ორგანიზებაზეც უნდა ითქვას მწარე სიტყვა. ჯერ კიდევ მეორე ტაიმში, როცა პატარა ბიჭი შემოვარდა მოედანზე, ნათელი გახდა, რომ მატჩის მერე უამრავი ასეთი მცდელობა იქნებოდა, რადგან ამ ბიჭს არავინ გამოჰკიდებია, მივიდა დანიშნულების ადგილამდე და მხოლოდ თავისმა გმირმა უთხრა - ახლა დატოვე მოედანიო. ერთი ფლანგიდან მეორემდე ისე მიირბინა კაციშვილს არ უცდია მისი შეჩერება. რომელ ორგანიზებაზეა საუბარი?! - ბავშვები ორდროშობანას თამაშობდნენ.
ამ თამაშ-თამაშში მოგვჭრეს თავი. აი, თურქეთთან თუ სტადიონზე არ დაგვიშვეს, იმდენ ხანს და ისე მწარედ შეახსენებენ თითოეულ მათგანს ამ თავზეხელაღებას, რომ არა მგონია ოდესმე კიდევ გაბედონ მსგავსი რამ. ზღაპრული თამაში იყო და მაინც საბოდიშოდ გაგვიხადეს საქმე.
სომხეთში ეს ვერ ნახა, რადგან ორი ლიდერი გამოაკლდა, დაცვისა და შეტევის, კაშია და კვარაცხელია. გუშინდელ შეხვედრაში მარცხენა ფლანგზე აზაროვის ნაცვლად წიტაიშვილი ვიხილეთ. ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა ამ ტაქტიკის ირგვლივ, ერთიც და მეორეც უფრო ლატერალია, ვიდრე განაპირა მცველი, შეტევაში ორივე კარგია, დაცვაში, ოთხი მცველის პირობებში, როგორც წესი, უჭირთ ხოლმე, მაგრამ ამ ორ შეხვედრაში ნამდვილად არ ჰქონიათ ბევრი საქმე. მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები გაცილებით ძლიერ გუნდთან უნდა გამოჩნდეს.
კაშიასთან წყვილში ვნახეთ გოგლიჩიძე, ნაკრების მომავალი სახე, ესეც დადებითი მოვლენაა, გურამთან ერთად მოუწია თამაში, მისგან იღებს გამოცდილებას, არა მხოლოდ დარიგებით, არამედ, დაკვირვებით. გარდასულ დროს ეს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მინუსი იყო, ვერასდროს სწორ დროს ვერ არჩევდნენ, ვინ როდის უნდა გამოეძახებინათ, ვინ როდის უნდა გაეშვათ. ახლა ყველაფერი დალაგებულია, ცალი თვალი 21-წლამდელებსა და 19-წლამდელებსაც შევავლეთ, მოდიან და მოდიან... არ ჩერდებიან, ეს კი ზრდის მთავარი წინაპირობაა, ნაკრები მუდმივად უნდა იღებდეს შევსებას. მარჯვენა ფლანგი ტრადიციულად ოთარ კაკაბაძეს ჩაბარდა.

შეტევის დროს 4-3-3, ორი საყრდენი ნახევარმცველით, დაცვის დროს კი 4-5-1-ად გადაკეთდა. ამ დროს კიტეიშვილი, კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთ ხაზზე არიან და ერთ დაცვით ზონას ქმნიან.

ასე რომ, შეტევის დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს არა სამი, არამედ, ოთხი გამოკვეთილი შემტევი ჰყავდა - სამეულს პლუს კიტეიშვილი. არც არის გასაკვირი რომ დუბლი შეასრულა (პირველი გოლიც მას ჩავუთვალოთ) გარდა ამისა, დიდი როლი ითამაშა პრესინგში, რაც პირველი ტაიმის მთავარი იარაღი იყო, რომელსაც მოგვიანებით მივუბრუნდებით.
ვთქვათ სამეულზეც - კვარაცხელია და მიქაუტაძე ერთმანეთს გატანილ გოლებში ეჯიბრებიან, კაცმა არ იცის სადამდე ავლენ.. მესამე შემტევი კი გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეროვნულ გუნდში ორმაგი დუბლი შეასრულა, ესე იგი, ათ გოლსა და ათ საგოლე პასს მოუყარა თავი. იდეალური სამეულია. შეიძლება ჩაკვეტაძე ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობს თავს მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ მაინც დიდი სარგებელი მოაქვს.

თუმცა, იყო ერთი განსაკუთრებული შემთხვევაც, პირველ ტაიმში გატანილი ხუთი გოლიდან, მხოლოდ პირველი გოლი არ მოჰყოლია პრესინგს. პირველი გოლის დროს შეტევის ორგანიზების მასტერკლასი ვნახეთ, ყველა ეტაპზე, ყველა წერტილში სწორი თამაში, ნაკლები შეხებით - ასე მივიღეთ უსწრაფესი შეტევა. ქოჩორაშვილი ყველაზე მეტად გამოირჩა შეტევის ორგანიზებით, სტადიონიდან მოსულმა კიდევ ერთხელ შევავლე თვალი თამაშს და ტაიმის მიწურულს კომენტატორისგან მოვისმინე - ქოჩორაშვილი ჩრდილშიაო. რეალურად, ყველაზე დიდი სამუშაო გასწია არა მხოლოდ დაცვით ასპექტში, არამედ, შეტევის ორგანიზებაშიც. ასეა, კომენტატორი ანალიტიკოსი არ არის. ხშირად გამოეპარებათ ხოლმე მნიშვნელოვანი დეტალები.
ქოჩორაშვილს საწყის სამ წუთში უკვე ჰქონდა სამი პასი ზონებს შორის, ამ სამიდან ერთი იყო პირველი საგოლე შეტევის დასაწყისი, ჩაკვეტაძე სწორ დროს ერთი შეხებით თამაშობს, კაკაბაძე აკეთებს დიაგონალს კვარაცხელიაზე და დანარჩენი ყველამ კარგად ნახა. ვის როგორ ამოაქვს ბურთი აქცენტს, რა თქმა უნდა, ზონებს შორის გაკეთებულ პასზე, დიაგონალებზე და მცველებს ზურგს უკან გაკეთებულ პასებზე გავაკეთებთ. შეტევის ორგანიზება ასე იწყება, ის ბევრჯერ გაკეთებული მოკლე პასი, რომელსაც მაყურებელი ხედავს უბრალოდ მზადებაა ამ გადამწყვეტი პასისთვის. მატჩის ბოლოს ყოველთვის საინტერესოა ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ თვალის შევლება.
ქოჩორაშვილს ყველაზე დიდი მონაწილეობა აქვს შეტევის ორგანიზებაში, თავდაპირველად აღნიშნულ სამ პასს ზონებს შორის, სამი ზუსტი დიაგონალიც მიამატა პირველ ნახევარში. საერთოდ, დაცვიდან ძალიან მაღალი სიზუსტის მაჩვენებლით ამოჰქონდათ ბურთი. ასევე, სამჯერ ზონებს შორის ზუსტი პასი გააკეთა გურამ კაშიამ. ორი გრძელი გადაცემა ჩაუჭრეს, ორი გრძელი პასი ფორვარდებზე ზუსტი იყო, თუმცა, ამ ორიდან ერთ შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ზუსტი პასი შეასრულა მცველებს ზურგს უკან.
შედარებით მარტივი პასით თამაშობდა გოგლიჩიძე, ორჯერ სცადა ზონებს შორის პასის გაკეთება, ერთი ზუსტი იყო, მეორე ჩაუჭრეს. კაკაბაძემ ორი ზუსტი პასი შეასრულა ზონებს შორის და ერთი ზუსტი დიაგონალი. ასევე, ერთი ზუსტი პასი გააძვრინა წიტაიშვილმა. ერთი კარგი დიაგონალი ჰქონდა სიღრმეში ჩამოწეულ კვარაცხელიას, ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში. ერთი ტაიმისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია, მათ შორის, სიზუსტის თვალსაზრისითაც. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ისევ პრესინგით ითამაშა, მაგრამ ინტენსივობამ მოიკლო და არც აგრესია იყო საკმარისი, აღარც სწრაფი შეტევები, თუ ისევ კვარაცხელიას გარღვევებს არ ჩავთვლით, რომელსაც თავისი გოლი ჰქონდა გასატანი და ბოლომდე ძალიან აქტიური იყო. გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს, პირველის მსგავსად, ცხრა ართმევა ჰქონდა მეტოქის ნახევარზე. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზამდე საქმე იშვიათად მიდიოდა, ჩაკვეტაძის გასვლამაც თავისი როლი ითამაშა, შენგელია მეტწილად ჩაწოდებაზე თამაშობდა, რასაც შედეგი არ მოუტანია.

მეორე ფაზის შეცდომა კი ცენტრალურმა მცველებმა დაუშვეს. ახლა მარტივია საუბარი, მაგრამ ალბათ მაინც სჯობდა ბურთიან ფეხბურთელთან გოგლიჩიძე გადასულიყო, უფრო ახლოს შეძლებდა მასთან თამაშს და უფრო მეტად შეუზღუდავდა სივრცეს, ამის ნაცვლად, სიღრმიდან მომავალ კაშიას დაუტოვა სომეხი შემტევი, რომელსაც გურამთან რამდენიმე მეტრის უპირატესობა ჰქონდა.
















