ილია თოფურიამ დაიწყო და მერაბ დვალიშვილმა გააგრძელა. თუნდაც 2-3 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ UFC-ის ელიტარული დივიზიონის, Featherweight-ის, ჩემპიონების - ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორის, მაქს ჰოლუეისა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის გვერდით ქართული გვარიც დაიწერებოდა. ალბათ, ვერავინ, თუმცა დღეს ილიას შანსი აქვს, რომ ყველა დროის საუკეთესო featherweight მებრძოლი გახდეს. ასე რომ, რეალურად ილიას წონის ცვლილებასთნ დაკავშირებით არის ეს კითხვაც - რა დევს სასწორზე? - რეალურად თოფურია UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტის სტატუსითვის იბრძვის, რადგან მან პრაიმში მყოფი P4P რეიტინგის ლიდერი ალექს ვოლკანოვსკი უშანსოდ დაამარცხა, შემდგომ კი მაქს ჰოლოუეი, ყოფილი ჩემპიონი და მოქმედი BMF ჩემპიონი, რომელმაც ამ ქამრისთვის Lightweight-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი, ჯასტინ გაეიჯი, ეპიკურ სტილში დაამარცხა. „მატადორმა" არასდროს დანოკდაუნებული, რკინის ყბის მქონე მაქს ჰოლოუეიც გათიშა. თუ ილია ევლოევს დაამარცხებს და მის 0-ს წაართმევს, ასევე ჩემთვის ყველაზე ძლიერ კონტენდერ დიეგო ლოპესსაც მოუგებს, მაშინ ვფიქრობ, რომ ამ სამი სატიტულო დაცვით იგი უდავოდ უნდა გახდეს წონითი კატეგორიის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. თან საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ილიასთან, რომელიმე მებრძოლს შანსი აქვს. ჩემი აზრით, ილიასთვის ყველაზე სახიფათო მაინც კელვინ კატარის ან იაირ როდრიგესის მსგავსი მებრძოლები არიან, რომლებსაც წაგებები აქვთ, თუმცა ისეთი იარაღები აქვთ, რაც Lucky Shot-ის ალბათობას ზრდის, თუმცა, ვერცერთ ამ მებრძოლს მე სატიტულო სურათში ვერ ვხედავ.

მერაბ დვალიშვილმა კი შონ ო’მალი დაამარცხა და მოიპოვა ქამარი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია იმსახურებდა. მისი ქამრის პირველივე დაცვა 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგამედოვის წინააღმდეგ შედგება, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან ხაბიბმა უკვე წარგვიდგინა იგი, თორემ ბრძლების მხრივ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უმარმა სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაუმსახურებია, იგი ძალიან სახიფათოა და ადრე თუ გვიან ნამდვილად ამოვიდოდა ამ დონემდე, ასე რომ, ვფიქრობ, სწორედ ახლაა იდეალური დრო მერაბისა და უმარის ჯახისთვის, რადგან მერაბი ახლა ფორმის პიკშია და უმარს კი ის გამოცდილება აკლია, რაც მერაბმა ყოფილ ჩემპიონების, ჟოზე ალდოს, პიოტრ იანის, ჰენრი სეჰუდოსა და შონ ო’მალის დამარცხების დროს მიიღო.

ამ წლის განმალობაში ძალიან აქტიური იყო რომან დოლიძეც. ისტორიული მიღწევები მასაც ჰქონდა. ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც ერთდროულად ორი წონითი კატეგორიის TOP 15-ში შეაღწია. რომანმა წელი მარცხით გახსნა. მან მარცხი ნასურდინ იმავოვთან 5-რაუნდიან ორთაბრძოლაში განიცადა. შემდგომ რომანი ენტონი სმიტთან მოკლე დროში ბრძოლას დათანხმდა, ლეგენდასთან გამარჯვებით კი ქვემძიმე წონის რეიტინგში შევიდა. წლის ბოლოს კი კევინ ჰოლანდი უბრალოდ მიწასთან გაასწორა. რეალურად რომან დოლიძეს ორივე დივიზიონის TOP 10-ში ყოფნა ეკუთნოდა, რადგან იგი საშუალო წონის საუკეთესო ათეულში უკვე იმყოფებოდა, როდესაც მოკლე ვადაზე ენტონი სმიტი - ქვემძიმე წონის მე-10 ნომერი დაამარცხა. თუმცა UFC-მა მას მხოლოდ TOP 15 აკმარა, მაგრამ ესეც ისტორიული შედეგია, რადგან აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა.


ქართველი მებრძოლები UFC-ის მიღმა
გირჩევთ, რომ 2025 წელს თვალი ახლოდან რამდენიმე ქართველი მებრძოლს ვადევნოთ, რადგან მათ საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ზურიკო ჯოჯუამ 2024 წელი KSW-ს ჩემპიონთან სატიტულო ბრძოლით გახსნა, სადაც, სამწუხაროდ, დამარცხდა. თუმცა, სექტემბერში მოახერხა წელი გამარჯვებით დაასრულა.
ლაშა აბრამიშვილია ერთ-ერთი ის მებრძოლი, რომელსაც 2024 წელი ძალიან კარგი ჰქონდა. 4 ბრძოლა, 4 მოგება, 3 ნოკაუტი და მოგებული ქამარი გერმანულ ორგანიზაციაში. მისი რეკორდი 9 მოგებასა და 2 მარცხს მოიცავს და ძალიან ახლოს არის დიდ ორგანიზაციებთან.

2024-ში საქართველოში BRAVE CF-ის ქამრის ჩამოტანის შანსი ჰქონდა რაულ თუთარაულსაც. მან ძალიან კარგადაც იბრძოლა, თუმცა, შთამბეჭდავი რაუნდების მიუხედავად, მსაჯებმა მას გამარჯვება არ მისცეს. ბევრის აზრით, რაულს ამ ბრძოლაში გამარჯვება მოპარეს.
რეგიონალური MMA
რეგიონალურ MMA-ში ძირითადად GFC გამოირჩეოდა. რაულ თუთარაულიცა და მიხეილ საჟინიანიც ამ ორგანიზაციის ჩემპიონები არიან. ზოგადად, რეგიონალური MMA-ის განვითარება ქართული MMA-ის განვითარების საწინდარია. ახალგაზრდა მებრძოლებს შანსი აქ უნდა მიეცეთ, თუმცა ცხადია ერთი და ორი ორგანიზაცია კონკურენტუნარიან გარემოს ვერ ქმნის. მებრძოლებისთვის შესაძლებლობების შექმნა კვლავ პრობლემაა. GFC-ის ჩემპიონებიდან გამოვარჩევდი რაულ თუთარაულს, თუმცა, მას ბევრი წარდგენა არ სჭირდება. რაული ამ სპორტის ვეტერანია და ვფიქრობ BRAVE CF-ში ან KSW-ში უნდა განაგრძოს კარიერა საიდანაც UFC-მდე უმოკლესი გზაა.

საქართველოში გამოჩნდა გერმანულ-ქართული ორგანიზაცია IFC, რომელმაც წელს რამდენიმე ივენთi ჩაატარა და ვფიქრობ, ამ ორგანიზაციას აქვს პოტენციალი, რომ მეტ მებრძოლს მისცეს თავის გამოჩენის შანსი, მათ შორის იმ მებრძოლებსაც, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო GFC-ზე ვერ იასპარეზეს. ასევე, ძალიან კარგი ამბავია ქართული მუშტი-კრივის ორგანიზაცია GAMA-ს მხრიდან MMA-ით დაინტერესება. GAMA ცნობილი მუშტი-კრივით გახდა, მათ გრეპლინგის გრან-პრიც ჰქონდათ. ამ გრან პრის ფინალში მეც უნდა მეასპარეზა, თუმცა უსახსრობის გამო ფინალი არ ჩატარდა. GAMA MMA-ში სიამოვნებით გავიზიარებდი მუშტი-კრივის რომელიმე TOP მებრძოლთან ოქტაგონს, სადაც გრეპლინგისა და მუშტი-კრივის საუკეთესო მებრძოლების დაპირისპირება შედგებოდა.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






