გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ფეხბურთელი გახდა. კლუბმა ის პირველივე ტურში განაცხადში შეიყვანა და ბილბაოსთან სათადარიგოთა სკამზე იყო.
ესპანური გამოცემა Marca ქართველი ნახევარმცველის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
პირველი დღეები სევილიაში: "ჩემმა თანაგუნდელებმა და მთელმა გუნდმა ყველაფერი გამიადვილა. გასახდელში ჯანსაღი ატმოსფეროა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გუნდმა მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატაროს.ვახშამზე ოდისეასთან (სევილიას მეკარე) ბევრი ვისაუბრე. მის წინააღმდეგ ევროპის შესარჩევ ეტაპზე ვითამაშე და ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენმა მეგობრობამ საქმე ბევრად გამიადვილა“.
საუბარი მთავარ მწვრთნელთან: "გარსიასთან საუბარი მქონდა და ამიხსნა, რას ითხოვს ჩემგან. კარგად ვიცი, მისი ხედვები და მჯერა, ერთად წარმატებას მივაღწევთ. ვიცი, რომ ლუისი მომთხოვნი ადამიანია, მაგრამ ეს ძალიან მსიამოვნებს. მშიერი ვარ, რათა გუნდს წარმატებაში დავეხმარო. ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო."
K8️⃣. Get used to it 👀 pic.twitter.com/NdenS5aMO0
— Sevilla FC (@SevillaFC_ENG) August 23, 2026
კავშირი სევილიასთან: "სევილიას მდიდარი ისტორია აქვს. მე ვესაუბრე ისეთ შესანიშნავ კაპიტნებს, როგორებიც არიან იბორა და კოკი. მათ კლუბის ღირებულებები გამიზიარეს. საქართველოში ბევრი დიდი მატჩის პირდაპირ ეთერში ყურების შანსი არ გვაქვს. მხოლოდ ორი ვნახე: ესპანეთი-საქართველოს მატჩი 2011 წელს და ევროპის სუპერთასი 2015 წელს თბილისში. მახსოვს ის დღე, როცა ბილეთი ვერ ვიშოვე და ველოდებოდი. მატჩამდე ორი საათით ადრე დამირეკეს, რომ ბილეთი მქონდა და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო. ეს ბილეთი დღემდე მაქვს და ბავშვობიდან ვიცი სევილიას შესახებ. ჩემთვის, ასეთ ტიტულოვან კლუბში ყოფნა ოცნების ახდენაა."
განსხვავებული ქოჩორაშვილი: "ის ძალიან შეიცვალა. ბევრი იშრომა, ბევრჯერ დაეცა და ისევ წამოდგა. თუმცა, მან ასევე ისწავლა, რომ ფეხბურთი მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და მესმის, რომ უნდა გაითვალისწინო გარშემომყოფები, კარგად გაიაზრო და შენ თამაშთან ადაპტირდე. ეს ის გიორგია, რომელსაც თამაშის წყურვილი ჰქონდა და ეს არ შეცვლილა, მაგრამ ის ცოტა უფრო მომწიფდა და იცის, რომ არსებობს შეზღუდვები. შენ უნდა იყო პირველი, ვინც შენს თანაგუნდელს დაეხმარება.“

სევილიელ გულშემატკივრებზე: "მაშინ მივხვდი, რომ გამორჩეული გულშემატკივრები იყვნენ, როცა სან მამესზე გამაყრუებელი სტვენის ფონზე, მათი სიმღერა და შესრულებული ჰიმნი მაინც ისმოდა. სევილიელი არ ვარ, მაგრამ ასეთ დროს, ცრემლების შეკავება რთულია."
კომფორტული პოზიცია მოედანზე: "მე ვარ მოთამაშე, რომელიც ცდილობს დაეხმაროს თანაგუნდელებს, რათა მათაც შეძლონ ჩემი დახმარება. მიყვარს შეტევა, მიყვარს დაცვა, მომწონს ბურთის კონტროლი, ბავშვობიდან ვამბობდი, რომ მინდოდა ვყოფილიყავი მოთამაშე, რომელსაც ექნებოდა ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ 8 ნომრის პოზიციაზე, რადგან იდეალური პოზიციაა, კავშირი მქონდეს თავდამსხმელებთან და მცველებთან."
საქართველოს ნაკრებში თამაშზე: "ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მოგვიწია თამაში, სადაც საქართველო აქამდე არასდროს მონაწილეობდა. ეს განსაკუთრებული რამ არის, რადგან ის ნამდვილად გაკავშირებს ხალხთან. ჩვენ დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ვართ და ყველა ქუჩაში ზეიმობდა. ხშირად ვამბობთ, რომ მნიშვნელოვნები ვართ, მაგრამ ჩემთვის ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია. მოედანზე მუშაობ და შემდეგ ხედავ ხალხის სახეებს, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან. ჩვენ ეს შევძელით. იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებთან და სევილიასთან ერთად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ“.
საუბარი აბურჯანიასთან: "მასთან საუბარი მქონდა და სევილიას შესახებ ბევრი რჩევა მომცა. აბურჯანია საკმაოდ თავმდაბალი და შრომისმოყვარე ადამიანია. ლა ლიგაში უკვე 5 ქართველი თამაშობს, ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და ამით ამაყები ვართ. საქართველო ისეთ პერიოდს გადის, რომ ტოპ ლიგებში უკვე ბევრი ფეხბურთელი ჩნდება, რაც სასიხარულოა."
დებიუტის მოლოდინი და მიმართვა გულშემატკივარს: "მოუთმენლად ველოდები. როდესაც 0-3 ვიგებდით, სამწვრთნელო შტაბს ვუთხარი, რომ მოედანზე გასასვლელად მზად ვიყავი. როდესაც ანგარიში 1-3 გახადეს, შესაფერისი დრო აღარ იყო, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. მე აქ ვარ, რომ ვიშრომო და შემდეგი თამაშისთვის მზად ვიყო. გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ვიქნები ის გიორგი, რომელიც არაფერს დაიშურებს, რათა სევილიას წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ერთად უნდა ვიყოთ რთულ დროსაც და კარგ პერიოდშიც."












