
ლივერპულურ ტრანსფერებზე სასაუბროდ დამაბნეველი პერიოდია - გუნდს 21 მატჩიდან 18 მოგება აქვს და ორივე ფრონტზე - პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერია. ჩაბი ალონსოს 15-წლიანი განშორების შემდეგ ენფლიდზე ისეთი დახვედრა მოუწყვეს, მგონი, დროა ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი" არნე სლოტის კაბინეტში გავაგზავნოთ. იყო ბრწყინვალე გამარჯვებები მადრიდის რეალთან და მანჩესტერ სიტისთან — თანაც ზედიზედ. მეორე მხრივ, შესაძლოა, სწორედ ახლა იყოს ტრანსფერებისთვის იდეალური პერიოდი, რადგან ისედაც ძალმოსილ გუნდს რამდენიმე დეტალის დამატებამ ვინ იცის, იქნებ სლოტის პირველივე სეზონში ტიტული ან ტიტულები მოაგებინოს. ჰოდა, მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.
კონტრაქტები: ვირჯილ ვან დაიკის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისა და მოჰამედ სალაჰის კონტრაქტები, ცხადია, სატრანსფერო პრიზმაა, რადგან მათი შენარჩუნება ახალწვეულთა მოსვლის ტოლფასია, თუმცა ამ საკითხს ამ სტატიაში გავეშვათ და შემდეგ განყოფილებას მივაკითხოთ.
მარცხენა მცველი - აქ საკითხი ადრეულ კულმინაციაში შედის, რადგან ამ პოზიციაზე დიდი თავსატეხი მერსისპირეთში არ არსებობს. ენდრიუ რობერტსონის სტაგნაცია ნელ-ნელა რეგრესისკენ წავიდა და მომაკვდინებელი მარცხენა ფლანგელისგან მოგონებაღაა შემორჩენილი. მოგონება, რომელიც პერიოდულად გაისვრის, მაგრამ სიტყვათშეთანხმება - თანმიმდევრულად სტაბილური - უკვე უცხო ნაპირებში ცურავს. გასულ სეზონში ენდის მხრის ტრავმა ჰქონდა და ვიცით, რომ ტკივილგამაყუჩებლით ბურთაობდა, მაგრამ სეზონის სტარტზე გვითხრა ტკივილისგან გავთავისუფლდი და ძველი რობოს დრო ბრუნდებაო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ციმიკასმა მასთან ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა. ასაკიც თავისას შვრება, შოტლანდიელმა 30-ს გადააბიჯა და სისწრაფის კლება ლოგიკურია, თუმცა, დაცვითი უნარები?! არაერთი განაპირა მცველის მაგალითი არსებობს, როცა სისწრაფეს კარგავს და დაცვაში უმატებს, რათა დანაკარგი დააკომპენსიროს, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა.

საყრდენი ნახევარმცველი - მარტინ სუბიმენდის უარიდან დიდი დრო არ გასულა, თანაც რაიან გრავენბერხის გამაოგნებელი პროგრესის ფონზე 6-იანის პოზიცია დავიწყებასაც მიეცა, თუმცა დროებით. 4-2-3-1 სქემაში ორი საყრდენისა და ერთი ნომინალური 10-იანის ადგილია. გრავენბერხი მაკ ალისტერის დუეტს ხან სობოსლაი, ხანაც ჯონსი ეხმარებიან და ჯერ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სიღრმეში დრამატული შეკითხვებია. გრავენბერხის პროგრესმა შარშანდელი ალექსის მაკ ალისტერი ამოიღო სამიზნეში. მაკა ახლაც შესანიშნავია, მაგრამ უწინ ეულ 6-იანად მოქმედებდა და გაცილებით თვალისმომჭრელიც იყო, ახლა ზღვა რაოდენობის შავ სამუშაოს ასრულებს, თუმცა, ბურთით გასატარებელი დრო ნიდერლანდელის ფეხებშია და მაკაც კლასიკურ 6-იანად იქცა, არადა მისი მრავალწახნაგოვნება სხვა რამეს გვეუბნება. მერსისაიდელებმა საყრდენი რომ დაიმატონ (კლასიკური საყრდენი, ჩაშლაზე დაგეშილი) შესაძლოა, რაიან გრავენბერხის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, რენესანსული ფაზა ვიხილოთ, რაც მაკ ალისტერს წინ წაწეული ნახევარმცველობის საშუალებას მისცემს და უკეთ აღვიქვამთ მის რეალურ ძალას.

როდემდე დარვინ?! - ეს შეკითხვა რიტორიკულიცაა და პირდაპირიც. მიმდინარე სეზონში დარვინის განახლებულ ვერსიას ვხედავთ, რობერტო ფირმინოსეულს, პრესინგზე იდეალურად მომუშავეს და ერთ-ერთ საუკეთესოს დაცვით ასპექტებში, მაგრამ 85-მილიონიანი ფორვარდი, რომელიც მეკარესთან პირისპირ ნერვიულობას იწყებს?! რაღაც ვერაა რიგზე.

იბუ, იქნები ჯანმრთელი? - რებუსის თასში შეკითხვის დასმა რომ შეიძლებოდეს სლოტი, ალბათ, ამის გაგებას მოიწადინებდა. თეზისი უმარტივესია - თუკი იბრაჰიმა კონატე ჯანმრთელად იქნება მასზე უკეთესი ვარიანტის მოძიება გაჭირდება. იბუ დამანგრეველ ფორმაშია, სისწრაფე?! - საუცხოო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, კონატეს ტრავმების პრეისტორია საგანგაშოა. ვირჯილ ვან დაიკი, იბრაჰიმა კონატე, ჯარელ ქუანსა და ჯო გომესი - ასეთია „წითლების" დაცვითი სიღრმე. ოთხი ცენტრალური მცველი, რომელთაგან ერთი ზემდეტად გამოუცდელია, მეორეს ტრავმების გამო ორი სეზონი აქვს გამოტოვებული, მესამე ვან დაიკია, მეოთხეზე კი ვისაუბრეთ. მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველი ხომ მთლად ზედგამოჭრილი იქნება, რადგან მომენტებში ვირჯილი მარჯვნივ გადაიწევს და კიდევ უფრო მეტი ვარიაცია გაჩნდება.
რა იქნება, ერთად ვნახავთ და როგორც არნე სლოტმა სადებიუტო პრესკონფერენციისას გვითხრა - სრულყოფილება არ არსებობს, სივრცე პროგრესისათვის ყოველთვის გამოინახებაო. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე მცირე დროა, არნე სლოტი კი რეკორდს რეკორდზე ხსნის. წინ ევერტონი და თამაშებით დახუნძლული დეკემბერია...















