ბრძოლა და გამარჯვება ქართველების გენეტიკური კოდი რომ არის, ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ ჩვენ სპორტსმენებს. არაერთი მასშტაბური და შთამბეჭდავი წარმატების გახსენება შეგვიძლია, თუმცა 15 სექტემბერს მთელმა მსოფლიომ ამერიკიდან ახალი ქართველი ჩემპიონის სრული დომინაცია იხილა და კიდევ ერთხელ დღის მთავარი მოვლენა ქართული გამარჯვება გახდა.
15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა. ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
გზა აშშ-მდე და შემდეგ - გამარჯვებამდე მარტივი არ ყოფილა. ხშირად გაიგონებთ, შესაძლებლობის და ოცნებების ასრულების ქვეყანაა ამერიკა, მერაბმა კი ყველა პატარა შანსი შეაგროვა, ბევრი იშრომა და ოცნების ასასრულებლად მყარი ნაბიჯებით ლას ვეგასში ჩავიდა. ო'მალის ქამარი წაართვა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რა შეუძლია თავდაუზოგავ ბრძოლას და აქვე განაცხადა, რომ ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ისევ უბრალო ბიჭია, დიდი ტიტულით.
მერაბ დვალიშვილის ბრძოლა ჩემპიონობისთვის ღრმა ბავშვობიდან, ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ სულორიდან დაიწყო და სპორტული ჟინით სპორტის რამდენიმე სახეობაშიც ცადა ბედი, თუმცა MMA-ის პირველივე დაპირისპირებიდან მიხვდა, რომ მისი ადგილი ოქტაგონზეა. მებრძოლი მერაბის ბრძოლით სავსე თავგადასავალზე ჩემპიონის მამამ, ამირან დვალიშვილმა
-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
- გილოცავთ მერაბის უდიდეს წარმატებას, UFC-ის ჩემპიონის მამა ხართ, ქამრისთვის ბროლის დროს რა ხდებოდა თქვენ ოჯახში?

- მადლობა მოლოცვისთვის, ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. მთელი ღამე გავათენეთ, მთელი სოფელი ჩვენთან იყო შეკრებილი, მე წამლის მიღებაც კი დამჭირდა, ავად გავხდი. ზოგადად სპორტის მოყვარული ვარ, დიდი ხანია MMA-ის ვუყურებ, თუმცა რა თქმა, უნდა ეს სხვა დაძაბულობა იყო, თან ბრძოლა ქამრისთვის, მერაბი წაგებას ვერ იტანს, მთელი ცხოვრებაა გამარჯვებისთვის იბრძვის, უდიდესი შრომა აქვს ჩადებული ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მღელვარება იყო და გვიხარია, რომ მერაბმა ეს ყველაფერი შეძლო.
- მერაბი როდის შეიყვანეთ სპორტზე?
- 3 შვილი გვყავს, 3 ვაჟი, ყველას ვავარჯიშებდი ბავშვობიდან, ყველა სპორტში იყო ჩართული. მერაბს ჯერ სახლში ვავარჯიშებდი, შემდეგ ჩვენთან სოფელში, სულორში ძიუდოზე შევიყვანე. თავიდანვე მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდა, ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო, არასდროს ეზარებოდა შრომა და ღრმა ბავშვობიდანვე მიზნად ჰქონდა გამარჯვება და ქვეყნის გახარება. როცა ვანიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად მერაბი ფეხბურთზე შევიდა, იქაც საოცარი ბრძოლა გამოავლინა, გუნდის წაგებას ვერ ეგუებოდა, გარკვეული ფინანსური საკითხიც იყო და ძიუდოს დაუბრუნდა.
- ჩვენ ვხედავთ რომ მერაბი არ ნებდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ მებრძოლი სულით დაიბადა ...
- დიახ, ძალიან ბევრს ვარჯიშობს, როცა ჩამოდის დღეს არ გამოტოვებს, ვარჯიშს არ გააცდენს. შრომა ყოველთვის უყვარდა და სურდა ბავშვებისთვის მოტივაცია მიეცა. ერთხელ ზაფხულში ჩამოვიდა და აქ სოფელში ტურნირი ჩაატარა ძიუდოში, სხვადასხვა სოფლის ბავშვები შეკრიბა და შეჯიბრის შემდეგ სიგელები გადასცა. მისი მოწოდება სულ სპორტს უკავშირდებოდა, რასაც ბავშვობაში ოცნებობდა რეალობად აქცია. ახლა კი მისი მიზანია ნიჭიერ ბავშვებს დაეხმაროს, ჰქონდეს დარბაზები, სადაც ბავშვებს ყველა პირობას შეუქმნის და წარმატებაში დაეხმარება.
- ბავშვობაში რას ამბობდა, რა იყო მისი მთავარი მიზანი?




















