1990-იანი წლების დასასრული და 2000-იანების დასაწყისი - დრო, როდესაც ევროპულ ფეხბურთში დომინირებდნენ ვისენტე დელ ბოსკეს რეალ მადრიდი, ოტმარ ჰიცფელდის ბაიერნ მიუნხენი და სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი. საუკეთესო ლიგა ჰქონდა კალჩოს, “გრანდობას” კი უწინასწარმეტყველებდნენ ისეთ კლუბებს-აღმოჩენებს, როგორებიც არიან ლაციო, დეპორტივო და ლიდსი.
პარი სენ-ჟერმენი და მანჩესტერ სიტი დიდი საფეხბურთო ევროპული საღამოებისგან იყვნენ ძალიან შორს, დაახლოებით ისე, როგორც დღეს პირობითი მონპელიე ან ბირმინგემი. წარმოიდგინეთ, იმ დროს ვინმეს რომ ეთქვა ასეთი რაღაც: 2 დეკადის შემდეგ, პსჟ და “ქალაქელები” ერთ-ერთ საუკეთესო კლუბებად ჩამოყალიბდებიან.

“ლურჯ-წითლები” გახდებიან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ზედიზედ ორჯერ, იმ დროს ჯერ კიდევ მეინ როუდის ბინადრები კი შვიდ სეზონში ინგლისის ჩემპიონატს ექვსჯერ მოიგებენ. გზად სიტი იქნება ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორიც. პარკ დე პრენსის მკვიდრები და მანჩესტერელებიც საოცნებო ტიტულს ლონდონის არსენალზე ადრე დაუეფლებიან.
სრული სიგიჟე, იმის გათვალისწინებით, თუ სად იყვნენ პარი სენ-ჟერმენი და “ქალაქელები" მაშინ, როდესაც ფეხბურთის ანგარიშებს ვიგებდით სატელევიზიო მიმოხილვებში, რადიოში, გაზეთის ფურცლებსა და სატელეფონო სპორტულ საინფორმაციოებში...ანუ ეპოქაში, რომელშიც ინტერნეტი გავრცელებული ჯერ არ იყო.

დიახ, პსჟ-ს ჰქონდა გამონათებები 1990-იან წლებში, თუმცა 21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად, დედაქალაქელები ლიგა 1-ის 10-ეულს მიღმა მყოფ კლუბად ჩამოყალიბდნენ. ფსკერზე საბოლოოდ დაშვება მოხდა 2007-2008 წლებში, როცა “ლურჯ-წითლებმა” მიყოლებით 2 სეზონი მე-15 და მე-16 პოზიციებზე დაასრულეს.
მეინ როუდის ბინადრებმა შეტოპეს კიდევ უფრო ღრმად - დაქვეითება ჯერ პრემიერ ლიგიდან, მოგვიანებით კი მეორე დივიზიონიდანაც. შედეგად, 90-იანების მიწურულს სიტი რანგით მე-3 ლიგაში განისვენებდა. ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გიორგი ქინქლაძე, რომლის ჰაილაითებით ფეხბურთის მოყვარულები დღემდე ტკბებიან.

პრემიერ ლიგაში მანჩესტერული გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სეზონის მიუხედავად, ქართველმა ნახევარმცველმა წარუშლელი კვალი დატოვა. როცა სხვადასხვა ტოპებსა და რეიტინგებში საუბარი ეხება "ქალაქელთა" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენას, იაია ტურეს, სერხიო აგუეროსა და კევინ დე ბრუინის გვერდით აუცილებლად გაიჟღერებს ხოლმე თბილისის დინამოს აღზრდილის გვარიც.
პეპ გუარდიოლა ჯდება ტაქსიში, მძღოლი კი მას ეუბნება, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც უთამაშია მეინ როუდსა და ეტიჰადზე საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მე-10 ნომერი არის. რაჰიმ სტერლინგი სიტის ისტორიიდან უყურებს საუკეთესო მომენტებს და მისი დრიბლინგისგან გაოგნებული რჩება.
როგორც ვხედავთ, იმდროინდელ მანჩესტერულ წყვდიადში ერთადერთი ნათელი წერტილი მართლაც მხოლოდ "ჯადოქარი" იყო. კიდევ ერთი სიგიჟე, რომელიც უკავშირდება "ქალაქელებს" - 1997/98-ის სეზონისთვის კლუბში ერთბაშად 4 ჩვენი მოთამაშე ირიცხებოდა. ქინქის დაემატა მიხეილ ყაველაშვილი, შემდეგ კი კახაბერ ცხადაძე და მურთაზ შელია.
მეინ როუდის ბინადრები იმ დროს დაქვეითებულები იყვნენ ჩემპიონშიპში და უინტერნეტო ეპოქაში მათთვის თვალის დევნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად, 90-იანების მე-2 ნახევრის სიტი ჩვენს გულებსა და გონებაში მაინც ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად დარჩა.

პარკ დე პრენსზე გვხვდება ერთი შეხედვით მსგავსი, თუმცა საერთო ჯამში განსხვავებული რამ - იქაც ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ გუნდისთვის არა ბნელ, არამედ ყველაზე კაშკაშა პერიოდში. როგორც აღვნიშნეთ, ლუის ენრიკეს შეგირდებმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მიყოლებით 2-ჯერ მოიგეს.
ეს წარმატება საქართველოს ნაკრების კაპიტნის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. დღეს, ახალგაზრდა შემტევი ოქროს ბურთის დაუფლების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატიცაა. ასე და ამგვარად, პარიზის აწმყო უკავშირდება ჩვენი ეროვნული გუნდის ამჟამინდელ მე-7 ნომერს, მანჩესტერელთა წარსული კი გიოს.
გავერკვიეთ იმ საკითხში, თუ საიდან - სად მოვიდნენ პსჟ და "ქალაქელები", თუმცა როგორი იყო მწვერვალამდე მიმავალი გზა, რისი ფუნდამენტიც დგას ნავთობზე, მილიარდობით ევროსა თუ ფუნტ სტერლინგზე და ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავებზე. მოვიდა დრო ცოტათი მაინც გავერკვიოთ "ლურჯ-წითლებისა" და ეტიჰადის მკვიდრთა ფინანსურ კარუსელში.

ფსკერიდან მწვერვალზე - ნავთობი, ფული და თასები
თანამედროვე ფეხბურთის ისტორია იყოფა ორ მთავარ ეტაპად - სპორტული ინვესტიციების ძველ მოდელად და სუპერ-გუნდების ეპოქად, რასაც საფუძველი სპარსეთის ყურის ქვეყნების სახელმწიფო და კერძო კაპიტალის შემოსვლამ ჩაუყარა. პარიზსა და მანჩესტერ სიტიში შეიხების ინვესტიციები არ ყოფილა მხოლოდ სპორტული გატაცება...ეს იყო გლობალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და იმიჯური პროექტი.
იდეა მდგომარეობდა ანდერდოგის ევროპული ფეხბურთის მთავარ დომინანტად გადაქცევაში - ნებისმიერი გუნდის გულშემატკივრის ოცნება, რაც სწორედ პსჟ-სა და "ქალაქელთა" ქომაგებმა აისრულეს. მათმა ფანებმა გაიღვიძეს ზღაპარში, პარალელურად კი დანარჩენი საფეხბურთო სამყარო ერთ დიდ საპროტესტო ძალად ჩამოყალიბდა.

ეპოქაში, სადაც ბარსელონა ფინანსური პრობლემების გამო ვერ არეგისტრირებდა ფეხბურთელებს, სერია ა-ს გრანდები ფაქტიურად ჩამოშორებულები არიან ვარსკვლავური მოთამაშეების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლას, აღმოსავლეთ ევროპის კლუბებისთვის კი ევროთასის მოგება გახდა ფანტასტიკის სფერო, "ლურჯ-წითლები" და ეტიჰადის მკვიდრები ერთმანეთს სატრანსფერო რეკორდებში ეჯიბრებიან.
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში დღემდე ლიდერობენ ნეიმარ ჟუნიორი და კილიან მბაპე, ვის სანაცვლოდაც პარკ დე პრენსის მკვიდრებმა საერთო ჯამში 402 მილიონი გადაიხადეს. იქვეა სიტიც, რომელმაც გუარდიოლას მოსვლამდე, მისი ყოფნის დროს და წასვლის შემდეგაც ყოველ ჯერზე დაიწყო ახალი ერა, ცხადია, ულიმიტო ფინანსური შესაძლებლობებით.

თავად განსაჯეთ - მანჩესტერულმა გუნდმა გასულ ზაფხულს დახარჯა 532 079 240 მილიონი ევრო...დიახ, დიახ, ერთ ზაფხულში! მაშინ, როდესაც მილანის ინტერი ბაზარზე გავიდა 40-50 მილიონიანი ბიუჯეტით, "ქალაქელთა" შოპინგმა ნახევარ მილიარდს გადააჭარბა. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, საუბარია კლუბზე, რომელიც 28 წლის წინ მე-3 ლიგაში გავარდა.
ყველაფერი 2008 წლის 1 სექტემბერს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო საათებში დაიწყო. ეტიჰადის ამჟამინდელი ბინადრები იმ პერიოდში ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდნენ. სიტის მაშინდელ მფლობელს, ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ტაქსინ შინავატრას, სამშობლოში ქონება გაუყინეს, რის შედეგადაც კლუბს გაკოტრება დაეუმუქრა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრმა, შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, საინვესტიციო ჯგუფ Abu Dhabi United Group-ის მეშვეობით მანჩესტერული კლუბი დაახლოებით 200 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. გარიგების დასრულებისთანავე, იმავე საღამოს, "ქალაქელებმა" რეალიდან 43 მილიონად გაიფორმეს რობინიო დე სოუზა, რაც ახალი ეპოქის დაწყების მკაფიო განაცხადი იყო.
არაბმა ინვესტორმა მხოლოდ ტრანსფერებზე არ გაამახვილა ყურადღება. მან შექმნა City Football Group-ი - გლობალური ქსელი, რაც დღეს ათზე მეტ კლუბს აერთიანებს. ეტიჰადის მკვიდრთა ფრთის ქვეშ არსებობს არაერთი კომპანია, თავისი ჰოლდინგებით, ქვე-ჰოლდინგებით, ჯგუფებითა და გაერთიანებებით, რომელშიც ასტრონომიული თანხა ტრიალებს.

რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ კუთხეს, შეიხ მანსურმა გიფორმა არაერთი ისეთი ფეხბურთელი, ვის ხილვასაც ჩვენს საყვარელ გუნდებში ვისურვებდით. უბრალოდ წარმოიდგინეთ, არაბული ინვესტიციები რომ არა, სად აღმოჩნდებოდნენ აგუერო, დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი და სხვები...
ის, რასაც ფეხბურთის მოყვარულები ვაკეთებდით FIFA-ში, PES-სა და Football Manager-ში, პარი სენ-ჟერმენმა და მან სიტიმ რეალობად აქცია. გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია მანჩესტერელთა 115 ფინანსურ დარღვევაში დამნაშავედ ცნობაში, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა ელის კლუბს მომავალში.

შეგახსენებთ, რა ბრალდებების თაობაზე არის საუბარი - ფინანსური ანგარიშების ზუსტი სახით და დროულად არ წარდგენა (54 შემთხვევა); მოთამაშეებისთვისა და გუნდის დამრიგებელთათვის გადახდილი კომპენსაციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის არ წარდგენა (14); უეფას ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევა (5).
სხვა ბრალდებები - პრემიერლიგის მდგრადობის რეგულაციების დარღვევა (7); პრემიერლიგის მიერ წარმოდგენილ გამოძიებასთან არ თანამშრომლობა (35). ცნობისთვის, ინგლისური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "ქალაქელები" ფინანსური რეგულაციების 115 დარღვევაში ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში დაადანაშაულა.
ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაისაჯონ ეტიჰადის ბინადრები. ჰეითერები და კონკურენტი გუნდების ყოფილი მოთამაშეები, მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერანები ითხოვენ ტიტულების ჩამორთმევას, ქვედა ლიგაში დაქვეითებასა და სატრანსფერო ბანს, მაგრამ ჯერ ცნობილი არაფერია.
ყველაზე კარგი ვარიანტი შეიხ მანსურის კლუბისთვის იქნება ჯარიმის გადახდა, ნებისმიერი თანხის ოდენობის, ფული პრობლემა არასდროს ყოფილა. ცუდ შემთხვევაში კი სიტის აუხდება ყველაფერი ის, რაზეც ოცნებობენ ლივერპულის, "წითელი ეშმაკებისა" და სხვა კლუბების ქომაგები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

დიახ, მანჩესტერული გუნდი დგას პრობლემის წინაშე, რასაც ვერ ვიტყვით პსჟ-ზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აკეთებს იგივეს, დაუსჯელი რჩება. არაბულ ინვესტიციებამდე, "ლურჯ-წითლები" იყვნენ ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში და სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, ვალებში იძირებოდნენ.
კატარის სახელმწიფო ინვესტიციების ფონდმა, Qatar Sports Investments-მა, ნასერ ალ-ხელაიფის ხელმძღვანელობით, პარკ დე პრენსის ბინადრების საკონტროლო პაკეტის (70%) ყიდვა განახორციელა (მოგვიანებით 100%-იანი წილისაც). პარიზული კლუბის ღირებულება მაშინ სულ რაღაც 100 მილიონამდე იყო შეფასებული.
ამ გარიგებას ზურგს უმაღლესი პოლიტიკური ინტერესებიც უმაგრებდა. კატარს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ახალი მოპოვებული ჰქონდა და ფეხბურთის გლობალურ რუკაზე საკუთარი პოზიციების გამყარება სჭირდებოდა. პსჟ-მ თავიდანვე გააკეთა აქცენტი გლობალურ ბრენდინგსა და სუპერვარსკვლავების შეძენაზე.
უკვე ხსენებული ნეიმარისა და მბაპეს გარდა, კატარელი ინვესტორების ეპოქაში ლურჯ-წითელი მაისური მოურგიათ ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს, როგორებიც არიან დევიდ ბექჰემი, ჯანლუიჯი ბუფონი, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სერხიო რამოსი, დანი ალვესი და სხვები.

დღეს, პარკ დე პრენსის ბინადრები მოძრაობენ სხვა კურსით, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით. ვარსკვლავების მოზიდვით, გუნდი იქცა მოდის, კულტურისა და სპორტის სინთეზად...მაგალითად, კოლაბორაცია Jordan-თან. როგორც აღვნიშნეთ, ალ-ხელაიფისთვისა და "ქალაქელთათვის" ეს ყველაფერი გაცილებით სიღრმისეულია, ვიდრე სატრანსფერო ბაზარზე უბრალოდ შოპინგი.
ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება და დასავლურ ბაზარზე კაპიტალის დაბანდება, მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნების ტურისტულ და ბიზნეს ცენტრებად პოზიციონირება, ფეხბურთის მეშვეობით საერთაშორისო აღიარებისა და პოლიტიკური კავშირების გამყარება...ეს არის 3 ძირითადი ასპექტი, რაზეც დგას პარიზული კლუბისა და ეტიჰადის მკვიდრთა ხელმძღვანელობის იდეები.

ალბათ ყველას გვაქვს ლოგიკური კითხვა - თუ შეიხ მანსურის კლუბი ცნეს დამნაშავედ ფინანსურ დარღვევებში, რატომ არ ვრცელდება ეს პსჟ-ზეც? კატარის ინვესტიციები მჭიდროდაა დაკავშირებული საფრანგეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებთან. მაგალითად, კატართან დადებული სტრატეგიული, ენერგეტიკული და სამხედრო ხელშეკრულებები.
ფრანგული მხარე და თავად "ლურჯ-წითლების" უფროსები ცდილობდნენ ყველა შემოსავალი, მათ შორის კატარის ტურიზმის საბჭოსთან გაფორმებული მასშტაბური კონტრაქტები იურიდიულად ისე ეჩვენებინათ, რომ ფრანგული კანონმდებლობა და უეფას სტანდარტები არ დაერღვიათ. ერთი სიტყვით, ყველაფერი კანონის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამას "ხელოვნურ ინექციებს" უწოდებდნენ, უეფამ იურიდიული მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ვერ მოახერხა პარკ დე პრენსის მკვიდრთათვის ისეთივე მძიმე ბრალდებების წაყენება, როგორიც ინგლისური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სიტის მიმართებაში გამოააშკარავა.
მოკლედ რომ ვთქვათ - ორივე გუნდი მსგავს ეკონომიკურ მოდელს იყენებს, თუმცა მანჩესტერელების შემთხვევაში საქმე ეხება ინგლისური კანონმდებლობისა და ფეხბურთის მარეგულირებელი ორგანოების შემოღებული წესების სისტემურ და ხანგრძლივ დარღვევას, მაშინ, როცა ალ-ხელაიფის ინვესტიციების მიღმა საფრანგეთსა და ყატარს შორის დადებული არაერთი ხელშეკრულება თუ შეთანხმება დგას.

სპეციალისტები, რომლებმაც ფინანსური ატრაქციონი გუნდად აქციეს
პარი სენ-ჟერმენმა და მანჩესტერ სიტიმ ორი ათწლეულის განმავლობაში გადმოიბირეს არაერთი ვარსკვლავი, თუმცა მათ აკლდათ ის, რასაც ფულით ვერ იყიდი: გუნდურობა, იდენტობა, იდეოლოგია. შიდა ჩემპიონატში წარმატების მიუხედავად, ევროთასებზე პსჟ-სა და "ქალაქელთა" სეზონები მუდმივად ფიასკოთი სრულდებოდა.
მდგომარეობა გამოასწორეს წარსულში ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელებმა და მომავალში თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტებმა: გუარდიოლამ და ენრიკემ. "ფული ყიდულობს მოთამაშეებს, მაგრამ ვერ ყიდულობს იდენტობას"...აღნიშნული ფრაზა წლების მანძილზე იყო მთავარი არგუმენტი, როცა საუბარი "ლურჯ-წითლებისა" და ეტიჰადის მკვიდრთა სიდიადეს ეხებოდა.

ესპანელმა მწვრთნელებმა ეს რეალობა ფუნდამენტურად შეცვალეს. ორივე დამრიგებელმა საფეხბურთო ფინანსური ატრაქციონი მკაცრი იდეოლოგიის, ტაქტიკური დისციპლინისა და კოლექტიური ცნობიერების მქონე მანქანებად გარდაქმნა. მთავარი წესი იყო ასეთი: სისტემაზე მაღლა ვერცერთი ვარსკვლავი ვერ იდგებოდა.
პეპმა შექმნა მოდელი, სადაც ყველა ფეხბურთელმა - მეკარით დაწყებული, ცენტრალური თავდამსხმელებით დამთავრებული, ზუსტად იცოდა, თუ სივრცის რომელ კვადრატში უნდა მდგარიყო. არავითარი ზედმეტი მოძრაობა, ყველაფერი მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით. გუარდიოლას შეგირდები ჰგავდნენ მანქანის დეტალებს და არა მოთამაშეებს.

ამის გარდა, ესპანელმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო აკადემიასაც - მან სიტის საფეხბურთო სკოლაში ბავშვები რვა წლიდან იმავე ტაქტიკური პრინციპებით ვარჯიშობენ, რასაც მთავარი გუნდი იყენებს. ენცო მარესკას სახით, პეპმა მემკვიდრეც კი დატოვა ისეთი, რომლის სპეციალისტად ფორმირება მისი რჩევა-დარიგებებით მოხდა.
რაც შეეხება პარკ დე პრენსის ბინადრების გარდაქმნას, წლების განმავლობაში ეს იყო გუნდი, სადაც ფეხბურთელების ეგო მწვრთნელების ავტორიტეტზე მაღლა იდგა. მესის, ნეიმარისა და მბაპეს ერთად თამაში იყო მარკეტინგულად გენიალური სვლა, მაგრამ ალ-ხელაიფის მიერ გადმობირებულ ვარსკვლავებს აკლდათ ბალანსი, პრესინგი და ერთიანობა.

2023 წელს პარი სენ-ჟერმენის უფროსობამ გააცნობიერა, რომ ეს გზა ჩიხში შედიოდა და სადავეები ლუისს გადასცა. გამოცდილმა მწვრთნელმა პირველივე დღიდან აჩვენა, ხმამაღალ სახელებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. პსჟ-ს დამრიგებელი უპრობლემოდ შეელია კილიანს, რომლის რეალში გადასვლას კლუბი წლების მანძილზე ბლოკავდა.
დიახ, ფრანგი თავდამსხმელი არის სუპერ ფეხბურთელი, თუმცა 56 წლის მწვრთნელს სჭირდებოდა ის, ვინც მის ტაქტიკურ დავალებებს ზედმიწევნით შეასრულებდა. მადრიდელთა ამჟამინდელი ფორვარდის ადგილი დაიკავა კვარამ, რომლის სახელს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიყოლებით 2-ჯერ მოგება უკავშირდება.
ქართველი შემტევის ტრანსფერი განხორციელდა 2024 წლის ზამთარში, "ლურჯ-წითლები" კი ჩემპიონთა ლიგიდან ჯერაც არ გამოვარდნილან - ორი სეზონი, ორი ტიტული. ხვიჩას გარდა, გამოსარჩევები არიან ბალონ დ'ორის მფლობელი უსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია ფერეირა და სხვები. მათი კარიერა ახალ საფეხურზე ენრიკესთან ერთად ავიდა.
ესპანელმა მწვრთნელებმა დაამტკიცეს, რომ შეუზღუდავი ფინანსური რესურსი მხოლოდ ინსტრუმენტია და არა საბოლოო მიზანი. დღეს, პარკ დე პრენსის მკვიდრები და მანჩესტერელები აღარ არიან უბრალოდ "შეიხების პროექტები"...ისინი არიან თანამედროვე ფეხბურთის ტაქტიკური და სტრუქტურული ლიდერები.

















