El Pupas - ასე ეძახიან ათლეტებს. რატომ და როგორ ეგ წარსულის ამბებია და მივყვეთ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, უფრო ქაოსურად, ვიდრე ქრონოლოგიურად, კორტასარის მსგავსად ვითამაშოთ კლასობანა. მადრიდს ასე უხდება და რაც თავში მოვა გავიხსენოთ ყველაფერი, რაც არ გამახსენდება, მკითხველს გაუელვებს გონებაში და იქნებ კომენტარიც დატოვოს - აი ეს, სახსენებელი იყო და არ გითქვამსო.
მითები და ლეგენდები

დიდ პრეზიდენტებზე კიდევ მეზობლების დიდი კაციც უნდა გავიხსენოთ, ხესუს ხილზე მეტად გამორჩეული პრეზიდენტი ატლეტიკოს არასდროს ჰყოლია. იქნებ ვინმე ქართველს მისთვის ამბავიც მიეტანა, რომ მისი გვარი ძალიან „ტკბილად“ ჟღერს ქართულად, თუმცა, ხესუსი ყოველთვის ტკბილი კაცი არ ყოფილა. 1994 წელს, კოპა დელ რეიზე გასამართი დერბის წინ გასახდელში შევარდა, ფეხბურთელებს დაემუქრა, თუ არ მოიგებთ ხელფასს აღარ გადაგიხდითო. მუქარა აასრულა, ატლეტიკოს ფეხბურთელები იმ თვეში ხელფასის გარეშე დატოვა. ხომ არ გგონიათ რომ ვინმემ იჩივლა?! - არა. სულ სხვა დრო იყო მაშინ. ფეხბურთელები ასე დაცულნი არ ყოფილან და არც ამდენს წუწუნებდნენ, მიიღეს როგორც თამაშის ნაწილი.

ლეგენდარულ ხალხზე კიდევ ელენიო ერერა მახსენდება, ატლეტიკოს ორჯერ მოაგებინა ლა ლიგა და მაინც ენა არ გაუჩერებია, მეზობლებს ამუნათებდა სულ თორმეტი კაცით თამაშობენო, მეთორმეტეში მსაჯს გულისხმობდა, რა თქმა უნდა. დიეგო სიმეონე, „უიღბლო“ მადრიდის მთავარი სიამაყე, ყველაზე მეტად სწორედ ერერას ჰგავს, მართალია ის ინოვატორი იყო, სიმეონე კი პირველ რიგში, კარგი მოტივატორია, სიახლის კაცი ნაკლებად ეთქმის, მაგრამ მენტალური სიმყარით ნამდვილად არ ჩამორჩება ელენიოს, და ვინ იცის, შესაძლოა, აღემატებოდეს კიდეც. მისი ატლეტიკო შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, კლუბის არსებობის განმავლობაში.
ელ ჩოლოს გვერდით აღარ არის მისი ასისტენტი და ძმაკაცი, არანაკლებ შეშლილი, ხერმან ბურგოსი, ეს კაცი პირველად მაშინ ვნახე, როცა ლუიშ ფიგუს დარტყმული პენალტი ცხვირით მოიგერია და მერე სულ სისხლიანმა განაგრძო თამაში. ის მატჩი ფრედ დასრულდა, ფიგუმ დუბლი შეასრულა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მისი გაცუდებული პენალტის გამო რეალმა ქულები დაკარგა. ბურგოსმა კი დაღვრილი სისხლისა და შელახული ცხვირის ფასად იხსნა ატლეტიკო. მერე სიმეონეს ასისტენტი გახდა და როცა მოურინიომ იმის გაკეთება დააპირა, რაც ერთხელ უკვე აკადრა ტიტო ვილანოვას (თვალში თითი ტიკა) ბურგოსმა ხელი ჩაავლო და წმინდა არგენტინულად ჩასძახა - აქედან დამეკარე თორემ თავს მოგაგლიჯავო. ჟოზეს მისამართი შეეშალა.

რონალდო „ფენომენოს“ მსგავსად კრიშტიანუსაც „უყვარდა“ ატლეტიკო, ყველაზე გამორჩეული მატჩი გასვლაზე ჰქონდა, ულამაზესი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მატჩის წინ დიეგო მარადონამ ისაუბრა რონალდუზე, ისაუბრა ისე როგორც სჩვეოდა, ქედმაღლურად, ცოტა დასცინა კიდეც, მარადონასთვის ხომ ძალიან უცხო იყო რონალდუს სათამაშო სტილი, ფეხბურთის აღქმა აბსოლუტურად განსხვავებულია, ცოტა შამპუნზეც გაჰკრა კბილი და რონალდუს სხვა რაღა უნდა მოტივაციისთვის?! გავიდა მოედანზე და ქვა-ქვაზე არ დატოვა.


და როცა ყველაზე ხშირად გახსენებულ მატჩებზე მიდგება საქმე, 1992 წლის ფინალიც უნდა გავიხსენოთ, როცა ლუის არაგონესმა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი, ფრიად პოეტური და გენიალური სიტყვები წარმოთქვა. შეკრიბა თავისი ჯეელები, ხელში კოკა-კოლას მსხვილი ბოთლი დაიჭირა და მიმართა ფეხბურთელებს როგორც გენერალმა ერთგულ ჯარისკაცებს - ერთი არ მოგიგიათ, ამ ბოთლს იქ წავიღებ სადაც მზის სხივები არასდროს აღწევსო (დიახ, ქვედა ტანი იგულისხმა), და როცა საქმე ტაქტიკაზე მიდგა, დაფას შეხედა და მშვიდად დააყოლა - „ხედავთ ამას? დაივიწყეთ, ამას აზრი არ აქვს.“ მერე კი განაგრძო ისევ ესპანური ვნებით. მოგეხსენებათ ეს თავისუფალი ენაა, იმაზე მეტად ვიდრე ინგლისური, ან ანგლო-ამერიკული და გაცილებით ხშირად ისმის ბილწი სიტყვა, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და არც უხერხულობას იწვევს, მით უმეტეს, გასახდელში, მატჩის წინ, მადრიდული დერბის წინ, - „ისინი წლებია გვხმარობენ და ახლა ჩვენი დროა, დავიღალე მათთან წაგებით, ამის დედა ვატირე, გარეთ 50 000 ქომაგი გელოდებათ, რომლებიც მზად არიან თქვენს გამო მოკვდნენ, ახლა გადით მოედანზე და გადაკუზეთ ბალერონები.“ - უცნაური გზაა ფეხბურთელების მოტივირებისთვის, მაგრამ ამან იმუშავა. ათლეტებმა მოიგეს და გახარებულმა ფეხბურთელებმა ყველაფერი დაფქვეს ჟურნალისტებთან, რა ითქვა მატჩის წინ და რა ითქვა შესვენებაზე. მომდევნო დღეს პრესა არაგონესის პოეზიაზე წერდა, დიდი პოეტის დაბადებაზე! - „ლათინურ სამყაროს ორი დიდი პოეტი ჰყავს, პაბლო ნერუდა და ლუის არაგონესი.“ თავისი მზიური პოეზიით.

სწორედ ამის მერე შეარქვეს - El Pupas, ესე იგი, „უიღბლონი“.
ის, რასაც ვერ ახსნი
უიღბლობაზე კიდევ მხოლოდ წაგებული ფინალები არა, ლა ლიგიდან გავარდნაც ახსენდებათ. ხესუს ხილის ატლეტიკო საუკუნის დასაწყისში ლა ლიგიდან გავარდა, პირველად ისტორიაში. ერთი წელი ჰადესში ჩავიდნენ ოდისევსივით, ნახეს იქ განგმირული გმირები და მერე დაბრუნდნენ. ასეც იხსენებდა ეს ყველაფრით ჭარბი კაცი - „ერთი წელი ჯოჯოხეთში“. ერთი ცნობილი მინიატურული ფილმიც შემორჩა იმ დროიდან, ბავშვი ეკითხება მამას - რატომ ვართ ატლეტიკოს ქომაგები? - მამა მანქანის საჭესთან ზის, აშკარად არ მიდის წარმატებისკენ, სარკეში თავის შვილს შეხედავს, მერე ისევ გზას გახედავს, რომელიც კაცმა არ იცის სად მიდის და შვილს არაფერს ეტყვის, რადგან თავადაც არ იცის რატომ, ან, იცის, მაგრამ ეს ცოდნა სიტყვით ვერ გადმოიცემა. „იმიტომ, რომ გამარჯვებულები ვართ“, - აი, ამას ვერასდროს მოისმენთ მათგან, ტიტულებს იშვიათად იგებენ, ლეგენდები მათ მარცხზე იქმნება და არა გამარჯვებებზე. ერთხელ, ტიაგოს უთქვამს ატლეტიკო რობინ ჰუდივით არის, მაშინ არის ბედნიერი, როცა მდიდრებს, (ესე იგი, რეალს) ართმევსო.

რა ისმის ამ მელანქოლიურ გზაზე, და რა ისმის საფეხბურთო კათედრალში? - ბერნაბეუს პლასიდო დომინგო აფორმებს მუსიკალურად, დიდებული მოსასმენია, სტადიონი გადათეთრებულია, ეს სამოთხის ჰანგებია, ერთხელ მაინც ვისაც შეუვლია მოკლავს უკან დაბრუნების სურვილი. მეტროპოლიტანოზე კი ერთი ფოლკლორისტი კაცის სიმღერა ისმის, ხუაკინ საბინა ჰქვია ამ კაცს და იმას მღერის, რასაც ზემოთ ნახსენები მესაჭე ფიქრობდა - „გრძნობა, რომელსაც ვერ ახსნი“.
ატლეტიკო სიმეონეს მოსვლის შემდეგ პრაგმატული გუნდი გახდა, მითებსაც თითქოს დაუსვა წერტილი, გამარჯვებულის მენტალიტეტი შეიძინა, მაგრამ ფინალები მაინც წააგო რეალთან, თანაც ისე წააგო, რომ ისევ El Pupas დაჩხავლეს თავზე. ეს კიდევ აგიჟებს ამ არგენტინელ კაცს, რადგან სიმეონეს მიაჩნია, რომ კაცის შრომა და გარჯა იღბალზე მაღლა დგას და თუ მაქსიმუმს გაიღებს აუცილებლად მოიგებს. ესე იგი, მიიჩნია, რომ რაღაც დააკლო ჩემპიონთა ლიგაზე, ყოველ ჯერზე, რაღაც დააკლო. ჰოდა, ვნახოთ ახლა, იქნებ დადგეს იღბალზე მაღლა.
კვარა და ჩემპიონთა ლიგა, ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები სომხეთთან - სტუმრად ტატო ბაციკაძე ⚽️
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი 🩷 🎙















