ევროპის ტოპ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სულ რამდენიმე დღის წინ დაიხურა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ ხმაურიანი და საინტერესო სატრანსფერო ფანჯარა გამოვიდა.
ამ სტატიაში კი შემოგთავაზებთ იმ გარიგებებს, რომლებიც ბოლო მომენტში გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა.

როდრი რეალ მადრიდში
ესპანელი ფეხბურთელის მიერ მანჩესტერ სიტის დატოვების სურვილის შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა. როდრიმ გასული სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა და თითქმის ყველა წყარო თუ ჟურნალისტი მის რეალ მადრიდში ტრანსფერს ვარაუდობდა. მეტიც, მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო სამეფო კლუბში დაბრუნდა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა პირველ რიგში სწორედ როდრის დამატება მოითხოვა.
მხარეები ტრანსფერზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შემდეგ საქმეში ბარსელონაც ჩაერთო და საბოლოოდ, ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერიც სწორედ კატალონიურმა კლუბმა დახურა.

მაიკლ ოლისე რეალ მადრიდში
სამეფო კლუბის კიდევ ერთი ჩაშლილი ტრანსფერი. მოურინიოს როდრის გარდა, ოლისეს დამატებაც ძალიან სურდა, თუმცა ბაიერნმა მადრიდელთა ყველა შეთავაზება დაბლოკა და ფრანგი ფეხბურთელი რეალში არ გაუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლისე რეალ მადრიდში გადასვლას სერიოზულად განიხილავდა, მიუნხენურმა გრანდმა ფეხბურთელის შენარჩუნება მაინც მოახერხა და საბოლოოდ, ეს გარიგებაც არ შედგა.

ვინისიუს ჟუნიორი არსენალში
ბოლო წლებში ვინისიუსი სამეფო კლუბის დატოვებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მეტიც, ბრაზილიელი მზად იყო კარიერა არსენალში გაეგრძელებინა და მიკელ არტეტას პოტენციური ტრანსფერის შესახებ რამდენჯერმე ესაუბრა. თუმცა, შემდეგ საქმეში მოურინიო ჩაერთო, რომელმაც ვინისიუსის შენარჩუნება მოითხოვა.
საბოლოო ჯამში, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. ორივე მხარე გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ბრაზილიელი მადრიდში დარჩა. მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ვინისიუსის სამეფო კლუბში ყოფნას 2032 წლამდე ითვალისწინებს.

ბრედლი ბარკოლა არსენალში
წინა სეზონის დასრულების შემდეგ, მიკელ არტეტამ მარცხენა ფლანგის სრულად გამოცვლა გადაწყვიტა. ესპანელმა სპეციალისტმა მარტინელი და ტროსარი ტრანსფერზე დააყენა და მათ სანაცვლოდ ორი ახალი ვინგერის დამატება მოითხოვა.
ლონდონურმა კლუბმა ძოლისის შეძენა შეძლო, თუმცა მეორე ვინგერის დამატება ვეღარ მოახერხა. ამ პოზიციაზე ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი ბარკოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგის აგენტთან რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მხარეებმა ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.
შემდეგ საქმეში ლივერპული ჩაერთო და გარიგებაც დაიხურა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბარკოლას კარიერის გაგრძელება მხოლოდ მერსისაიდულ კლუბში სურდა.

მორგან როჯერსი არსენალში
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის დამატებაც პირადად მიკელ არტეტამ მოითხოვა. ლონდონელები როჯერსის ტრანსფერზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ და არსებობდა მოლოდინი, რომ მხარეები შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევდნენ.
თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში ჩელსი ჩაერთო. "ლურჯები“ ასტონ ვილას მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას მარტივად დათანხმდნენ, რის შედეგადაც როჯერსის ტრანსფერი დაჩქარდა და საბოლოო ჯამში, გარიგებაც დაიხურა.
მიუხედავად იმისა, რომ როჯერსი არსენალში თამაშს სერიოზულად განიხილავდა, ინგლისელი საბოლოოდ ლონდონის არა წითელ, არამედ ლურჯ მხარეს აღმოჩნდა.

ლამინ კამარა ჩელსიში
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ბევრი გარიგება ჩაიშალა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ლამინ კამარას ტრანსფერი იყო. ჩელსი და მონაკო სენეგალელი ფეხბურთელის ტრანსფერზე 1 სექტემბერს შეთანხმდნენ. მეტიც, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კლუბებმა ყველა საჭირო დოკუმენტიც გაცვალეს, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, მონაკომ არსებული შეთანხმება დაარღვია და გარიგება ჩაშალა.
კამარას ჩელსიში ტრანსფერის ჩაშლის მიზეზად ბალოგუნის ევერტონში გადასვლა სახელდებოდა, თუმცა ამერიკელი საბოლოო ჯამში მონაკოში დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრანგულმა კლუბმა სენეგალელის ტრანსფერი, ფაქტობრივად, სრულიად უსაფუძვლოდ ჩაშალა.

ხულიან ალვარესი ბარსელონაში
2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე დიდი საგა. "ბლაუგრანა“ არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ ბარსელონაში სურდა, თუმცა ატლეტიკო მადრიდმა თავისი გაიტანა და ეს გარიგება არ შედგა.
შემდეგ იყო შანსი, რომ ალვარესი არსენალში გადასულიყო, თუმცა არც ეს ტრანსფერი შედგა.

ალისონ ბეკერი იუვენტუსში
წინა სეზონის დასრულების შემდეგ, იუვენტუსმა ახალი მეკარის დამატება გადაწყვიტა, მთავარი სამიზნე კი ალისონ ბეკერი იყო. ბრაზილიელი კარის დარაჯი ლივერპულის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა და მისთვის "ბიანკონერიში“ გადასვლა პრიორიტეტული იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მერსისაიდულმა კლუბმა გარიგება ჩაშალა და ალისონიც გუნდში დარჩა.

ზურიკო დავითაშვილი ატალანტაში და ოლიმპიაკოსში
წინა სეზონის დასრულების შემდეგ, ყველა ფიქრობდა, რომ ზურიკო დავითაშვილისა და სენტ-ეტიენის თანამშრომლობა დასრულდებოდა და ქართველი ფეხბურთელი ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებდა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე რამდენიმე კლუბი მუშაობდა, თუმცა ყველაზე მეტად ატალანტა და ოლიმპიაკოსი აქტიურობდნენ. ორივე კლუბი მზად იყო, ქართველის სანაცვლოდ €10-15 მილიონი გადაეხადა, თუმცა სენტ-ეტიენმა ყველა შეთავაზება დაბლოკა, რის გამოც ზურიკო ფრანგულ კლუბში დარჩა.

გიორგი მამარდაშვილი ნოტინგემ ფორესტში
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე, ნოტინგემ ფორესტი ლივერპულს გიორგი მამარდაშვილის თაობაზე დაუკავშირდა. ამავე პერიოდში, მერსისაიდულმა კლუბმა ახალი მეკარის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევდა, რომ ენფილდის ბინადრები ქართველი ფეხბურთელის გასხვისებისთვის ემზადებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს ნოტინგემში თამაშის სურვილი ჰქონდა, ტრანსფერი საბოლოო ჯამში არ შედგა და ქართველი ლივერპულში დარჩა.
















