უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ტურნირის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. 2028/29 წლების სეზონიდან ერთა ლიგაში ოთხის ნაცვლად მხოლოდ სამი ლიგა — A, B და C დარჩება, შესაბამისად, D ლიგა გაუქმდება. უეფამ უკვე დაამტკიცა ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც 2026/27 წლების სეზონის შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელ ლიგაში იასპარეზებენ ნაკრებები 2028/29 წლებში.

B ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ დაწინაურდება A ლიგაში. ამასთან, A ლიგის ორი ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე მეოთხეადგილოსანი პირდაპირ დაქვეითდება B ლიგაში. დარჩენილი ადგილების გასანაწილებლად პლეი-ოფები გაიმართება: A/B პლეი-ოფში A ლიგის გარკვეული გუნდები B ლიგის ოთხ ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ამ წყვილებში გამარჯვებულები 2028/29 წლების სეზონში A ლიგაში ითამაშებენ, დამარცხებულები კი B ლიგაში.
ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება B და C ლიგებს შორის გადასვლას. C ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ დაწინაურდება B ლიგაში, ხოლო B ლიგის ოთხივე მეოთხეადგილოსანი C ლიგის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან პლეი-ოფში ითამაშებს. პლეი-ოფის გამარჯვებულები B ლიგაში დარჩებიან/დაწინაურდებიან, დამარცხებულები კი C ლიგაში იასპარეზებენ.
რაც შეეხება D ლიგას, მისი გაუქმების გამო 2026/27 წლების სეზონში D ლიგაში მოასპარეზე ექვსივე ნაკრები ავტომატურად C ლიგაში დაწინაურდება. საბოლოოდ, 2028/29 წლების ერთა ლიგაში A ლიგაში 16, B ლიგაში 20, ხოლო C ლიგაში 18 ნაკრები იასპარეზებს. შესაბამისად, 2026/27 წლების სეზონის შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან სწორედ ამ შედეგებით განისაზღვრება თითოეული ნაკრების ადგილი ახალ, სამლიგიან ფორმატში.

















