11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან.
ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში
თანზილოვის დებიუტი UFC-ში შედგა ამ წლის ივნისში, ასევე ლას ვეგასში გამართულ Fight Night-ზე - ქარდზე, სადაც ლევან ჩოხელმა ნოკაუტით ლეონ შაჰბაზიანს მოუგო. საღამო გახსნა სწორედ ოთარმა, რომელმაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით შეინ კოლინსთან წააგო. ჩხუბი გამოდგა საკმაოდ თანაბარი, მაგრამ მსაჯებმა მოგება წაუგებელ ამერიკელს მიანიჭეს.
დაუმარცხებელი მებრძოლი, თანაც შტატებიდან, UFC-სთვის სამომავლოდ უნდა იქცეს დიდ აქტივად და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი დებიუტანტი კალიფორნიელის პერსპექტივებს შეეწირა. ეს ჩხუბი უკვე წარსულშია და მას უელმეიქერის სახით სრულიად ახალი გამოწვევა ელის.

28 წლის მებრძოლის შესახებ გასახსენებელია ის ფაქტიც, რომ მას UFC-ში მოხვედრა შეეძლო კიდევ უფრო ადრე, 2024-ში. Dana White's Contender Series-ში თანზილოვმა გაყოფილი გადაწყვეტილებით ჯოსიას მუსასასთან წააგო. აღნიშნულ ჩხუბამდე, მის ანგარიშზე იყო სერია 9 მოგებით. 2 წლის შემდეგ, ქართველი მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში მაინც მოხვდა.
ოთარის ამერიკული კარიერის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა მერაბ დვალიშვილმა, ვინც მის ერთგვარ მენტორად დღემდე რჩება. შტატებში ჩასვლისას, 28 წლის მებრძოლი ვარჯიშობდა სწორედ "მანქანასთან" და დროთა განმავლობაში ის 61 კილოგრამ დივიზიონის ვარსკვლავის სპარინგ პარტნიორადაც იქცა.

ქართველი ყოფილი ჩემპიონი თანზილოვის გვერდით იყო როგორც Dana White's Contender Series-ზე, ისე 2026 წლის ივნისში გამართულ UFC-ის სადებიუტო ჩხუბზე. გარდა ამისა, 35 წლის მებრძოლი, როგორც მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ხშირად იყენებდა საკუთარ პლატფორმას ოთარის მხარდასაჭერად, რითაც შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულებს შორის ინტერესს აჩენდა.
მოკლედ რომ ვთქვათ, დვალიშვილი 28 წლის მებრძოლისთვის არის უფროსი მეგობარი და მთავარი გზამკვლევი UFC-ში. ვნახოთ, შეძლებს, თუ არა ქართველი მალკოლმთან ჩხუბში იმ რჩევა-დარიგებების გათვალისწინებასა და უნარ-ჩვევების გამოყენებას, რომელიც მან მერაბთან ვარჯიშის დროს მიიღო.

რაც შეეხება თანზილოვის საბრძოლო სტილს, ის ნოკაუტების მოყვარულია - 10 გამარჯვებიდან 7 სწორედ KO-თი იყო. 3 ბრძოლაც მან მოიგო გადაწყვეტილებით, უკვე ხსენებული 2 წაგებაც მსაჯებს უკავშირდება. მოახლოებულ ჩხუბში ტრიუმფი უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორც პირადად ოთარისთვის, ისე ზოგადად, მთელი ქვეყნისთვის.
2026 წელი ქართველი მებრძოლებისთვის UFC-ში ხომ წარუმატებლად მიმდინარეობს. ექვსი გამართული დაპირისპირებიდან ჩვენმა თანამემამულეებმა მხოლოდ 1 მოიგეს. საუბარია ჩოხელის KO-ზე შაჰბაზიანთან. რაც შეეხებათ სხვებს, თავის კარიერაში პირველად წააგო ილია თოფურიამაც კი, რომელიც ქამრის მფლობელი აღარაა.

"ელ მატადორის" გარდა, 2026 წელს დამარცხდნენ რომან დოლიძე, თანაც ორჯერ, ასევე გიგა ჭიკაძე და თანზილოვიც. გამოსარჩევია ისიც, რომ 2024-ის შემდეგ პირველად, საქართველოს მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ქამრის მფლობელი აღარ ჰყავს. წლის ნახევარზე მეტი უკვე განვლილია, მაგრამ ნავსის გატეხვის შანსები ჯერ კიდევ არის.
ოთარის ბრძოლის გარდა, წინ გველის "მანქანის" ტრილოგია პიოტრ იანთან, რომლამდეც დაახლოებით ორი კვირა არის დარჩენილი. ნოემბერში ჩხუბი ჩაენიშნა ალექსანდრე თოფურიასაც, ვისი მოწინააღმდეგეც სანტიაგო ლუნაა. ვინ იცის, იქნებ სწორედ თანზილოვი იყოს ის გარდამტეხი ფიგურა და მუხტის შემომტანი ქართველების წარმატებული სვლის გაგრძელებაში.

რა უნდა ვიცოდეთ ოთარ თანზილოვის მეტოქის შესახებ?
უელმეიქერის სტატისტიკა ზუსტად ისეთივეა, როგორიც თანზილოვის - 10 გამარჯვება და 2 მარცხი. მეტოქისგან განსხვავებით, UFC-ში ბრძოლის სტაჟი ამერიკელს ნამდვილად აქვს: 4 ჩხუბი, 2 მოგება, 2 წაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 2 დუელი მისთვის საკმაოდ წარუმატებლად დასრულდა.
მალკოლმი ჯერ დამარცხდა ითან იუინგთან, ვისთან ბრძოლასაც უწინასწარმეტყველებდნენ უფროს თოფურიას, მოგვიანებით კი ხუან დიასთან. რაც შეეხება "მანქანის" მოგებებს (დიახ, მას დვალიშვილის მსგავსი მეტსახელი აქვს), უმეტესობა, ანუ 6 იყო KO-თი, 2-2 კი გადაწყვეტილებითა და საბმიშენით.
Newcomer Malcolm Wellmaker puts Cameron Saaiman away with a booming right hand! That's how you make a UFC debut!!! #UFCKansasCity 4 Up, 4 Down in KC https://t.co/QsD5zpusrr
— Defiance Alliance (@FightToDefy) April 26, 2025
როგორც ვხედავთ, ქართველი მეტოქის მსგავსად, ნოკაუტით გამარჯვების მოყვარული 32 წლის მებრძოლიც არის. გამოსარჩევია ისიც, რომ მისი სადებიუტო ჩხუბი მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში, რომელიც დასრულდა კამერონ საიმანთან მოგებით, საღამოს საუკეთესო პერფომანსად დასახელდა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის უელმეიქერი მერაბის მსგავსად "მანქანა" - ეს მეტსახელი მას შეარქვეს იმ სისწრაფისა და ძალის გამო, რასაც ის ოქტაგონში აჩვენებს. გარდა ამისა, სპორტულ კარიერამდე ამერიკელი წლების მანძილზე მუშაობდა მილების მემონტაჟედ და მას რთულ რეჟიმში ფიზიკური მუშაობა უწევდა.

როგორც ვხედავთ, "მანქანის" მეტსახელით ცნობილია როგორც ოთარის მენტორი, ისე მისი მომავალი მეტოქეც. აქედან გამომდინარე, უფროსი მეგობრის რჩევა-დარიგებები 28 წლის მებრძოლს დასჭირდება ისე, როგორც არასდროს. ბოლოს კი ჩხუბის სცენარი და პროგნოზი: KO-თი მოგების 2 მოყვარულის დუელში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
ბუკმეიკერებისა და MMA-ის ანალიტიკოსების პროგნოზებით, ამ ბრძოლაში ფავორიტია მალკოლმი. მოსალოდნელია, რომ ის დგომში წარმართავს ჩხუბს და პარტერში გადაყვანას თავს აარიდებს. თანზილოვი 32 წლის მოწინააღმდეგესთან დუელში უნდა იყოს ერთგვარი უნივერსალური ჯარისკაცი და მზად ნებისმიერი სცენარისთვის აღმოჩნდეს.
















