იტალიური ფეხბურთი - მოვლენა, რომელიც წარმოუდგენელია სკანდალის გარეშე. ჩაწყობილი მატჩები, კავშირი მაფიასთან, ქრთამი, აკრძალული ნივთიერებები სპორტსმენებს შორის და ბევრი სხვა. ეს არის კალჩო...დიდებული და საშინელი. დღეს ვისაუბრებთ იტალიური ფეხბურთის 10 მთავარ სკანდალზე.
ტოტონერო | დამნაშავეები: მილანი, პაოლო როსი და სხვები
1980 წლის გაზაფხულზე იტალიურ ფეხბურთს ჩაწყობილი მატჩებისა და არალეგალური ფსონების პირველმა მასშტაბურმა სკანდალმა გადაუარა. გამოძიება რომაელი რესტორატორის, ალვარო ტრინკასა და ხილით მოვაჭრე, მასიმო კრუჩანის განცხადების შემდეგ დაიწყო. ისინი ამტკიცებდნენ, მოთამაშეებს წინასწარ შეთანხმებული შედეგების სანაცვლოდ ფულს გადასცემდნენ, მაგრამ შეუსრულებელი დაპირებების გამო მათ საბოლოოდ დიდი თანხები დაკარგეს.
23 მარტს პოლიცია და ფინანსური გვარდია პირდაპირ სტადიონებზე გამოცხადდა. ფეხბურთელებს ფინალური სასტვენის შემდეგ აკავებდნენ და გასახდელებიდან ქომაგებისა და კამერების თვალწინ აგროვებდნენ. იმ დღეს დააპატიმრეს მილანის, ლაციოს, ჯენოას, პერუჯასა და აველინოს მოთამაშეები.

დააკავეს "როსონერის" პრეზიდენტიც, ფელიჩე კოლომბო. ბრალდებულებს შორის აღმოჩნდნენ იტალიის ნაკრების ცნობილი ფეხბურთელებიც, მათ შორის როსი. ლეგენდარულ ფორვარდს მიესაჯა 3-წლიანი ბანი, მაგრამ საჩივრის განხილვის შემდეგ ვადა მას 2 წლამდე შეუმცირეს. აღსანიშნავია, რომ იტალიელი ფორვარდი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, ჩაწყობილ თამაშში მონაწილეობაზე თანხმობა არ განუცხადებია.
პაოლო მოედანს დაუბრუნდა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, უშუალოდ ტურნირზე კი "სკუადრა აძურას" ტრიუმფში მან გარდამტეხი როლი ითამაშა. რაც შეეხებათ კლუბებს, ყველაზე მძიმე სასჯელი მიიღეს სან სიროს მკვიდრებმა და რომაელებმა, ქვედა ლიგაში დაქვეითებით.

აკრძალული ნივთიერებები | დამნაშავეები: დიეგო მარადონა, კლაუდიო კანიჯა, პეპ გუარდიოლა, ედგარ დავიდსი, იაპ სტამი, პოლ პოგბა და სხვები
დიახ, აკრძალული ნივთიერებების ხსენების გარეშე იტალიური ფეხბურთის სკანდალების სია არასრულფასოვანი იქნებოდა. სხვადასხვა დროს, დოპინგ ტესტი ჩაუგდიათ ისეთ ცნობილ მოთამაშეებს, როგორებიც არიან კანიჯა, პერუცი, დავიდსი, სტამი, ბორიელო, პოგბა და სხვები. მთავარი დამნაშავე ამ მხრივ არის მარადონა, უდანაშაულო კი გუარდიოლა.
1991 წელს, არგენტინელი შემტევის ორგანიზმში აღმოაჩინეს კოკაინი, რის შედეგადაც ფეხბურთს ის 15 თვით მოკვეთეს. ეს იყო შოკი, როგორც კალჩოსთვის, ისე ზოგადად, საფეხბურთო სამყაროსთვის, რადგან დიეგო იმ მომენტისთვის ითვლებოდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ, რომელმაც "ალბისელესტეს" მოაგებინა მუნდიალი, ნაპოლის კი 2 სკუდეტო.
რაც შეეხება ესპანელ ნახევარმცველს, 2001 წელს, ბრეშაში თამაშის დროს, მის სისხლში აღმოაჩინეს ნანდროლონი, რის შედეგადაც ის ფეხბურთს ოთხი თვით ჩამოაშორეს. პეპი წლების მანძილზე ასაჩივრებდა ბრალდებას და 2009-ში მან საწადელს მიაღწია. აღმოჩნდა, რომ სხეულს ამ ნივთიერების გამოყოფა გარკვეული დოზით შეუძლია დამოუკიდებლადაც და ბარსელონას ექს-კაპიტნის მიმართებაში სწორედ ეს შემთხვევა იყო.

დინო ძოფის გადადგომა | დამნაშავე: სილვიო ბერლუსკონი
ძოფის მწვრთნელობით იტალია 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე მივიდა ფინალამდე და გამარჯვებამდეც ერთ ნაბიჯში აღმოჩნდა. ვიცე-ჩემპიონი "აძური" საფრანგეთს 1:0-ს უგებდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში 1 ბურთი გაუშვა, ხოლო შემდეგ, დავით ტრეზეგეს ოქროს გოლით წაგებული გამოვიდა.
ბერლუსკონიმ საჯაროდ გააკრიტიკა იტალიელი მწვრთნელის ტაქტიკა. ის აღშფოთებული იყო იმით, რომ დამრიგებელმა ზინედინ ზიდანს პერსონალური მეთვალყურე არ მიუჩინა და სილვიომ დინო არაპროფესიონალიზმშიც დაადანაშაულა. სპეციალისტმა მისი სიტყვები პირად შეურაცხყოფად მიიღო.
ფინალიდან ორ დღეში "ლურჯების" მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა და თავისი გადაწყვეტილება საკუთარი ღირსების გრძნობით ახსნა. მოთამაშეები და ქომაგები "ბარონს" გადაფიქრებას სთხოვდნენ, მაგრამ მან უარი თქვა. ფედერაციამ მისი შემცვლელად მალევე ჯოვანი ტრაპატონი დანიშნა.

ყალბი პასპორტების საქმე | დამნაშავეები: მილანი, ინტერი, ნელსონ დიდა, ხუან სებასტიან ვერონი, ალვარო რეკობა და სხვები
2000-იანი წლების დასაწყისში იტალიურ გუნდებს მოედანზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ერთდროულად მაქსიმუმ სამი ფეხბურთელის გაყვანა შეეძლოთ. ზოგიერთი კლუბი აღნიშნულ შეზღუდვას გვერდს უვლიდა და სამხრეთ ამერიკელ თუ აფრიკელ მოთამაშეებს ევროპულ მოქალაქეობას ყალბი ან არასწორად მოპოვებული დოკუმენტებით უფორმებდა.
სკანდალი 2000 წლის შემოდგომაზე აგორდა, როდესაც უდინეზეს ფეხბურთელები პოლონეთში ყალბი პორტუგალიური პასპორტებით დააკავეს. გამოძიება მალევე შეეხო მილანს, ინტერნაციონალეს, რომას, ლაციოსა და კალჩოს სხვა კლუბებსაც. მთავარ ბრალდებულებს შორის დიდა და რეკობა აღმოჩნდნენ.

საქმეში ვერონიც ფიგურირებდა, თუმცა სპორტულმა სასამართლომ ის გაამართლა. 2001 წლის ივნისში ბრალდებული ფეხბურთელების უმრავლესობას ბანი მიესაჯათ, ხოლო კლუბებს, მსხვილი ჯარიმები დაეკისრათ. ხელმძღვანელები, რომლებიც დოკუმენტების გაფორმებაში მონაწილეობდნენ, ასევე ჩამოაშორეს ფეხბურთს.
სასჯელი ყველაზე მკაცრად ალვაროს შეეხო. თავდაპირველად მას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, თუმცა აპელაციის შემდეგ ვადა ოთხ თვემდე შემცირდა. ცნობილი ფაქტია, რომ ურუგვაელი ფლეიმეიქერი იყო მასიმო მორატის ფავორიტი მოთამაშე, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ვერც გავლენიანმა პრეზიდენტმა იხსნა.

მადონინა ცეცხლში | დამნაშავე: ინტერი
შემთხვევა, როდესაც იტალიური ფეხბურთის თავზეხელაღებულობა გასცდა სერია ა-ს საზღვრებს და ჩემპიონთა ლიგასაც კი მოედო. 2004/2005 წლების სეზონი, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრა: ინტერნაციონალეს ქომაგები ვერ ეგუებიან მეზობელ მილანთან წაგებას და თამაშს შლიან.
პირველ მატჩში "როსონერიმ" იმარჯვა უმარტივესად, ანგარიშით 2:0 და იგივე სცენარი განმეორებით თამაშშიც ვითარდებოდა. ანდრეი შევჩენკოს მორიგი ბურთის შემდეგ, "ნერაძურის" ქომაგებმა მოედანზე ისროლეს პიროტექნიკა და ერთ-ერთი საგანი თავში დიდას მოხვდა. შედეგად, შეხვედრა ჩაიშალა.
"ბიშონეს" ჩაეთვალა ტექნიკური მარცხი (0:3), გულშემატკივრებს კი ევროსარბიელის ფარგლებში მატჩებზე დასწრება ერთი სეზონით აუკრძალეს. ცნობილი ფოტო, რომელზეც მანუელ რუი კოშტა და მარკო მატერაცი უყურებენ ცეცხლში გახვეულ სან სიროს, სწორედ აღნიშნული შეხვედრიდან არის.

კალჩოპოლი | დამნაშავეები: იუვენტუსი, ლუჩანო მოჯი
2006 წლის გაზაფხულზე იტალიურ პრესაში კლუბების ხელმძღვანელების, ფედერაციის წარმომადგენლებისა და არბიტრთა კორპუსის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოქვეყნდა. გამოძიების ცენტრალური ფიგურა იუვეს გენერალური დირექტორი, მოჯი გახდა. ირკვეოდა რომ, გავლენიანი ფუნქციონერები ცდილობდნენ მსაჯების დანიშვნის პროცესზე ზეგავლენის მოხდენას.
საქმეში ფიგურირებდნენ მილანი, ლაციო, ფიორენტინა და რეჯინაც, თუმცა ყველაზე მძიმე სასჯელი ცხადია ტურინულმა გუნდმა მიიღო. კლუბს ჩამოართვეს 2004/05-ის სკუდეტო და ის არავისთვის მიუნიჭებიათ. 2005/06-ის შედეგებით "ბიანკონერი" ბოლო პოზიციაზე ჩამოაქვეითეს, ხოლო ტიტული ინტერნაციონალეს გადასცეს.

დელე ალპის ბინადრები ისტორიაში პირველად აღმოჩნდნენ სერია ბ-ში და მათ ახალი სეზონი მინუს ცხრა ქულითაც დაიწყეს. მიუხედავად ამისა, იუვემ პირველივე მცდელობაზე შეძლო უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება. ლუჩანო და კიდევ რამდენიმე ფუნქციონერი ფეხბურთს სამუდამოდ მოკვეთეს.
ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ გამოძიების პარალელურად, იტალია 2006 წლის ზაფხულში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ასევე დამნაშავე "როსონერიმ" კი სეზონის ბოლოს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მოიგო. კალჩოპოლი იტალიურ ფეხბურთს მოედო როგორც სიმსივნე და ის დღემდე უკურნებელია.

მაფიასთან კავშირი | დამნაშავე: ფაბრიციო მიკოლი
2013 წლის 22 ივნისს იტალიურმა საინფორმაციო სააგენტო ANSA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ მიკოლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო გამოძალვის მუხლით. საქმე ეხებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც იტალიელმა ფორვარდმა ცნობილი მაფიოზის, ანტონინო ლაურიჩელას შვილს, მაუროს ღამის კლუბისგან კუთვნილი ვალის ამოღება დაავალა.
გარდა ამისა, გაზეთ La Repubblica-ში გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში ფაბრიციო მოკლულ მოსამართლეს, ჯოვანი ფალკონეს მოიხსენიებდა სიტყვით "Fango", რაც "ტალახს" ნიშნავს. შემდგომში, 2013/14-ის სეზონში, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორმა იუვეს ექს-ფორვარდის დისკვალიფიკაცია და 50.000 ევროს ოდენობის ჯარიმა მოითხოვა, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა ის გაამართლა.

2015 წლის 20 აპრილს პალერმოს ყოფილი ათიანის მიმართ გამოძიება დაიწყო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სიცილიელ მაფიოზთან მუდმივი კონტაქტის გამო, ვისი მიზანიც 12.000 ევროს ამოღება იყო. 2017 წლის 21 ოქტომბერს "სალენტოელ რომარიოს" 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მაფიოზური მეთოდებით განხორციელებული გამოძალვისთვის.
მიკოლის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის იანვარში დაადასტურა. 2021 წლის 23 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ მისი აპელაცია უარყო და განაჩენი ძალაში დატოვა. იტალიელი ფორვარდი 2022 წლის მაისში გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც დათანხმდა სასჯელის დარჩენილი ვადის საზოგადოებრივი სასარგებლო შრომითი სამუშაოებით მოხდას.

ფიქტიური სატრანსფერო მოგება | დამნაშავე: იუვენტუსი
იუვენტუსს ბრალი დასდეს ფეხბურთელების გაცვლისას სატრანსფერო ფასების ხელოვნურად გაბერვაში. ეს სქემა კლუბს საშუალებას აძლევდა მოთამაშის გაყიდვით მიღებული დიდი მოგება ფინანსურ ანგარიშგებაში იმავე მომენტშივე აესახა, ხოლო ახალი ფეხბურთელის შეძენის ხარჯები მისი ხელშეკრულების წლებზე გაენაწილებინა.
სპორტულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ტურინული კლუბი ამ მეთოდს სისტემატურად მიმართავდა, რათა რეალურზე უკეთესი ფინანსური სურათი ეჩვენებინა. თავიდან საქმე "ბიანკონერის" გამართლებით დასრულდა, რადგან მოთამაშეთა რეალური საბაზრო ღირებულების ობიექტურად განსაზღვრა რთულია.
პროცესი თავიდან განახლდა მას შემდეგ, რაც ახალი მასალები, მათ შორის ალიანს სთეიდიუმის ბინადრების შიდა დოკუმენტაცია და მიმოწერა გამოვლინდა. 2023 წლის იანვარში იუვეს 15 ქულა ჩამოაკლეს, ანდრეა ანიელის, პაველ ნედვედსა და ფაბიო პარატიჩის კი საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს.

ბეთინგ სკანდალი | დამნაშავეები: სანდრო ტონალი, ნიკოლო ძანიოლო, ნიკოლო ფაჯოლი
2023 წლის შემოდგომაზე იტალიაში დაიწყეს გამოძიება ფეხბურთელების მიერ არალეგალური ბუკმეიკერული პლატფორმების გამოყენების ფაქტზე. პირველი ბრალდებული გახდა ფაჯოლი, მალევე პოლიციამ ძანიოლო და ტონალი უშუალოდ იტალიის ეროვნული გუნდის ბაზაზე გამოკითხა, რის შემდეგაც ორივე განაცხადიდან ამოიღეს.
იუვენტუსის ყოფილმა ნახევარმცველმა აღიარა იმ წესების დარღვევა, რაც პროფესიონალ ფეხბურთელებს მატჩებზე ფსონების დადებას უკრძალავს. იტალიელმა შუახაზელმა 12-თვიანი ბანი მიიღო, მაგრამ აქედან 5 თვე მას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობით ჩაუნაცვლეს.

ნიკოლოს მოედანზე გასვლა შვიდი თვის განმავლობაში არ შეეძლო, ასევე დაეკისრა ჯარიმა 12.5 ათასი ევროს ოდენობით. რაც შეეხებათ დანარჩენებს, სანდრომ 18-თვიანი ბანი მიიღო. 8 თვე მას მკურნალობის პროგრამითა და საჯარო შეხვედრებით შეეცვალა, რის გამოც სასჯელის სპორტულმა ნაწილმა 10 თვე შეადგინა.
იტალიელი ნახევარმცველი ასევე 20 ათასი ევროთი დააჯარიმეს. დისკვალიფიკაციის გამო მან ნიუკასლ იუნაიტედში სადებიუტო სეზონის უმეტესი ნაწილი და ევრო-2024 გამოტოვა. რომას ექს-ფლეიმეიქერს კოლეგებისგან განსხვავებით, გამოძიებაში თავდაპირველი ხსენების მიუხედავად, სასჯელი არ მიუღია.
ფეხბურთის ფედერაციამ ვერ იპოვა საკმარისი საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ იტალიელი შემტევი მატჩებზე ფსონებს დებდა და უკვე ნოემბერში მას "აძურიში" დაბრუნების უფლება მისცა. ნიკოლო უშედეგოდ ცდილობს კარიერის რეანიმირებას, "კაჭკაჭთა" ექს-შუახაზელი კი ტოტენჰემში გადასვლით ყველაზე ძვირადღირებული იტალიელი მოთამაშე გახდა.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კავშირი რუსულ ბეთინგ კომპანიასთან | დამნაშავე: ანდრეა პირლო
პირლო ერთ ნაბიჯში იყო იტალიის ნაკრების მწვრთნელობასთან, თუმცა მორიგმა სკანდალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მიზეზი - კავშირი რუსულ ბუკმეიკერულ კომპანია Fonbet-თან, რომელთანაც ანდრეა გლობალური ელჩის სტატუსით თანამშრომლობს. ახალგაზრდა სპეციალისტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა პრაქტიკულად ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა.
იტალიელი მწვრთნელის დანიშნვა იყო თავიდან ბოლომდე პაოლო მალდინის ინიციატივა, ვინც "სკუადრა აძურაში" ასევე ცოტა ხნის წინ, ტექნიკური დირექტორის როლში დაბრუნდა. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ იუვეს ყოფილი დამრიგებელი "ლურჯების" თავკაცად არ დაინიშნა, მილანის ლეგენდარულმა კაპიტანმა კი პოსტი დატოვა.
"მაესტროს" ადგილი დაიკავა რობერტო მანჩინიმ, ვისი მწვრთნელობითაც იტალია 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ტექნიკური დირექტორის როლი ერგო კლაუდიო რანიერის...ასე დაიწყო "აძურიში" ახალი ერა. რით გაგრძელდება ეს ყველაფერი? მორიგი კრახი თუ ეროვნული გუნდის დიდ სცენაზე დაბრუნება? ყველაფერს დრო გვიჩენებს.


















