ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ (FIFPRO) ბაიერნის ხელმძღვანელობა ჯამალ მუსიალასთან დაკავშირებული საჯარო განცხადებების გამო გააკრიტიკა. საქმე გერმანელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის კონტრაქტს ეხება. 23 წლის შემტევმა ზაფხულში, რამდენიმე დღის ინტერვალით, ორჯერ დაკარგა გონება, რის შემდეგაც მას ნევროლოგიური დარღვევა დაუდგინდა. მუსიალას განმარტებით, მას ადვილად სამართავი აბსანსური გულყრები აქვს. ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ეჭვი გამოთქვა, რომ ფეხბურთელი ძველ დონეზე დაბრუნებას შეძლებს, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეესენმა კი მისი კონტრაქტის პირობების გადახედვის შესაძლებლობა ახსენა. ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც განაცხადა, რომ თუ მუსიალა საუკეთესო ფორმას ვერ დაიბრუნებს, კლუბს ფინანსურ საკითხებზე ფეხბურთელთან და მის წარმომადგენლებთან საუბარი მოუწევს.
FIFPRO-ს განცხადებით, ბაიერნის სამი გავლენიანი წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება ფეხბურთელზე და მის აგენტებზე ზეწოლის მცდელობას ჰგავს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც მუსიალა ჯანმრთელობის აღდგენაზე მუშაობს. ორგანიზაციის აზრით, ფეხბურთელის მომავალსა და კონტრაქტზე საჯარო საუბარი მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დამატებით ზეწოლას ახდენს. FIFPRO მიიჩნევს, რომ კლუბს კონტრაქტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მუსიალასთან და მის წარმომადგენლებთან პირადად უნდა განეხილა. ასოციაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ ტრავმა ან ფორმის დროებითი ვარდნა კლუბს უკვე შეთანხმებული პირობების შეცვლის საფუძველს არ აძლევს.
ამ კრიტიკას დრეესენიც გამოეხმაურა და უარყო მოსაზრება, თითქოს კლუბი ფეხბურთელზე ზეწოლას ცდილობს. მისი თქმით, მუსიალას ფორმის დასაბრუნებლად დრო სჭირდება, ხოლო სიტუაციას ბაიერნი მომავალი წლის დასაწყისში შეაფასებს. შეგახსენებთ, გერმანელმა ფეხბურთელმა ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წელს გაახანგრძლივა და ახალი ხელშეკრულება 2030 წლამდე გააფორმა. პარასკევს მან კიოლნის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, მოედანზე 70-ე წუთიდან ითამაშა და ტრავმის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში მუსიალას ანგარიშზე ხუთ მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.











