ლეგენდარული ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიტყვები არ არის საკმარისი იმის ასაღწერად, თუ როგორი დიდებული ფეხბურთელი იყო იტალიელი უკანახაზელი. კაპიტანი, რომელმაც საფეხბურთო მოედანზე გამოიარა და ნახა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. გთავაზობთ მოგზაურობას "აძურისა" და მილანის ლეგენდის კარიერაში.
როდესაც შენს მშობლიურ კლუბს არც ქვედა დივიზიონში დაქვეითების შემდეგ ტოვებ
ბარეზი მილანის მთავარ გუნდში გამოჩნდა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში და სირთულეების წინაშე ის კარიერის დასაწყისშივე დადგა. 1980-ის გაზაფხულზე კალჩოს ჩაწყობილი თამაშებისა და არალეგალური ფსონების პირველმა მასშტაბურმა სკანდალმა გადაუარა. ეპიცენტრში აღმოჩნდა "როსონერი", რომელიც აღნიშნული ინციდენტის გამო ქვედა ლიგაში დააქვეითეს.
იტალიელი მცველი სკანდალში გარეული არ ყოფილა და "დიავოლოს" დასჯის შემდეგ, მის გადმობირებას აქტიურად ცდილობდა ტურინის იუვენტუსი, მაგრამ ახალგაზრდა უკანახაზელმა მშობლიურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ფრანკოს არასდროს დაუტოვებია სან სირო...20-წლიანი კარიერა და 720-მდე შეხვედრა შავ-წითელ მაისურში.

კაპიტანი ძმები დერბი დელა მადონინაში
1970-იანი წლების დასაწყისში მილანის ინტერში სინჯებზე იმყოფებოდა როგორც ფრანკო, ისე მისი ძმაც, ჯუზეპე. ლომბარდიულმა გუნდმა დაიტოვა მხოლოდ უფროსი ბარეზი, უმცროსმა კი მიაშურა მეზობელ "როსონერის", კლუბს, რომელშიც იტალიელი უკანახაზელი თავის პოზიციაზე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.
1982 წლიდან - კარიერის ბოლომდე, ბარეზი უმცროსი მოედანზე გამოდიოდა მილანის კაპიტნის რანგში და 80-იანების მეორე ნახევრიდან დერბი დელა მადონინაში ასევე სამკლაურით "ნერაძურის" უკანახაზელიც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ "დიავოლოს" მე-6 ნომერს გამოუვიდა უფრო სახელოვანი კარიერა, მოგებების რაოდენობით დერბიში წინ ბეპე არის.
"კაიზერმა" იმარჯვა შვიდჯერ, ინტერის სამიანმა კი ცხრაჯერ, კიდევ შვიდი დაპირისპირება მათ შორის ფრედ დასრულდა. უფროსმა ძმამ კლუბი დატოვა 1992-ში, კარიერის დარჩენილი ნაწილი კი მოკრძალებულ მოდენაში გაატარა. რაც შეეხება უმცროს ბარეზის, როგორც აღვნიშნეთ, სან სიროზე ის დარჩა კარიერის ბოლომდე, 1997-მდე.

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ფუნდამენტური მოთამაშე
ტოტონეროს ჩავლისა და კლუბის სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში იწყება მილანის აღზევება, როგორც კალჩოში, ისე ევროპაშიც. "როსონერიმ" იმ პერიოდში მოიგო 17 ტიტული, მათ შორის 5 სკუდეტო და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 3 თასი.
"დიავოლოში" იმ დროს ბრწყინავდნენ მარკო ვან ბასტენი, რუდ გულიტი, ფრანკ რაიკაარდი, კარლო ანჩელოტი, ახალგაზრდა პაოლო მალდინი და სხვები. რა თქმა უნდა ბარეზიც, რომელიც იყო სან სიროს მკვიდრთა ფუნდამენტური მოთამაშე და კაპიტანი. ბევრი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ არიგო საკიმ იმ დროს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი შექმნა.
მილანის წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობდა დაცვითი ხაზი, სადაც სწორედ იტალიელი უკანახაზელი ბატონობდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1987/88-ის სეზონში "როსონერიმ" სკუდეტო მხოლოდ 14 გაშვებული გოლით მოიგო. თანამედროვე ეპოქაში, რომელშიც ლონდონის არსენალი ლამობდა მეზობელი ჩელსის 15-გოლიანი რეკორდის დამხობას, ბევრს "დიავოლოს" კიდევ უფრო შთამბეჭდავი მიღწევა დაავიწყდა.

ოქროს ბურთი - "კაიზერს" მხოლოდ "მფრინავმა ჰოლანდიელმა" აჯობა
ბარეზის კარიერის პიკი არის 1989 წელი, რომელსაც გვირგვინად დაედო ოქროს ბურთის გამოკითხვაში დაკავებული მეორე ადგილი. მას აჯობა მხოლოდ ვან ბასტენმა, ვინც იმ დროს უბრალოდ უკონკურენტო იყო. მე-2 პოზიციაზე გასული იტალიელი უკანახაზელი ერთი შეხედვით არის სიგიჟე, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სახელოვანი მოთამაშეები ჩამოიტოვა მან.
თავად განსაჯეთ - გულიტი, ჰაჯი, კლინსმანი, მათეუსი, რაიკაარდი...დიახ, ფრანკომ მათ აჯობა. მისი მეორე ადგილი სიგიჟე არის კიდევ იმ მიზეზით, რომ 1989-დან - დღემდე, მილანის კაპიტნის გარდა, ბალონ დ'ორის 1-2 პოზიციებზე აღმოჩენილა სულ რაღაც 3 უკანახაზელი: მატიას ზამერი, ფაბიო კანავარო და ვირჯილ ვან დაიკი.

კარიერის მთავარი შავი ლაქა - 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი
ბარეზი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჯერ კიდევ 1982 წელს, თუმცა ესპანეთში გამართულ ტურნირზე ის გაემგზავრა სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსით, რომელიც მოედანზე ერთხელაც არ გამოსულა. რაც შეეხება აშშ-ს მუნდიალს, იტალიელი უკანახაზელი "აძურის" ლიდერად და კაპიტნად მოგვევლინა.
სამწუხაროდ, კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი ფრანკომ განიცადა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო გარემოში - მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ შეხვედრაში. ბრაზილიასა და იტალიას შორის მოგებული 120 წუთში ვერ გამოვლინდა, რის შედეგადაც დაინიშნა 11-მეტრიანები, მილანის კაპიტნისთვის, რობერტო ბაჯოსა და დანიელე მასაროსთვის საუბედუროდ.
"ლურჯების" მხრიდან პენალტები გააფუჭა სწორედ ამ სამეულმა, ყველაფერი კი "როსონერის" ექვსიანის არაზუსტი დარტყმით დაიწყო. ეს იყო მარცხი, რომელმაც "კაიზერის" საერთაშორისო კარიერა დაასრულა. "სელესაოსთან" წაგების შემდეგ, იტალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ბარეზიმ ჩაატარა მხოლოდ 1 შეხვედრა, მოგვიანებით კი ის საბოლოოდ წავიდა.

ბარეზი და მალდინი - საიმედო ხელში გადასული მემკვიდრეობა
ფეხბურთს უხდება ისტორიები იდეალურ დუეტებსა და მემკვიდრეებზე. პირველ შემთხვევაში შეგვიძლია გავიხსენოთ ჩავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას უწყვეტი კავშირი, მეორე ვარიანტისთვის კი როგორც მაგალითი გამოდგება ბარსელონური გვირგვინის გადაცემა რონალდინიო გაუჩოდან ლიონელ მესიზე.
ბარეზისა და მალდინის წყვილი უფრო მეტია, იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად ისინი იყვნენ დუეტი, მოგვიანებით კი მემკვიდრემ უფროსი დიდოსტატის საქმე გადმოიბარა მთლიანად, თანაც წარმატებით. თავად განსაჯეთ: იტალიელმა უკანახაზელებმა გვერდიგვერდ ჩაატარეს 451 შეხვედრა, როგორც მილანში, ისე "აძურიში".

"როსონერიმ" ამ დროის განმავლობაში მოიპოვა 15 ტიტული, "ლურჯები" კი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მივიდნენ ფინალამდე, ოთხი წლით ადრე, მშობლიურ მუნდიალზე, 1/2 ფინალამდეც. შედეგი, რომელიც იტალიის ეროვნული გუნდისა და "დიავოლოს" თანამედროვე ერაში მიუწვდომელ ნიშნულად ჩანს.
ფრანკოს წასვლის შემდეგ, დაცვითი ხაზის ბატონ-პატრონი და კაპიტანი, როგორც "სკუადრა აძურაში", ისე სან სიროზე, მთლიანად პაოლო გახდა. მილანის ახალმა წინამძღოლმა მშობლიურ კლუბს მოუტანა კიდევ 8 ტიტული და ვინ იცის, იაპონია/სამხრეთ კორეის მუნდიალზე მომხდარი განუკითხაობა რომ არა, შეძლებდა თუ არა რომელიმე ეროვნული გუნდი ლეგალური გზით "ლურჯების" შეჩერებას.

ციფრი 6, როგორც ცხოვრების თანამგზავრი
ბარეზი ექვსიანით ზურგზე თამაშობდა მთელი მილანური კარიერის განმავლობაში და მისი წასვლის შემდეგ, მაისური ამ ნომრით აღარავის ჩაუცვამს. 6-იანი სამუდამოდ ეკუთვნის იტალიელ უკანახაზელს, ისე როგორც დიეგო მარადონას 10 ნომერი ნაპოლიში, ხავიერ ძანეტის 4-იანი ინტერნაციონალეში, ფრანჩესკო ტოტის 10-იანი რომაში და ა.შ.
აუცილებლად სახსენებელია ისევ და ისევ მალდინი, ვინც "როსონერის" ბოლო სამიანი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ციფრი ექვსი ფრანკოს გარშემო არა მხოლოდ მაისურზე გვხვდება. თავად განსაჯეთ: "დიავოლოს" კაპიტანმა იცხოვრა 66 წელი, ის დაიბადა 1960-ში, გარდაიცვალა - 2026-ში, უბრალო დამთხვევა, თუ...

ბეკენბაუერი და ბარეზი - ორი კაიზერი და უკანასკნელი ლიბერო
მიუხედავად იმისა, რომ ამ დუეტს არასდროს უთამაშია გვერდიგვერდ და ისინი რეალურად არიან ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული საფეხბურთო იდეოლოგიის წარმომადგენლები, თანაც განსხვავებულ ერაში, მსგავსება ბეკენბაუერსა და ბარეზის შორის უდიდესია. 2 კაიზერი და უკანასკნელი ლიბერო.
გერმანელმა მცველმა ფაქტობრივად ხელახლა გამოიგონა ეს პოზიცია - უბრალო "დამზღვევისგან" ის იქცა ფეხბურთელად, ვისაც უკანახაზიდან ბურთის ამოტანა, შეტევის წამოწყება და კარის აღებაც შეეძლო. ფრანცის იტალიელი კოლეგა კი ფენომენალური სათამაშო ინტელექტით, მოედნის ხედვითა და პოზიციურობით ოპონენტებს შანსს არ უტოვებდა.

გოლების გატანა უყვარდა ფრანკოსაც და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კოპა იტალიას 1989/1990 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ის გახდა. მილანის კაპიტანს ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც აპენინელ ბეკენბაუერს ან კაიზერ ფრანცს და ამას თავისი ლოგიკური მიზეზი ჰქონდა.
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარული მცველის წასვლის შემდეგ, სწორედ "როსონერის" ექვსიანი აღმოჩნდა ერთადერთი ლიბერო, ვინც მის ელეგანტურობას, თამაშის წაკითხვის უნარსა და უკანახაზის მეთაურობას იმავე უმაღლეს დონეზე იმეორებდა. ასეთია ამბავი ფეხბურთის 2 კაიზერზე.

სერია A-სა და მილანის საუკუნის ფეხბურთელი
მიუხედავად იმისა, რომ ბარეზი 1989 წელს ოქროს ბურთის გამოკითხვაში გავიდა მეორე ადგილზე, ინდივიდუალური ჯილდოები მას მაინც არ აკლია. მილანმა იტალიელი უკანახაზელი 1999-ში დაასახელა მე-20 საუკუნის საუკეთესო მოთამაშედ და 1 წლის შემდეგ, ქვეყნის ფეხბურთელთა ასოციაციამ ის მთლიანად კალჩოს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
ეს ასოციაცია პერიოდულად ატარებს სხვადასხვა დაჯილდოებებს და არაერთ საინტერესო ნომინაციასაც გვთავაზობს. AIC-ის გამარჯვებულები სხვადასხვა დროს ყოფილან ბაჯო, რონალდო, ზიდანი, შევჩენკო, დელ პიერო, ტოტი, ბუფონი, პირლო, იბრაჰიმოვიჩი, რონალდუ და სხვები. ცნობისთვის, აღნიშნულმა ასოციაციამ 2023-ში გამოარჩია ხვიჩა კვარაცხელიაც, როგორც წლის საუკეთესო გოლის ავტორი და წლის სიმბოლური გუნდის წევრი.

ბარეზი და ქართველი ფეხბურთელები
ბარეზის ქართველ ფეხბურთელებთან კვეთა ჰქონდა სანაკრებო ასპარეზზე, იტალიისა და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული გუნდების მატჩების დროს. ფრანკოს წინააღმდეგ სხვადასხვა დროს აღმოჩენილან ალექსანდრე ჩივაზე, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია და ვაჟა ჟვანია.
ქართველებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი გაიმართა 1980 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, სადაც შენგელიასა და დარასელიას გოლებით სსრკ-მ "აძურის" 3:1 მოუგო. გამოსარჩევია ისიც, რომ 21-წლამდელთა ევროს მომავალი ტრიუმფატორი "წითლები" აძელიო ვიჩინის შეგირდებს პირველივე ნახევრის მიწურულს 3:0-ს ანადგურებდნენ.
მილანის მომავალი კაპიტნის გარდა, "ლურჯებში" თამაშობდნენ მისი ძმა, ჯუზეპე, ასევე ანჩელოტი, ტასოტი, გალი და სხვები. როგორც აღვნიშნეთ, ვალენტინ ნიკოლაევის შეგირდებმა იტალიას 1/4 ფინალში მოუგეს უშანსოდ, შემდეგ კი მთლიანი ტურნირიც ტრიუმფით დაასრულეს. ევრო 1980-ის საუკეთესო გოლეადორი 3 გატანილი ბურთით შენგელია გახდა.

















