Windfor’s - ის ოფისში ვიყავით: მე, კომპანიის დირექტორები, მძიმე კაცი, ლევან ღვინიანიძე გასვლითი შეხვედრიდან, ჩემი ძმა გიორგი ახვლედიანი და არჩილ ქავთარაძე. დაძაბულები ვართ, ცოტა დასტრესილებიც, პროექტ „მე ვარ საქართველოს“ საპრეზენტაციო ფილმი სწრაფად გვაქვს მოსამთავრებელი, დროში ვიწვებით, შოთა არველაძე ჯერ არ ჩამოსულა ლონდონიდან, არადა, მისი სიტყვა გვჭირდება, გიო ქინქლაძე ზარებს არ პასუხობს, თუ ვინმეს პასუხობს მხოლოდ ბუნდოვნად, ქინქლაძის სიტყვა დიდად არ გვჭირდება, მისი სახე გვჭირდება, ერთი შეხედვაც კმარა დამოუკიდებელი საქართველოს მოსაყოლად, ქინქლაძის დუმილი უფრო მრავლის მთქმელია, მაგრამ გამოჩენა არ სურს, მე მგონი, საერთოდ არაფერი არ სურს, ან ჩვენ ვერ გავიგებთ რა სურს, ის მეფეა, ოღონდ, ჩვენ ვიცით რომ მეფეა, თავად არ იცის.

კვარადონა! - წერდა The Guardian-ი, The New York Times-ი, The athletic-ი, The Independent-ი და საერთოდ არ დარჩენილა არცერთი დიდი გამოცემა, რომელსაც ხვიჩას გვარი არ ეხსენებინოს. მის თაყვანისმცემლებს შორის გაჩდნენ ადამიანები, რომელთაც ჩვენ ვქომაგობდით ბავშვობაში, იტალიური ფეხბურთის და არა მხოლოდ ფეხბურთის ვარსკვლავები, თავად პაოლო სორენტინოც კი მოიხიბლა ხვიჩას თამაშით - ნაპოლის ყველაზე დიდი და ცნობილი ფანატი.

მერე კიდევ შოთა ჩამოვიდა და ის ნაქები სიტყვა თქვა, რომელსაც ველოდით. თქვა ყველაზე ნაღდი სიტყვა, ყველაზე მეტად რომ გამართლდა - ჯერ თავადაც არ იცის რა შეუძლიაო. მართლაც ასე იყო, თითქოს ხვიჩამაც ნელ-ნელა აღმოაჩინა თავისი თავი, გაიგო რომ შრომა და ტალანტი ამ მიწაზე, ბებერ კონტინენტზე გაცილებით დიდად ფასობს, ერთი ფეხის გასმა და თავდაყირა დგება ყველაფერი, რადგან ყველა მოძრაობაში ღვთაებრივი ტალანტი ჩანს, ის ნიჭი, თავისუფლება და ინდივიდუალიზმი, რომელიც გაქრა თანამედროვე ფეხბურთიდან. ფეხბურთი კიდევ ინდივიდების გარეშე იმ სამყაროს ჰგავს, რომელმაც ღმერთი დაივიწყა.
მერე კიდევ გამოჩნდა ეს ბიჭი და მხოლოდ ჩვენ არა, ნაპოლელებიც შეშალა ჭკუიდან.
ზღაპარი იყო და მადლობა იმ ხალხს, ვინც ამ დროს ნაპოლიში ჩავიდა და ეს ამბები შემოგვინახა - კროკოს, სეტანტას, ჯეოთიმს, ეს სიუჟეტები და ჩანახატები ქალაქსა და კვარაზე, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ღირებული გახდება.
მეორე სეზონის წინ ტრიუმფატორი წავიდა. მაესტრო ლუჩანო სპალეტი. როცა გამარჯვებული კაცი მიდის იქ ყოველთვის პრობლემები იწყება. ზაფხულია. ონორეში მწვადებს ველოდები, წინ კეტებსა და შორტებში ჩემი ბავშვობის კერპი მიზის, პადელის თამაშში გადაქანცული, ვეკითხები - „ახლა რა იქნება?" - რუდი გარსია დანიშნეს.
ჩაფიქრდა. უნდა, რომ კოლეგიალურობის ამბავში რამე კარგი თქვას გარსიაზე, მაგრამ ორჭოფობს. ბოლოს მაინც დიპლომატიურად მპასუხობს - ცუდი რომ იყოს არ დანიშნავდნენო.
საქმე რაშია. ამ დროს ორი გზა იჭრება - ერთ შემთხვევაში გამარჯვებულ გუნდში მოდის ახალი მწვრთნელი, რომელიც აწყობილ სისტემას ანგრევს და თავისი ხედვით იწყებს თამაშს, რასაც ბუნებრივია სირთულეები და თავის ტკივილი მოჰყვება. ასეთ ცვლილებებს დრო სჭირდება, დროს კიდევ არ მოგცემს გამარჯვებული გუნდის ქომაგი, არც პრეზიდენტი არც ფეხბურთელი.

ჩვენც პირველად გარსიას ხელში ვნახეთ ნაადრევად შეცვლილი და გაღიზიანებული ხვიჩა. მეორე გზა არის ის, რომ მწვრთნელმა უცვლელად დატოვოს ყველაფერი, ხელუხლებლად, მიჰყვეს (ამ შემთხვევაში სპალეტის) მემკვიდრეობას. არც ეს მუშაობს. მწვრთნელი თუ თავის ხედვას და პრინციპებს ღალატობს, თუ სხვის გზაზე გადაწყვეტს სიარულს, აუცილებლად მოიტეხავს კისერს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში კრიზისი გარდაუვალი იყო, რადგან სპალეტი კვარცხლბეკზე ავიდა და თავისი ნებით წავიდა.
ხვიჩასთვის მეორე სეზონი დაიკარგა, მაგრამ მაინც მშვენიერი სტატისტიკა დადო. გუნდში გამუდმებული დაძაბულობა იყო - ლაურენტისის, ოსიმენისა და ჯუღელის გამოც. საკლუბო სეზონში ვერ გაიბრწყინა, სამაგიეროდ, თავის ნაკრებთან ერთად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ყველას ის სიტყვები ეკერა პირზე, რომელიც Windfor’s-ის პროექტით დაიბადა - მე ვარ საქართველო. როცა შენ ქვეყანასთან ერთად ამას მიაღწევ, დანარჩენი ქარსაც წაუღია.
ჰოდა, ასე, არ ღირს იმ ხალხთან დარჩენა, რომელთაც მადლიერების გრძნობა დაკარგული აქვთ. სადაც არ უნდა წავიდეს, ჩვენც იქ გავყვებით. რუბინის ყურებას ვახერხებდით ბოლოს და ბოლოს, პირატულ საიტებზე, ოღონდ კვარასთვის შეგვევლო თვალი. ახლა რაღაც დაგვაბრკოლებს?! წავედით პარიზში! წავედით ჩემპიონთა ლიგაზე!















