ბობ პეისლის ლივერპული ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული იყო, მესამეს კი ამ მატჩიდან ორ წელიწადში მოიგებს, მაშინ, როცა პარალელურად დინამო თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდება. 1979 წელს, ლივერპულთან დიდებული გამარჯვებიდან მომდევნო დღეს ლელოში ირაკლი ბერიაშვილის წერილი გამოქვეყნდა, საიდანაც ნაწყვეტს შემოგთავაზებთ:

„ათწლეულების განმავლობაში, სანამ ევროპული ფეხბურთის გაშუქება ჩვეულებად იქცეოდა, ბევრი რამ არ იყო ცნობილი შორეული კონტინენტის ფეხბურთის შესახებ, მხოლოდ სპორტული კვირეულის მიმოხილვაში შეგხვდებოდათ ფრაგმენტები, ბოქსის, ქერლინგისა და დარტსის შემდეგ. ამიტომ, როცა ბრიტანეთის ტელეარხებზე თბილისის დინამო გამოჩნდა 1970-80-იან წლებში, მათი იდუმალებით მოცული მაღალი სათამაშო ხარისხი ჰგავდა მეხის გავარდნას მოწმენდილ ცაზე. ჩემს თავში კითხვები ირეოდა - ვინ არიან ეს ფეხბურთის სუპერგმირები და რა ჯანდაბის საბჭოთა ლაბორატორიებში შეძლეს მათი გამოყვანა? რატომ არ იღიმიან უფრო მეტს, როცა ფეხბურთს ასე მაგრად თამაშობენ? შესაძლებელია თუ არა კომუნიზმი იყოს ცუდი, თუ ისინი ასეთი ფეხბურთელების აღზრდას ახერხებენ?“

ასე შემორჩენილა ეს გარღვევა ამ ავტორის მეხსისრებაში, ჭილაია ფაკეტის შეადარა. სპორტის ჟურნალისტი და მემატიანე ზურაბ მეძველია კი ასეთ რამეს იხსენებს - „ორი წლის შემდეგ ვესტ ჰემთან შეხვედრის წინ ინგლისურ პრესაში ფეხბურთელების დახასიათება გამოაქვეყნეს, ჭილაიაზე კი მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა - Brilliant Dribbler.“

მაკკრაკენი კი ასე ამთავრებს თავის სტატიას:
„როგორც ჩემი მშობლების თაობაზე ახდენდა გავლენას საბჭოთა კოსმოსური ხომალდები და კოსმონავტები, რითიც ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ საბჭოთა კავშირსაც შეუძლია იყოს თანამედროვე, მიმზიდველი და სექსუალური, ისეთივე გავლენა მოახდინეს ჩემზე დინამოს ფეხბურთელებმა, ამაზე დიდი საბჭოთა პროპაგანდა ჩემთვის არ არსებობდა. მე ისევ ვრჩები ჩემი ბავშვობის შთაბეჭდილებების ტყვეობაში და ყოველგვარი ეჭვის გარეშე მჯერა რომ 1978-1981 წლების თბილისის დინამო, ტოტალური ფეხბურთის ეპოქაში იყო ყველაზე ახლოს მყოფი გუნდი ამსტერდამის აიაქსთან, და თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს, უბრალოდ ბურჟუა რევიზიონისტია.“

ბევრს ჰყვებიან არჩატარებულ შეხვედრაზეც, დინამოსა და ლივერპულს ხომ სუპერ თასის ფინალში უნდა ეთამაშათ. ძალიან მწყდება გული რომ ეს მატჩი არ ჩატარდა, ახლა წარმომიდგენია ის თაობა როგორი ნაწყენი დარჩა. გუნდები კალენდარზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ სუპერ თასი უეფას ორგანიზებით არ ტარდებოდა, ეს მოგვიანებით გადაიბარა ევროპულმა ორგანიზაციამ სუპერ თასის ორგანიზება. ჰოდა, გავრცელდა ჭორები ლივერპულს ორი წლის წინანდელი ამბავი ახსოვს და შეეშინდათ ფინალის თამაშიო - ისეთი, მიამიტური, ქართული ამბავია, ნაწყენი კაცი რომ გულს იოხებს. წყენა კი დაგვრჩა ნამდვილად, ქართულ კლუბს ასეთი შანსი არც მანამდე ჰქონია და არც მას მერე. სულ სხვა სიმაღლის მატჩი იქნებოდა. აბსოლუტურად სხვა განზომილებაა პეისლის ლივერპულთან თამაში ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში და სულ სხვაა მათთან თამაში სუპერ თასის ფინალში. ძალიან დასანანია. ისეთივე დასანანი, როგორც მარცხი '82 წლის თასების თასის ნახევარფინალში. ეგ მატჩი ცალკე სტატიის ამბავია, იმხელა კონტექსტია მის უკან, დაზვერვის, დაგეგმვის, ახალი ფანდის, ყიფიანის უფორმობისა და კალენდრის გამო. ახლა მხოლოდ ზედაპირულად ვიტყვი რომ ფინალში ბარსელონასთან თამაში სულ სხვა სახელს მოუტანდა დინამოს, თანაც, სულ სხვა სტადიონზე. რინზე, კარლ ცაისის დამარცხება, სანახევროდ ცარიელ ტრიბუნებზე, ვერ არის ის სურათი, რაც ამხელა კლუბს შეეფერებოდა ფეხბურთში თუ წვიმას ახსენებ, ყველას ლივერპული ახსენდება. ასე ცალ-ცალკე, ასიათასივე ქომაგის თავში სულ სხვა ამბები დატრიალდა და საქართველო გააღვიძეს გულში.
ლივერპულის მერე დინამოს ჰამბურგი ერგო მეტოქედ, ამაზეც მთელი ბავშვობა მესმოდა მაგრად არ გაგვიმართლაო. ისტორიაში საუკეთესო ჰამბურგი შეხვდა დინამოს, თავისი კევინ კიგანით, კალცით და ხრუბეშით. მაგარი თამაშები იყო, მუჯირის ავტოგოლს კი დღემდე ყველა გარდამტეხ მომენტად მიიჩნევს.

ასეთი გუნდი იყო დინამო. რთულია ახლა ამ ყველაფრის გააზრება, ვისაც თავისი თვალით არ უნახავს იმან არა მგონია ნახევარი მაინც გაიაზროს, არც მე მინახავს და რაღაცები ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ამ მატჩზე, ოფიციალურად 90 000 კაცი მივიდა, არაოფიციალურად 100 000-ზე მეტი, და ვინც ეს ყველაფერი ნახა, სტადიონიდან სულ სხვა ადამიანი დაბრუნდებოდა სახლში, იმაზე უკეთესი, ვიდრე იქამდე იყო.















