UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მეორე ბრძოლაში მისთვის ქამრის წართმევით, ქართველი სპორტსმენი უფრო თავმდაბალი გახდა. "დაუნდობელი" ასევე შეეხო მისი და ისლამ მახაჩევის კონფლიქტს, რომლის მიზეზი რუსეთის დროშა აღმოჩნდა.
"არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ ჩემი შემდეგი მეტოქე კვლავ დვალიშვილია, რადგან UFC-ი მას მესამე ბრძოლას შეპირდა. მარცხის შემდეგ, ის გახდა უფრო თავმდაბალი, მაგრამ კამერების მიღმა მერაბთან არ მისაუბრია და ამის გაკეთებას არც ვაპირებ. მას ჰქონდა მორიგი რუსოფობიული გამოხტომა, როცა მახაჩევმა მოგების შემდეგ რუსეთის დროშა ააფრიალა.
ეს არც პირველია და არც ბოლო, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ როგორი სულელია დვალიშვილი", - განაცხადა 33 წლის ჩემპიონმა. შეგახსენებთ, ორგანიზაციამ ისლამს ოქტაგონში რუსეთის დროშის შეტანის უფლება მისცა, მაშინ, როცა მერაბმა ქართული დროშის შეტანაზე უარი მიიღო. "მანქანის" უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ეს აღმოჩნდა.














