუნდამენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ ნახევარმცველს გოლი ან საგოლე გადაცემა არ მიუთვლია, "წითლების" მთავარ იარაღს, ბურთის კონტროლს ყველაზე ეფექტურად სწორედ ის ფლობდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის კაპიტანმა მუნდიალზე გააკეთა ყველაზე მეტი პასი: 799 მცდელობიდან 747 (საშუალოდ 93 გადაცემა 1 შეხვედრაში).
ეს ყველაფერი კი 93-პროცენტიანი სიზუსტით, რაც მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდია. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ფინალში გაკეთებული 101 პასით 30 წლის შუახაზელი გახდა ერთ-ერთი იმ 3 მოთამაშიდან, რომლებმაც მუნდიალის მთავარ შეხვედრაში 100-ზე მეტი გადაცემა გააკეთეს. კარლოს დუნგა (1994, 130 პასი), პაუ კუბარსი (2026, 121 პასი) და სწორედ როდრი (2026, 101 პასი).

რატომ არ იმსახურებს - ერნანდესის მდგომარეობა ამ მხრივ მსგავსია ბელინგემის სიტუაციასთან. ორივე ნახევარმცველმა მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა უმაღლეს დონეზე, მაგრამ როგორც როდრის, ისე ჯუდსაც, საკლუბო სეზონი ზურგს ვერ უმაგრებს. 2024 წლის ბალონ დ'ორის მფლობელის პრობლემები დაიწყო იმავე წლის სექტემბერში, როცა ესპანელმა შუახაზელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
მანჩესტერ სიტის ყოფილმა ნახევარმცველმა გამოტოვა 2024/2025 წლების პრაქტიკულად მთელი სეზონი და ფორმაში ჩადგომა მან ვერც გასულ წელს შეძლო. "ქალაქელთა" ყოფილი მე-16 ნომერი დაიმტვრა კიდევ 5-ჯერ, რის გამოც მის გარეშე კიდევ 30-მდე შეხვედრამ ჩაიარა. სანამ ის მკურნალობდა, "ლურჯები" ფსკერზე ეშვებოდნენ.
30 წლის ნახევარმცველმა ბოლო ორი სეზონი გაატარა ლაზარეთში, ეტიჰადის ბინადრები კი ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის ფავორიტობას ჩამოშორდნენ. როდრის სრულფასოვანი ქამბექი შედგა აშშ-ს მუნდიალზე, იქამდე კი როგორც აღვნიშნეთ, მის კარიერაში თითქმის 2-წლიანი ტრავმატული პერიოდი სუფევდა.

ფაბიან რუისი
რატომ იმსახურებს - სიაში ფიგურირებენ ფეხბურთელები, ვინც გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, ასევე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებიც - რუისი არის ის მოთამაშე, რომელმაც ორივე მთავარი ტიტული მიისაკუთრა. ესპანეთმა მოიგო მუნდიალი, იქამდე...ევრო 2024, პარი სენ-ჟერმენი კი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორი მიყოლებით მეორედ გახდა.
უბრალო შეხსენება იმის აღსანიშნავად, თუ ორი როგორი მნიშვნელოვანი გუნდის ნაწილია ფაბიანი. საუბრები ოქროს ბურთის შესახებ პირველად გააჩინა ლუის ენრიკემ, რომელმაც ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, თუ რომელიმე მოთამაშეს ჰქონდა იდეალური წელი, პირველ რიგში ეს ესპანელ შუახაზელზე ითქმის.
მოგვიანებით, ამბიციური განცხადება, თანაც უკვე იუმორს მოკლებული გაავრცელა თავად "ფურია როხას" ნახევარმცველმა, ვინც სიამაყით აღნიშნა, რომ გუნდურად მოიგო ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. რაც შეეხება ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებას, "წითლების" მე-8 ნომრისთვის ასეთი ბალონ დ'ორია, რომელზეც წარსულში ის ვერც იფიქრებდა.

რატომ არ იმსახურებს - გასაგებია, რომ რუისის კოლექციაში 2026 წელს წავიდა ყველა მნიშვნელოვანი თასი, თუმცა რამდენად დიდია მისი როლი ესპანეთსა და პარი სენ-ჟერმენში? შეგვიძლია თუ არა ფაბიანის გატოლება როდრისთან ან თუნდაც ვიტინიასთან? მართალია, ის ძირითადის მოთამაშეა, მაგრამ არა საკვანძო.
ესპანელმა ნახევარმცველმა განვლილ სეზონში ტრავმების გამო პსჟ-ს რიგებში საერთო ჯამში გამოტოვა 28 მატჩი, რაც თითქმის ნახევარს უდრის. რაც შეეხება მუნდიალს, ბელგიის ეროვნული გუნდის კარის აღების გარდა, კიდევ რით დაგამახსოვრდათ "ლა როხას" შუახაზელი აშშ-ს ტურნირზე? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ნამდვილად რთულია.
გვახსოვს ფეხბურთელები, ვინც "წითლების" რვიანის მსგავსად ერთ წელიწადში გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები, მაგალითად, სამი ხედირა 2014-ში და რაფა ვარანი 2018-ში, მაგრამ ბალონ დ'ორი მათთვის არავის მიუცია. ობიექტურად, 30 წლის შუახაზელი აღნიშნულ მოთამაშეებთან უფრო ახლოა, ვიდრე რეალურ პრეტენდენტებთან.

ვიტინია მაშადუ ფერეირა
რატომ იმსახურებს - ყველა ეპოქალურ გუნდს ჰყავს დირიჟორი, ვინც თანაგუნდელებს სწორ რიტმს კარნახობს. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგები პარი სენ-ჟერმენისთვის ასეთი მოთამაშე ვიტინიაა. შეიძლება ითქვას, ის დაუფასებელიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ შემტევების ფონზე ხშირად იჩრდილება.
დიახ, გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარია დემბელეს, კვარაცხელიასა და დუეს გოლები, თუმცა ფერეირა არის ის ფეხბურთელი, ვინც მათ მოწინააღმდეგე გუნდის კარის აღებამდე დისპეჩერობას უწევს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პსჟ-სა და არსენალის დუელის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ პორტუგალიელი ფლეიმეიქერი დასახელდა.
ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ არის ერთადერთი მატჩი, სადაც "ლურჯ-წითლების" ნახევარმცველმა გამარჯვებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა. ასეთი პერფომანსები 26 წლის ფლეიმეიქერის ანგარიშზე ენრიკეს ხელმძღვანელობით უკვე საკმარისზე მეტი დაგროვდა. 2025-ის ბალონ დ'ორზე ლუჩოს გუნდის მე-17 ნომერი გავიდა მე-3 პოზიციაზე...ვნახოთ, რა იქნება ახლა.

რატომ არ იმსახურებს - ვიტინიას მინუსები უნდა ვეძებოთ არა პარი სენ-ჟერმენში, სადაც მას სრულიად დამსახურებულად ჩამოუყალიბდა იდეალური ფლეიმეიქერის რეპუტაცია, არამედ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში, რომელშიც ის მთელი მუნდიალის მანძილზე რიტმიდან ამოვარდნილს ჰგავდა.
ფერეირა ჩაიკარგა ბერნარდო სილვასა და ბრუნო ფერნანდეშის ფონზე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, თავისი საუკეთესო თვისებები ვერცერთმა ფლეიმეიქერმა ვერ გამოავლინა. შედეგად, პირენეელები მორიგი მუნდიალიდან უღიმღამოდ გამოვარდნენ. პერსონალურად პორტუგალიელი გამთამაშებლისთვის ყველაზე მტკივნეული იყო ესპანეთთან შეხვედრა, რომელშიც ის პირწმინდად როდრიმ დაჩაგრა.
ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით იმას, რომ "ლუზიტანების" ნახევარმცველმა მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო, უბრალოდ ძალიან დიდი კონტრასტია პსჟ-ს ტრიუმფსა და რობერტო მარტინესის შეგირდების ფიასკოს შორის. ცხადია, რომ არა მუნდიალი, 26 წლის ფლეიმეიქერი ბალონ დ'ორის მოგებასთან იქნებოდა ძალიან ახლოს, მაგრამ არა ახლა.

ლამინ იამალი
რატომ იმსახურებს - არარეალური ჩანდა, თუ ოდესმე ვიხილავდით ფეხბურთელს, ვინც მესის მემკვიდრედ მოინათლებოდა. დიახ, ასეთია იამალი, რომელიც ლეოს მსგავსად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე თინეიჯერობაშივე გახდა. ლამინი 19 წლისაა, მაგრამ მის კოლექციაში უკვეა მუნდიალისა და ევროს ტიტულები.
ესპანელი შემტევის გარეშე წარმოუდგენელია, როგორც თანამედროვე ბარსელონა, ისე "ფურია როხაც" და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება. კატალონიელთა ვინგერს უწინასწარმეტყველებენ რონალდოს მიღწევის დამხობას, რაც გულისხმობს ბალონ დ'ორის ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში მოგებას.
თავისი პირველი ოქროს ბურთის მომენტისთვის ნაზარიო იყო 21 წლის და როგორც ვხედავთ, "ბლაუგრანას" ათიანს თადარიგში კიდევ ორი წელი აქვს. იქნება თუ არა 2026 ის წელი, როცა იამალი ოფიციალურად გადაიბარებს ლეგენდარული ბრაზილიელი და არგენტინელი წინამორბედების მემკვიდრეობას? ყველაფერს 26 ოქტომბერს გავიგებთ.

რატომ არ იმსახურებს - მსოფლიო ჩემპიონობა და მესისთან პარალელები კარგია, თუმცა ცივი გონებით რომ შევაფასოთ იამალის 2026 წელი, დავინახავთ თუ არა მასში ბალონ დ'ორის მოგების რეალურ პრეტენდენტს? როგორც გვახსოვს, ბარსა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა 1/4 ფინალში, მადრიდის ატლეტიკოსთან წაგებით.
ლამინი მოედანზე იმყოფებოდა "როხიბლანკოსსთან" ორივე მატჩში და მან გოლიც გაიტანა, თუმცა ნაადრევი გამოვარდნისგან კატალონიური გუნდი მან ვერ იხსნა. შემდეგ იყო რამდენიმეთვიანი ტრავმა, რის გამოც ესპანელი ვინგერი მუნდიალს ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდა. საუდის არაბეთის ეროვნული გუნდი აღმოჩნდა ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომლის კარის აღება "ლა როხას" გარემარბმა შეძლო.
დიახ, "ბლაუგრანას" ათიანმა უბრალოდ საუცხოოდ დაიწყო ახალი სეზონი, რომელშიც მან ექვს მატჩში მოასწრო შვიდი გოლის გატანა და ორი ასისტის გაფორმება, მაგრამ აღნიშნული მაჩვენებლები გათვალისწინებული იქნება 2027-ის ბალონ დ'ორისთვის, წელს კი როგორც აღვნიშნეთ, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის იამალი შორს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდებისგან.



















