საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა საბჭოთა კავშირის ეროვნული გუნდის არსებობის პერიოდში მუნდიალზე უასპარეზია ჩვენი ქვეყნის 14 წარმომადგენელს, აქედან სამმა მოთამაშემ გოლის გატანაც შეძლო. გავიხსენოთ თითოეული მათგანი.
1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | პირველი ნაბიჯები
1962 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა - მიხეილ მესხმა, სლავა მეტრეველმა, გივი ჩოხელმა და სერგო კოტრიკაძემ. ეს უკანასკნელი იყო მე-2 გოლკიპერი და მთელი მუნდიალის მანძილზე რჩებოდა სათადარიგოთა სკამზე, რადგან საბჭოთა კავშირში იმ დროს ლევ იაშინი ბრწყინავდა.
დანარჩენ ქართველ ფეხბურთელებს მიეცათ თამაშის საშუალება, თუმცა სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მათ გოლის გატანის გარეშე დაასრულეს. გამოსარჩევია ისიც, რომ ხსენებულმა ტრიომ ჩილეს მუნდიალამდე 2 წლით ადრე ევრო 1960 მოიგო. რაც შეეხება სსრკ-ს შედეგს: წაგება 1/4 ფინალში ტურნირის მასპინძელ "ლა როხასთან".

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | ისტორიული მე-3 ადგილი
1966 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ ოთხი ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდა. მეტრეველისთვის ეს იყო რიგით მეორე ტურნირი და რაც შეეხებათ დებიუტანტებს: მურთაზ ხურცილავა, ანზორ კავაზაშვილი და გიორგი სიჭინავა. საბჭოთა კავშირი გავიდა 1/2 ფინალში და მუნდიალზე ასპარეზობა დაასრულა მე-3 ადგილზე, მაგრამ კვლავ ქართველი მოთამაშეების გოლების გარეშე.
სსრკ ნახევარფინალში დამარცხდა გერმანიასთან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი იმ დროისთვის ერთხელ უკვე იყო (1954). გამოსარჩევია ისიც, რომ ინგლისის მუნდიალზე "წითლების" კარს 2 შეხვედრაში კავაზაშვილი იცავდა. მუნდიალის დებიუტანტმა გოლკიპერმა ტრავმირებული და უკვე ასაკში მყოფი იაშინი შეცვალა.

1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | პირველი გოლი და ყვითელი ბარათი
წინა ორი მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, 1970 წელს გამართული ტურნირი ქართველი ფეხბურთელებისთვის საინტერესო მოვლენებით დატვირთული იყო. პირველ რიგში გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მექსიკის მუნდიალზე ერთბაშად ექვსმა ჩვენმა მოთამაშემ იასპარეზა. ისტორიული რეკორდი დაამყარა კახი ასათიანმა, თანაც, 2.
მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა საბჭოთა კავშირისა და მასპინძელი მექსიკის მატჩით, სადაც პირველად, როგორც მუნდიალების, ისე ზოგადად, ფეხბურთის ისტორიაში ბარათების წესი იქნა გამოყენებული. პირველი ყვითელი სწორედ ქართველმა შუახაზელმა მიიღო. დღეს, სპორტის ეს სახეობა წარმოუდგენელია ბარათების გარეშე, ყველაფერი კი თბილისის დინამოს მოთამაშით დაიწყო.

სსრკ-ს მე-11 ნომერმა მოგვიანებით ბელგიას გაუტანა გოლი, რითაც ის გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მოწინააღმდეგის კარის აღება შეძლო. რაც შეეხებათ სხვებს, თავის მე-3 მუნდიალზე გაემგზავრა იმ დროისთვის უკვე ვეტერანი მეტრეველი, მაგრამ მოედანზე ის არ გამოჩენილა.
სლავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე იყო. 1970 წელს გამართულ ტურნირზე ასევე ითამაშეს ხურცილავამ, ძოძუაშვილმა და კავაზაშვილმა. რაც შეეხება "წითლების" მე-6 ჩვენიანს, ეს იყო გივი ნოდია, ვინც "აცტეკებთან" შეხვედრაში ასათიანის შემდეგ აღმოჩნდა მე-2 მოთამაშე, რომელმაც გაფრთხილება მიიღო.
დიახ, ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყვითელი ბარათიც ქართულია. გავრილ კაჩალინის გუნდმა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გადალახა ჯგუფური ეტაპი, მაგრამ შემდეგ, 1/4 ფინალში წააგო მუნდიალის 2-გზის ტრიუმფატორთან, ურუგვაისთან. შეხვედრის ბედი გადაწყვიტა ვიქტორ ესპარაგოს 117-ე წუთზე შეგდებულმა ბურთმა.

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | მატჩი-მოჩვენება ჩილეში
საბჭოთა კავშირი არ ყოფილა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფში, რომელშიც ასევე იყვნენ საფრანგეთი და ირლანდია, პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა. სსრკ-ს ლიდერობაში უდიდესი როლი ითამაშეს ხურცილავამ, ძოძუაშვილმა და გუცაევმა.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ვერ მოხვდნენ "წითლები" 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - ფიფას იმდროინდელი რეგლამენტის მიხედვით, ევროპის კონფედერაციის შესარჩევის მე-9 ჯგუფის ლიდერი ხვდებოდა სამხრეთ ამერიკაში მე-3 ჯგუფის მომგებ ეროვნულ გუნდს, მათ შორის გამარჯვებული კი პლეი ოფის პრინციპით მუნდიალზე ხვდებოდა.
ევროპიდან ასეთი ნაკრები იყო სწორედ საბჭოთა კავშირი, სამხრეთ ამერიკიდან კი ჩილე. მოსკოვში გამართულ პირველ მატჩში დაფიქსირდა უგოლო ფრე, სანტიაგოში დაგეგმილ საპასუხო შეხვედრაზე კი სსრკ-ს ჩინოვნიკებმა მათი ქვეყნის ეროვნული გუნდი არ დაუშვეს. მიზეზი: ჩილეში შექმნილი იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება.

1973 წელს ქვეყანაში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რის შედეგადაც ხელისუფლებაში აუგუსტო პინოჩეტი მივიდა. ის რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმ ყველაფერს, რასაც ქადაგებდნენ კომუნისტები და მთავრობის ბრძანებით, "წითლები" სახლში დარჩნენ. ფიფამ მათ ჩაუთვალა ტექნიკური წაგება, 0:3.
აღსანიშნავია, რომ სანტიაგოში დაგეგმილი მატჩი მაინც შედგა, თუმცა "ლა როხა" მოედანზე მეტოქის გარეშე გავიდა. არბიტრის სასტვენის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელებმა გააკეთეს რამდენიმე პასი და ბურთი ცარიელ კარში შეაგორეს. ასე დარჩნენ 70-იანების პირველი ნახევრის ქართველი მოთამაშეები მუნდიალის საგზურის გარეშე.

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | ქართული მატჩი შოტლანდიასთან და ლობანოვსკი-ყიფიანის ომი
საბჭოთა კავშირი ვერ გავიდა 1978 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 82-ში გამართულ ტურნირზე კი განახლებული შემადგენლობით დაბრუნდა. სსრკ-ს კაპიტნობდა ალექსანდრე ჩივაძე, მის გარდა კი ეროვნულ გუნდში იყვნენ რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და თენგიზ სულაქველიძე.
მთავარი ქართული მატჩი გაიმართა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სადაც "წითლებსა" და შოტლანდიის ნაკრებს შორის დაფიქსირდა ფრე, ანგარიშით 2:2. კონსტანტინ ბესკოვის გუნდის მხრიდან ორივე ბურთი შეაგდეს ჩვენმა მოთამაშეებმა: ჩივაძემ და შენგელიამ. იმის შემდეგ, ქართველებს მუნდიალზე აღარ გაუტანიათ.
პირველი ჯგუფური ეტაპი საბჭოთა კავშირმა გადალახა ბრაზილიასთან ერთად, მეორე ჯგუფური ეტაპიდან კი ნახევარფინალში პოლონეთი გავიდა. ორივე ეროვნულმა გუნდმა დააგროვა ქულათა ერთი და იგივე რაოდენობა, მაგრამ "არწივებმა" სსრკ-ს ბურთების უკეთესი ბალანსის ხარჯზე აჯობეს. "თეთრ-წითლებმა" 1/2 ფინალში წააგეს მომავალ ტრიუმფატორთან, იტალიასთან.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა დავით ყიფიანსაც, თუმცა მადრიდის რეალთან მატჩში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ ლეგენდარულ ფლეიმეიქერს ამის საშუალება არ მისცა. არსებობს მოსაზრება, რომ მოტეხილი ფეხი იყო უბრალოდ მიზეზი, სინამდვილეში კი ქართველი გამთამაშებლის მუნდიალს მიღმა დატოვების ფაქტი ბევრად უფრო სიღრმისეულია.
როგორც აღვნიშნეთ, "წითლებს" იმ დროს წვრთნიდა ბესკოვი, თუმცა დინამოს ნახევარმცველის თაობაზე გადაწყვეტილება მას არ მიუღია. საქმეში ჩაერთო უფრო გავლენიანი ვალერი ლობანოვსკი, რომელმაც უშუალოდ მუნდიალის დაწყებამდე, მისი, რუსი დამრიგებლისა და ნოდარ ახალკაცის ტრიუმვირატში წამყვანი პოზიცია დაიკავა.

უკრაინელი მწვრთნელი თბილისური გუნდის ათიანს თავიდანვე არ სწყალობდა. ჯერ კიდევ 1975 წლიდან მოყოლებული, ის ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ "პროფესორი" საბჭოთა ტაქტიკურ მოდელში არ ჯდებოდა. დიახ, მას ჰქონდა გადატანილი უმძიმესი ტრავმა, მაგრამ "ლურჯ-თეთრებში" ყიფიანი იმ დროს უკვე სრულფასოვნად თამაშობდა.
არსებობს მოსაზრება - კონსტანტინს გადაწყვეტილება რომ მიეღო დამოუკიდებლად, ქართველ ნახევარმცველს აუცილებლად ვიხილავდით მუნდიალზე და მეტიც, ის ძირითადშიც იქნებოდა. პოზიციურად, დავითის კონკურენტი იყო იური გავრილოვი, მაგრამ სსრკ-ს ეროვნული გუნდის იმდროინდელი დამრიგებელი არასდროს ეწინააღმდეგებოდა შემადგენლობაში ორი ფლეიმეიქერის არსებობას.
ამაზე მეტყველებს "სელესაოსთან" მატჩიც, სადაც ბესკოვმა თანამემამულე ნახევარმცველს დარასელია შეუწყვილა. ზოგადად, თავდამსხმელების უკან განლაგებული 2 ფლეიმეიქერი იმდროინდელი ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი იყო. საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე ტოპ გუნდი: "კანარინიო" (ზიკო/სოკრატესი), საფრანგეთი (პლატინი/ჟირესი), გერმანია (ბრაიტნერი/მაგათი).

აღსანიშნავია, რომ ტელე სანტანას გუნდთან მარცხის შემდეგ (1:2), "ზემოდან" შემოვიდა დადგენილება - მწვრთნელების ტრიუმვირატში პირველ პოზიციაზე საბოლოოდ გადაინაცვლა დინამო კიევის ექს-დამრიგებელმა, რომელმაც თბილისური კლუბის მე-10 ნომრის შემდეგ, ვიტალიც აითვალწუნა.
როგორი იყო ლობანოვსკის მიერ გაწვრთნილი "წითლების" გუნდი? მოსაწყენი, დაცვითი და ცივი, ისეთი როგორსაც ამერიკელები თავიანთ ფილმებში საბჭოთა კავშირს წარმოიდგენდნენ. გავიხსენოთ თუნდაც პოლონეთთან შეხვედრა, რომელშიც მათ სჭირდებოდათ მხოლოდ მოგება, უკრაინელმა თავკაცმა კი გამოიყვანა 5 უკანახაზელი და საშინლად დაცვითი ფეხბურთი ითამაშა.
მსგავსი გაურკვევლობა მოხდა ერთი წლის შემდეგაც, პორტუგალიის ნაკრებთან. "პროფესორს" ჰქონდა შთამბეჭდავი საკლუბო კარიერა, თუმცა საერთაშორისო, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის სრული საპირისპირო მოვლენა გამოდგა. ყიფიანი არაფერს აფუჭებდა და ცხადია, ზედმეტი ის არც სსრკ-ს ეროვნულ გუნდში იქნებოდა, მაგრამ ვალერიმ სხვანაირად ინება.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | ბოლო ქართველი მუნდიალზე
1986 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ამ დრომდე ბოლო მუნდიალია, სადაც ქართველი ფეხბურთელი განაცხადში მოხვდა. ვგულისხმობთ ჩივაძეს, მაგრამ რატომ მხოლოდ განაცხადში მოხვედრა და არა ტურნირზე თამაში? საქმე ისაა, რომ ლეგენდარულმა უკანახაზელმა მსოფლიო თასის დაწყებამდე მიიღო ბარძაყის ტრავმა, რომლის გამოც მან ვერც ერთ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ქართველი მცველის დაბრუნება მოსალოდნელი იყო მეოთხედფინალისთვის, თუმცა აღნიშნულ სტადიაზე თვითონ საბჭოთა კავშირი ვერ მოხვდა. ჯგუფური ეტაპის პირველ პოზიციაზე დასრულების შემდეგ, სსრკ-მ 1/8 ფინალში ბელგიასთან წააგო. იური ბელანოვმა შეასრულა ჰეთ-თრიქი, მაგრამ "წითელი ეშმაკების" დასაძლევად ეს საკმარისი არ გამოდგა.

საქართველოს ნაკრები და აუხდენელი ოცნება სახელად მსოფლიო ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, საქართველო საფეხბურთო ტურნირებში ჩაერთო დამოუკიდებელი ნაკრების სტატუსით, თუმცა მუნდიალზე ჯერაც ვერ მოხვდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 2002 წლის ტურნირის შესარჩევში, რომელშიც 5-ნაკრებიან ჯგუფში დააგროვა 10 ქულა და მე-3 პოზიცია დაიკავა.
"ჯვაროსნებმა" აჯობეს უნგრეთსა და ლიეტუვას, თუმცა წინ იტალია და რუმინეთი გაუშვეს. 2024 წლიდან ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაიწყო ახალი ათვლა: ვილი სანიოლის შეგირდები გავიდნენ კონტინენტის პირველობაზე, რომელზეც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დებიუტანტებიც გახდნენ.
საქართველოს ნაკრების გამოცოცხლებისა და ისეთი ფეხბურთელების გამოჩენის შემდეგ, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე, გაჩნდა იმედი, რომ შემდეგი ნიშნული იქნებოდა აშშ-ს მუნდიალი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, აღნიშნულ თემას 2030-ის მსოფლიო თასის წინაც დავუბრუნდებით.


















