მერაბ დვალიშვილის ლეგენდარული სვლა გრძელდება. 2017 წლიდან - დღემდე, ვიხილეთ მისი დებიუტი UFC-ში, პირველი გამარჯვება, ტოპ 15-ში შესვლა, 61 კილოგრამ დივიზიონის წამყვან მებრძოლად ჩამოყალიბება, ქამრის მოპოვება, შემდეგ კი არაერთხელ დაცვა. ცალკე გამოსარჩევია ქართველი სპორტსმენის სტატისტიკური მაჩვენებლები.
ყველაზე მეტი, ზედიზედ 13 გამარჯვება სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში, ზოგადად კი UFC-ის მთელი ისტორიის განმავლობაში "მანქანას" უსწრებს მხოლოდ 3 მებრძოლი: ისლამ მახაჩევი (17), ანდერსონ სილვა (16) და კამარუ უსმანი (15). არ უნდა დაგვავიწყდეს 35 წლის სპორტსმენის უნიკალური შედეგი ოპონენტთა გდებაში (119), რითაც მან ლეგენდარული ჟორჟ სენ-პიერიც კი ჩამოიტოვა.
ეს არის დვალიშვილის გამორჩეული რეკორდების ძალიან მოკლე ჩამონათვალი, რომელთა დეტალური განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს. განვლილ გზაზე საუბარს დავასრულებთ იმ უნიკალური მიღწევით, რომლის დაფიქსირებასთან ქართველი მებრძოლი 1 ნაბიჯში იყო. ვგულისხმობთ კალენდარულ წელიწადში 4 სატიტულო მოგებას.
სამი გამარჯვებაც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია, თუმცა არა რეკორდული. მერაბამდე ეს გაუკეთებიათ ტიტო ორტისს, მეტ ჰიუზს, ჩაკ ლიდელს, დემეტრიუს ჯონსონს, უკვე ხსენებულ უსმანსა და ალექს პერეირას. სწორედ მათ გადასწრებას გეგმავდა "მანქანა", როცა 2025-ში შონ ო'მალის, კორი სენდჰეგენისა და უმარ ნურმაგომედოვის შემდეგ, პიოტრ იანთანმეორედ მოგებაც დაისახა მიზნად მან.

35 წლის ყოფილი ჩემპიონის გამძლეობა რჩება ამოუხსნელ ფენომენად, თუმცა ერთ კალენდარულ წელიწადში ოთხ საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვება მისთვისაც კი მეტისმეტი აღმოჩნდა. დიახ, დვალიშვილმა რუს მოწინააღმდეგესთან წააგო, რითაც გასული წლის ყველაზე მძიმე მოვლენა "გვაჩუქა".
გულდასაწყვეტი იყო ქართველი ყოფილი ჩემპიონის თვითონ მარცხის ფაქტი, გამარჯვებების საოცარი სერიის დასრულება და ის, თუ ვისთან ან რომელი ქვეყნის წარმომადგენელთან წააგო მან. მერაბის მსგავსად, ქამარი ვერ დაიცვა ილია თოფურიამაც, რის შედეგადაც 2024-ის იანვრის შემდეგ პირველად, მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ჩემპიონი აღარ გვყავს.

სამწუხაროა, თუმცა სწორედ ამ ორმა მარცხმა დაიწყო ახალი და ყველაზე საინტერესო ეპოქა ქართული MMA-ს ისტორიაში. უკვე ვიხილეთ ჩვენი თანამემამულეების ჩემპიონობები, 2 დივიზიონის ქამარი "მატადორისგან" და 61 კილოგრამ დივიზიონის გაწმენდა "მანქანისგან", ამჯერად კი წართმეულის დაბრუნების დრო დგება.
როდის შედგება თოფურიას ქამბექი, ჯერჯერობით უცნობია, დვალიშვილი კი თავის ახალ სვლას იწყებს 24 ოქტომბერს, თანაც ეპიკურად, ტრილოგიაში! ეს იქნება 1-ელი შემთხვევა, როცა ჩვენი მებრძოლი ეცდება ქამრის დაბრუნებას, მოწინააღმდეგე კი ისეთია, რომელთანაც საუკეთესოს გამოსავლენად 2 ჩხუბი საკმარისი არ გამოდგა.

MMA-ს სამყაროს უყვარს ტრილოგიები - ფიოდორ ემელიანენკო და ანტონიო როდრიგო ნოგეირა, ვანდერლეი სილვა და ქუინტონ ჯექსონი, ფრენკი ედგარი და გრეი მეინარდი, სენ-პიერი და ჰიუზი, დასტინ პორიე, როგორც კონორ მაკგრეგორთან, ისე მაქს ჰოლოუეისთან...მათ რიცხვს მალე ქართველი მებრძოლისა და "დაუნდობელის" დუელიც შეემატება.
ჩამოთვლილი ტრილოგიებიდან ყველა არის ლეგენდარული და ეპოქალური, თუმცა მერაბი - იანი მაინც სხვა საფეხურზეა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დუელი უბრალო სპორტულ პაექრობაზე გაცილებით მეტია. ეს არის შემთხვევა, როცა 2 სრულიად განსხვავებული სამყარო ეჯახება ერთამანეთს.

გავიხსენოთ, თუ როგორ მივედით "მანქანისა" და მისი რუსი მეტოქის ტრილოგიამდე. 2023 წლის 11 მარტს ლას-ვეგასში გამართული პირველი ბრძოლა დვალიშვილის სრული ტრიუმფით დასრულდა. მან შერეული საბრძოლო ხელოვნებების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ფიზიკური მომზადება აჩვენა.
ქართველმა ყოფილმა ჩემპიონმა ბრძოლის განმავლობაში განახორციელა თეიქდაუნის 49 მცდელობა, რაც UFC-ის ერთი დაპირისპირებისთვის უნიკალური მიღწევაა. პიოტრმა, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი დაცვითა და დარტყმის ტექნიკით, მერაბის უწყვეტ ენერგიას ვერაფერი მოუხერხა.
"მანქანამ" იმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, კითხვების დატოვების გარეშე. რაც შეეხება მეორე ბრძოლას, "დაუნდობელი" აღნიშნულ ჩხუბს სრულიად ახალი სტრატეგიით შეხვდა. 33 წლის მებრძოლმა შეძლო დვალიშვილის თეიქდაუნის მცდელობების უმეტესობის განეიტრალება, ასევე მან გააუმჯობესა დისტანციის კონტროლი და დგომში დამაზიანებელი დარტყმების მიყენების მაჩვენებელი.
დიახ, იანმა იმარჯვა დამსახურებულად, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ყოფილი ჩემპიონი ოპტიმალური ფორმისგან შორს იყო. მიზეზი - ჩელენჯი სახელად 1 კალენდარულ წელიწადში 4 სატიტულო ჩხუბის მოგება. მერაბი იყო გამოფიტული, მაგრამ როგორც ნამდვილ მებრძოლს შეეფერება, წაგება მან მიიღო თავის მართლებისა და დაბრალებების გარეშე, რუსი ოპონენტისგან განსხვავებით.
მათ ბრძოლის ხსენებისას გვერდს ვერ ავუვლით პოლიტიკას - პირველი დაპირისპირების წინ "მანქანამ" ღიად განაცხადა, რომ ეს დუელი მისთვის მხოლოდ სპორტი არ იყო. 35 წლის მებრძოლმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების (აფხაზეთი, სამაჩაბლო) ოკუპაციასა და სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.
დვალიშვილმა პიოტრი მოიხსენია როგორც ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც აგრესორ სახელმწიფოს განასახიერებს. ამ ყველაფრის პასუხად, "დაუნდობელი" პერიოდულად მოიხსენიებდა ქართველ მებრძოლს "რუსოფობად" და პროვოკატორად. მათ მტრობაში თავისი როლი ალჯამეინ სტერლინგის ფაქტორმაც ითამაშა.

იანსა და ამერიკელ ყოფილ ჩემპიონს შორის გამართული სკანდალური ბრძოლები, ასევე ურთიერთშეურაცხყოფა მერაბისთვის დამატებითი მოტივაცია გახდა. პრესკონფერენციებსა და აწონვებზე "მანქანასა" და რუს მებრძოლს შორის მუდმივად იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, რაც ჩხუბის გარშემო არსებულ ატმოსფეროს კიდევ უფრო დაძაბულს ხდიდა.
მესამე, გადამწყვეტი ბრძოლა ჩანიშნულია 24 ოქტომბერს - UFC 333, აბუ-დაბი. ეს იქნება ტრილოგიის კულმინაცია, სადაც სასწორზე არამხოლოდ მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის ოქროს ქამარი, არამედ საბოლოო უპირატესობის დამტკიცება დგას. შეძლებს თუ არა დვალიშვილი მე-2 ჩხუბში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას?

ქართველი ყოფილი ჩემპიონისგან ველოდებით ჭიდაობისა და კლინჩის კიდევ უფრო მრავალფეროვნად გამოყენებას, რათა პიოტრს დგომში თავისუფლად მუშაობის შანსი არ მიეცეს. "დაუნდობელი" თავის მხრივ ეცდება შეინარჩუნოს დისტანცია და თავისი ძლიერი კრივით გაანეიტრალოს მერაბის შეტევები.
და ბოლოს - მენტალური ფაქტორი. ორივე მათგანმა უკვე იცის ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები. გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთ შეძლებს ემოციების მართვასა და 5 რაუნდის მანძილზე ტაქტიკური გეგმის ზუსტად შესრულებას. მართალია, იანი ქამრის მოქმედი მფლობელია და პრომოუშენის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე ხომ "მანქანაა", რომელიც მართლაც რომ კიბორგივით ცივსისხლიანად ასრულებს თავის მისიას.
















