ბრძოლის მიმდინარეობა
პირველ ბრძოლასთან შედარებით, რემატჩი ნაკლებად დრამატული გამოდგა, თუმცა სპორტული თვალსაზრისით, უფრო ხარისხიანი. მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი შეისწავლეს და სუსტი წერტილები აღარ დატოვეს. 37 წლის ჩემპიონი არ უშვებდა აპერკოტებს, "ბოშათა მეფე" კი - დარტყმებს მარცხნიდან.
36 წლის მოკრივე უფრო სახიფათოდ და ცივსისხლიანად გამოიყურებოდა, თუმცა უსიკმა გონებაში კიდევ ერთხელ გვაფიქრებინა ფრაზა - "ნამდვილად ადამიანია ის?" - ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ფიური უკრაინელ ჩემპიონს 25 კგ.-თი აღემატებოდა. რემატჩში შეცდომებზე მუშაობა ვიხილეთ და ეს პირველ რიგში, ბრიტანელ მოკრივეზე ითქმის.
ტაისონს ტაქტიკა რადიკალურად არ შეუცვლია, ის უბრალოდ უფრო მეტად აგრესიული იყო და ერთ-ერთ მთავარ იარაღად კლინჩს იყენებდა. ამის გარდა, "ბოშათა მეფე" ძალიან ყურადღებით იყო დაცვაში... მარჯვენა ხელთათმანი მთელი ბრძოლის მანძილზე ყბას პრაქტიკულად არ სცილდებოდა. გახსოვთ პირველ ბრძოლაში ოლეკსანდრის დარტყმები მარცხნიდან და ნოკდაუნში მყოფი 36 წლის მოკრივე? მსგავსი რამ აღარ განმეორებულა.

.დიახ, ფიური ნამდვილად იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა მის ბრძოლაში მინუსები მაინც გამოჩნდა. წონის მომატებამ და "თეთრი კურდღლის" დანოკაუტების გეგმამ არ გაამართლა: 37 წლის ჩემპიონმა თავის ბრიტანელ მეტოქეს უბრალოდ არ მისცა ამ ყველაფრის განხორციელების საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ წონის მომატებით დაზარალდა არა უსიკი, არამედ თავად ტაისონი.
დიახ, "ბოშათა მეფე" დომინირებდა ბრძოლის პირველ ნახევარში, თუმცა დაახლოებით მეშვიდე რაუნდიდან მას უკვე დაღლა შეეტყო. ფინალურ რაუნდებში 36 წლის მოკრივე შენელდა, ამას დაემატა არაზუსტი დარტყმები და უკრაინელი მეტოქის კონტრშეტევები. დაუმარცხებელ ჩემპიონთან მიმართებაში მოხდა საპირისპირო რამ: ოლეკსანდრს გაეხსნა მეორე სუნთქვა და ყველაზე დამაჯერებელი ის სწორედ ბოლო რაუნდებში იყო.
ორივე ბრძოლა ისტორიულია, იმდენად, რომ ტრილოგია საჭირო არ არის. "თეთრმა კურდღელმა" ყველას ყველაფერი დაუმტკიცა და უდიდეს მოკრივეებს შორის თავისი საპატიო ადგილიც დაიკავა. რა სცენარით წარიმართება 37 წლის ჩემპიონის კარიერა ფიურისთან 2-ჯერ მოგების შემდეგ? ამის შესახებაც ღირს რამდენიმე ვარაუდის გამოთქმა.
























