გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერმა ქართული საფეხბურთო თვალსაწიერი სხვა სიმაღლეზე ასწია. ექვსი ჩემპიონთა ლიგა, ცხრამეტი ინგლისის საჩემპიონო თასი, სერ კენი დალგლიში, იან რაში, სერ ბილ შენკლი, ბობ პეისლი, სტივენ ჯერარდი, რობი ფაულერი, მაიკლ ოუენი, სტამბოლის ფინალის მაგია, დამანგრეველი „ენფილდ როუდი“ და „კოპის“ ტრიბუნა, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონიც ისე უფრთხოდა, როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს. მალე ქართველი მეკარე ამ ყველაფრის ნაწილი გახდება და საკუთარი შეგრძნებით მოყვება, რას ნიშნავს „კოპის“ წინაშე თამაში, მაგრამ ჩამოთვლილი ტიტულები, საღამოები თუ მონუმენტური მნიშვნელობის პერსონაჟები, თავადვე მეტყველებენ წნეხის სიმძაფრეზე. მერსისაიდის წითელ ნაწილში, მეკარის პოზიცია მუდმივი დიდებულებით ვერ დაიტრაბახებდა. მეტიც, მდინარე მერსის ნაპირას წითელ დროშაში შემოსილი, ზედმეტად უხეში ინგლისური აქცენტით შეიარაღებული ახალი თაობის ქომაგი რომ შეაჩეროთ ლორის კარიუსს გაიხსენებს. ახალგაზრდას მტკივნეულად ეხსომება 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ერთ მხარეს - ზედიზედ მესამე ტრიუმფის მოლოდინში მყოფი ზიდანის რეალი და აქეთ ტურნირის სრული სენსაცია, ლივერპული, რომელმაც გზა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. ტოპ მეკარის გარეშე ტიტულის მოგება რომ წარმოუდგენელია, ეს საფეხბურთო ექსპერტებსა თუ ლეგენდარულ მეკარეებსაც დაუდასტურებიათ და ამ ფინალშიც ნათლად გამოჩნდა, თუმცა, შევეშვათ კარიუსის ორ უხეშ შეცდომას, რამაც ტაბლოზე 1:3 გამოიწვია.

ლივერპულური რენესანსი შორეული 70-იანი და 80-იანი წლების დეკადებით თარიღდება, რეი კლემენსი კი, სწორედ მაშინ იცავდა ენფილდის ძელებს. ლივერპულის ქომაგი, ყველაზე ხშირად, სწორედ მის სახელს განადიდებს. სხვათაშორის, კლემენსი თბილისში ნამყოფია და შინ 3-ბურთიანი განადგურება წაიღო. დიახ, ეს ის ოქროს თარიღია, ქართველ ქომაგს რომანტიკოსი პოეტივით რომ სულ ახსენდება: ჩვენ ლივერპულს 3:0 მოვუგეთო. რეი კლემენსი იმ იშვიათთაგანია, ოლიმპოს მთის წევრების: ბილ შენკლისა და ბობ პეისლის გუნდის კარს რომ იცავდა. კლუბში 1967-დან 1981-წლამდე თამაშობდა, თბილისს კი 1979 წელს ეწვია. ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონიც გამხდარა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგაც რომ მოუგია. თამასა ძალიან მაღლაა. ტიტულებით ვერ, მაგრამ კლემენსის სამართალმემკვიდრედ, მაინც, ალისონ რამზეს ბეკერს მიიჩნევენ. დღევანდელობაში ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს, რომლის პერსონალური მწვრთნელიც ბრაზილიაში გაღმერთებული, კლაუდიო ტაფარელია.

მამარდას ამბიდან მალევე, ალისონმა Liverpool Echo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ასეთი რამ თქვა: წასვლას არ ვაპირებ, კონტრაქტი 2026 წლამდე მაქვს და მის ჩამთავრებას ვაპირებ, შემდეგ კი ცხელ საუდეთს მივაშურებ, ისეთ პირობებს მთავაზობენ, სადღაც მომიწევს დათანხმებაო. ჰო, მამარდაზეც ისაუბრა, კლუბი დამიკავშირდა და მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ასაკი მემატება და ჩემი შეცვლის დროც დადგებაო. ალისონი ის პერსონაჟია, რომლის ერთი ხელის მოსმით გაცამტვერებაც გამორიცხულია. მეტიც, ჯონ ჰენრიმ, ლივერპულის პრეზიდენტმა, ალისონის აზრს პატივი რომ არ სცეს, მერსისაიდში დიდი ამბავი მოჰყვება. 32 წლის ბრაზილიელი, კლოპის მანქანის რიგითი ჭანჭიკი არ ყოფილა, მან ენფილდის მშიერ კედლებში პრემიერ ლიგის თასი დააბრუნა და ლეგენდაზე აღმატებითი ფიგურაცაა.
მთლად დითირამბი რომ არ გამოვიდეს, ამგვარი პრელუდია ერთი ვარიაციისათვის დაგვჭირდა. წარმოიდგინეთ, მომავალ ზაფხულ ლივერპულმა მამარდა პრემიერ ლიგაში გაანათხოვროს, ალისონის მოქმედი ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივოს (კონტრაქტი ასეთია: 2026 წლამდე + ერთი წლით გახანგრძლივების ოფცია კლუბს), გუნდში 2026 წლამდე დატოვოს და ამავე წლის ზაფხულს, ცხელ არაბეთში, დაახლოებით, 30 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს, რაც მერსისაიდელთა მფლობელის ტიპური ხელწერაა (ფაბინიო, მანე და ჰენდერსონი ნათელი მაგალითები). ამ ტრანსფერით, მამარდას სანაცვლოდ გადახდილ თანხას დააბაალანსებს, ქართველ მეკარეს არანორმალურ პრემიერლიგურ ტემპთან ადაპტაციის საშუალებას მისცემს და ქართულად რომ ვთქვათ: არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს. არის კი ეს ტრაგედია?! ალბათ არა, რადგან მამარდა მარტო არასოდეს ივლის და როგორც პეპ გუარდიოლამ თქვა: “you will never walk alone - მხოლოდ სიტყვები არაა." ეს იდენტობაა, მეგობრობის, ერთ მუშტად შეკვრის სიტყვათშეთანხმება. მამარდას „კოპის“ წინ ხილვა კი, მხოლოდ დროის საკითხი.















