16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უკრაინის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს. მას შემდეგ, რაც აჭარაბეთ არენა გაიხსნა ჩვეულებრივი ამბავი გახდა ბათუმში თამაში, საქართველოს ნაკრები დასავლეთსაც ისე ეკუთვნის, როგორც აღმოსავლეთს. იშვიათად იმართება მატჩები დედაქალაქის მიღმა, აქამდე ნაკრებს უთამაშია ქუთაისში, გორში, კახეთში და ახალი სტადიონის გახსნამდე ორჯერ ითამაშეს ბათუმშიც - 1994 წელს ამხანაგურ შეხვედრაში პალმეირასთან და 1997 წელს ოფიციალურ შეხვედრაში მოლდოვის ნაკრებთან.
რობერტო კარლოსი ბათუმში
1994 წლის ზაფხულია, ამ დროს შეერთებულ შტატებში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში არიან პალმეირასის ფეხბურთელებიც - ზინიო, მაზინიო (ტიაგო და რაფინია ალკანტარების მამა) და ფრედი რინკონი. საქართველოში კი საშინელი ეკონომიკური ვითარებაა, ეს სწორედ ის წელია, როცა ეკონომიკურმა ვარდნამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უარეს მაჩვენებლად ითვლება მსოფლიოში.
მატჩის წინა დღეს ბრაზილიელები თამაშის ჩაშლით იმუქრებოდნენ, როგორც სპორტის ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე იხსენებს თავის წერილში, თურმე, სასტუმროს ელექტროენერგია არ ჰქონია, ბრაზილიელები კი თავიანთი ნაკრების მატჩის ყურებას ვერ ახერხებდნენ. ამ დროს ბრაზილია რუსეთს ხვდებოდა სტენფორდში. სანამ ქვეყანა არ შეძრეს (ესე იგი, ასლანის ყურამდე არ მივიდა ამბავი) მანამდე გვარიანი გნიასი ატეხეს და როგორც იქნა გენერატორსაც გამოკრეს ხელი. ბრაზილიამ 2:0 მოიგო, რომარიოსა და რაის გოლებით. გაიხარეს პალმეირასის ფეხბურთელებმა და მომდევნო დღეს საქართველოსთანაც კარგ ხასიათზე გავიდნენ მოედანზე.

მატჩის კადრები შემორჩენილი არ არის. მაგალითად, პალმეირასის მოსკოვური ვოიაჟიდან კადრების ხილვა შეგვიძლია, სპარტაკთან და მოსკოვის დინამოსთან მატჩის კადრები NTV Football-მა შემოინახა, მაგრამ ბათუმში გამართული მატჩი არასდროს მინახავს და კაცმა არ იცის ვინმეს აქვს თუ არა მასალა შემონახული.
არ უთამაშია რივალდოს. სხვადასხვა წყაროები წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ავრცელებენ, ერთნი წერენ რომ სათადარიგოთა შორის იყო, მეორე წყარო კი ირწმუნება, რომ რივალდო აგვისტოში შეუერთდა პალმეირასს. მოკლედ, ბათუმში რივალდოს არ უთამაშია. რობერტო კარლოსმა კი ითამაშა და მომდევნო წელს მილანის ინტერსაც მიაშურა. ქართულ პრესაში პალმეირასის მწვრთნელად მითითებულია ვალმირ კრუზი, მაგრამ ასეთი მთავარი მწვრთნელი პალმეირასს არასდროს ჰყოლია, ეს ის პერიოდია, როცა ვანდერლეი ლუქშემბურგოს (მომავალში ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის მწვრთნელს) ვალდირ ესპინოსა შეცვლის. შესაძლოა, ჯერ ეს ცვლილება გაოფიციალურებული არ ყოფილა და ფიზიკური მომზადეების მწვრთნელი გაუძღვა გუნდს, რადგან ვალმირ კრუზი სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული. საინტერესოა მატჩამდე ალექსანდრე ჩივაძის ინტერვიუც:
პასუხი - არაფერი.
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი (გოჩა ტყებუჩავა 46'), რევაზ არველაძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (თემურ ტუღუში 46'), კახი კაჭარავა, გელა ინალიშვილი, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
პალმეირასი: ფერნანდესი, კლაუდიუ, ანტონიო კარლოსი, კლებერი, სეზარ სამპაიუ, რობერტო კარლოსი, სილვა მურილიუ, ამარალი, ევაირი, ედინსონი, ჟოან კარლუში
მწვრთნელი: ვალმირ კრუზი
დიდი კამათი - ბათუმი თუ თბილისი?


„მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მასპინძლობის პატივი პირველს ბათუმს ერგო. ეს თბილისელ ქომაგთათვისაა დამატებითი პრობლემა, თორემ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის დიდი საჩუქარია. ამაში გუშინ ქუთაისში ჩასულიც დავრწმუნდი, რადგან საქართველოს ნაკრების ვარჯიშს, „გივი კილაძის“ სტადიონზე რომ გაიმართა, იმდენი მაყურებელი დაესწრო, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს რომ არ ესწრება ბარე ორ ქალაქში. ნაკრებმა ნავარჯიშევს თამაშიც გაუმართა მოსულთ, მაგრამ, ბუნებრივია, ბილეთები არ გაყიდულა და მაყურებელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო. ისე, თვალმა რომ არ მომატყუოს, მინიმუმს ვიტყვი: ვარჯიშს 1500-2000 კაცი დაესწრო.
ორკარა ახალი დაწყებული იყო, არჩილ არველაძემ შორიდან მოჭრილი დარტყმით ულამაზესი გოლი რომ გაუტანა ზოიძეს. სანამ არჩილი მეორედაც გაიტანდა, ძოძუაშვილმა გოგიჩაიშვილთან მოუხეშე კალაძე დასაჯა და ქინქლაძემ პენალტით გაქვითა, მაგრამ მის გუნდს ამან „ვერ უშველა“ და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა“.
ერთ-ერთმა ქუთაისელმა ქომაგმა ისე იხუმრა მიკვირს არველაძეებს რომ არ დაამახსოვრდათ და რომელიმე იუმორისტულ გადაცემაში არ მოყვნენ ამ ამბავს - „ვინაა ეს, გადაჭიმული დოლივით რომ აქვს თავიო.” – გადახოტრილ ქეცბაიაზე უკითხავს ქუთაისელ ქომაგს. მერე კი იყო ბათუმის მატჩი და ჩვენების გამარჯვება - 2:0. მატჩის სტენოგრამაში ვკითხულობთ:
„მრავალსვლიანი კომბინაციის ბოლო ასეთი გახლდათ - ქინქლაძემ ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გაჭრილ კობიაშვილს გააყოლა ბურთი, ამან კი კარის გასწვრივ შემოაგდო, რომელიც წაქცეულმა შოთამ ხარიხის ქვეშ შეაგდო” - 1:0.

დავით ყიფიანის გუნდმა 5-1-3-1 ტაქტიკით ითამაშა, თითქმის იდენტური სქემით, რასაც ვილი სანიოლი იყენებს, ასე რომ, ფეხბურთელების სათითაოდ შესადარებლად კარგი მაგალითია, და მერე თავად განსაჯეთ რომელი შემადგენლობა ჯობია:
მეკარე - ზოიძე / მამარდაშვილი
ცენტრალური მცველი - კაპიტანი კაშია / კაპიტანი ცხადაძე
მარჯვენა ცენტრალური მცველი - ჩიხრაძე / გველესიანი
მარცხენა ცენტრალური მცველი - ლობჟანიძე / დვალი
მარჯვენა ვინგბექი - კაკაბაძე / გოგიჩაიშვილი
მარცხენა ვინგბექი - ლოჩოშვილი / კობიაშვილი
საყრდენი ნახევარმცველი - ნემსაძე / ქოჩორაშვილი
მარცხენა შემტევი - ქეცბაია / კვარაცხელია
მარჯვენა შემტევი - ქინქლაძე / ჩაკვეტაძე
ცენტრალური ნახევარმცველი - ჯამარაული / კიტეიშვილი
თავდამსხმელი - შოთა არველაძე / მიქაუტაძე















