2014 წელს მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდული გუნდი იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტრენტინო-ალტო ადიჯეს დედაქალაქ ტრენტოში იმყოფებოდა. სამხრეთელ ჭაბუკებს თან ახლდათ ლეგენდარული გერმანელი ფორვარდი - გერდ მიულერი. ვარჯიშის შემდეგ „დერ ბომბერმა" სასტუმროს ნომერი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. არც თუ მცირეხნიანი ძებნის შედეგად ქუჩაში ერთ-ერთ სკამზე მჯდომს მიაგნეს - სივრცეს უაზროდ იყო მიშტერებული და გარშემომყოფებს ყურადღებას არ აქცევდა. თავდაპირველად ფიზიკურ გადაღლასა და ალკოჰოლს დააბრალეს, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ მიულერს უფრო რთული პრობლემა ჰქონდა, ვიდრე გადაღლილობა ან კათხა ლუდით თრობაა. ფორვარდს ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინეს. ვერაგი სენის პირველ ეტაპზე გადაადგილებისა და მეხსიერების პრობლემები ვითარდება. ადამიანი ძველ მოგონებებსა თუ რიტუალზე იციკლება, რადგანაც დაავადება გავლენას მეხსიერების თითოეულ უნარზე თანაბრად არ ახდენს. მისმა მეუღლემ, უში ებენბოკმა - ჰერ მიულერის მონაყოლი გაიხსენა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ადრეულ წლებში, ჯერ კიდევ ნიორდლინგენის ახალგაზრდულ გუნდში თამაშის დროს, გერდსა და მის მეგობრებს ასეთი რიტუალი ჰქონდათ - ყოველი თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე სტადიონთან ახლოს მდებარე პარკის სკამთან იკრიბებოდნენ და შემდეგ ერთად მიეშურებოდნენ ქომაგთა გულების გასახარად. როგორც ჩანს, „ერის ბომბდამშენის“ ტვინი იმ ეპიზოდში ტრენტოს ქუჩების ნაცვლად ბავარიისა და შვაბიის გასაყარზე მყოფი პატარა ქალაქის ძველი სკამისა და ტკბილი მოგონებებისკენ იყო მიმართული. ბოლო წლებში დაავადებამ მეოთხე სტადიას უწია და ფორვარდს ლაპარაკის უნარიც წაართვა - თავშესაფარში მისულ ფრაუ ებენბოკს მეუღლის ნაღვლიანი თვალები და სივრცეს მიჩერებული სახე ხვდებოდა.

მოდით, ცოტა უკან წავიდეთ და გავიხსენოთ, თუ როგორ გახდა „ნიორდლინგენელი დათუნია“ ნაციის ბომბარდირი.
1945 წლის 3 ნოემბერს ოკუპირებულ და უიმედო გერმანიაში დაიბადა ბიჭი, რომელიც შემდეგ არაერთხელ გახდა ერის ბედნიერების მიზეზი. ახალგაზრდა გერდი ქარხანაში მუშაობის პარალელურად თავისუფალ დროს ბურთის გორებით იყო დაკავებული, პროფესიონალურ ფეხბურთს კი მშობლიური ქალაქის კლუბ ნორდლინგენში ეზიარა. 1964 წლის მზიან დღეს გერდმა მიუნხენის ბაიერნს მიაშურა და ბავარიელთა მაშინდელ სტადიონზე - გრუნვალდერ შტადიონზე შეაბიჯა:
- საიდან მოიყვანეს ეს მოჭიდავე? - ირონიულად იკითხა გუნდის კაპიტანმა, ადოლფ კუნსტვადლმა.
- გამარჯობა, ბიჭებო, მე გერდ მიულერი ვარ, ცენტრფორვარდი ნიორდლინგენიდან. ჩემი მიზანია ჩვენი გუნდისთვის ბევრი გოლი გავიტანო და ყველა რეკორდი მოვხსნა.
- ამან უნდა გაიტანოს ბევრი გოლი? - ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს ახალგაზრდა ზეპ მაიერმა და ფრანც ბეკენბაუერმა.
- თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, შეგვიძლია ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზი მივასწავლოთ - გადაულაპარაკა ვერნერ ოლკმა ახალგაზრდებს.
- ბიჭებო, მომეცით ბურთი და მე მას სათანადო ადგილს მივუჩენ - იხტიბარს არ იტეხდა მიულერი.

და მართლაც, გერდმა სიტყვა შეასრულა - ორი ათწლეულის განმავლობაში ტყავის ბურთი კარში უამრავჯერ გაახვია, თანაც როგორ! 176 სმ. სიმაღლის მქონე, არც თუ ათლეტური აგებულების ცენტრფორვარდს ჰქონდა ჯადოსნური უნარი, ეგრძნო გოლის ალღო და ყოფილიყო იქ, სადაც სხვა ვერასდროს იქნებოდა. მოუქნელმა „ნიორდლინგენელმა დათუნიამ" დროს გაუსწრო და „ბომბდამშენად" როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მალევე მონათლეს. მიულერმა მართლაც მოხსნა და დაამყარა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში არაერთი ხელშეუხებელი რეკორდი.
ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში „დერ ბომბერმა" მოიგო ყველა შესაძლო ტიტული კლუბთან ერთად. მოიგო ყველა შესაძლო ტიტული ნაკრებთან ერთად. გახდა ყველა შესაძლო ტურნირის ბომბარდირი, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. გახდა პირველი გერმანელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. სანიმუშო ფორვარდი - ასეთია გერდ მიულერი.
2021 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, მისმა ცოლმა და თავშესაფრის მომვლელმა განაცხადეს - გერდი წუთიერად იღიმის და კარგ ხასიათზე დგებაო.
იმედი დავიტოვოთ, რომ იმ 6 წლის განმავლობაში, როდესაც ჰერ მიულერი ალცაიმერის ვერაგ დაავადებას ებრძოდა - მისი ტვინი, ტკივილისა და ტანჯვის ნაცვლად, მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპირველობისა და ჩემპიონთა თასების ფინალებიდან ტკბილ მოგონებებს ხედავდა. იგონებდა იმას, თუ როგორ გარბის გოლის გატანის შემდეგ გახარებული გულშემატკივრებისკენ, ანდაც, ნიორდლინგენის პატარა ქუჩის ძველ სკამთან ტყავის ბურთის სიყვარულით შეპყრობილ ბიჭუნებს. რადგანაც ომისგან განადგურებულ და უიმედო გერმანიას, სწორედ მან დაუბრუნა სიძლიერის, სილაღისა და ბედნიერების განცდა. და გერდიც იმსახურებს იმქვეყნიურ სამყაროში ღიმილიანი სახით ყოფნას.