სულ რაღაც 48 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ავტორიტეტულმა გამოცემებმა ვინისიუს ჟუნიორის არსენალში შესაძლო გადასვლის შესახებ დაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ მხოლოდ განხილვის ეტაპზეა, ინგლისში უკვე აქტიურად მსჯელობენ, რატომ შეიძლება იყოს ბრაზილიელი სწორედ ის ფეხბურთელი, რომელიც მიკელ არტეტას გუნდს ახალ დონეზე აიყვანს.
გასულ სეზონში არსენალის შეტევები მეტწილად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც იურიენ ტიმბერი, ბუკაიო საკა და მარტინ ოდეგორი თამაშს განსაზღვრავდნენ. ამის ფონზე გუნდი ხშირად პროგნოზირებადი ხდებოდა. გაბრიელ მარტინელის საკმაოდ სუსტი სეზონი ჰქონდა და მის გაყიდვაზე აქტიურად იწერება, ხოლო რაც შეეხება ლეანდრო ტროსარს, ბეგლიელს სოლიდური სეზონი გამოუვიდა, თუმცა ფეხბურთელმა არსენალი უკვე დატოვა და თამამად შეიძლა იმის თქმა, რომ "მეთოფეების" მარცხენა ფლანგი დაცარიელდა. სწორედ ამიტომ, არტეტას სურს შეტევაში ბალანსის აღდგენა, რისთვისაც ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი თითქმის იდეალურ ვარიანტად მიიჩნევა.

ბრაზილიელის მთავარი უპირატესობა მისი დრიბლინგი, სისწრაფე და ინდივიდუალური ოსტატობაა. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომელსაც შეუძლია ერთი მოძრაობით თამაშის ბედი შეცვალოს - თავად დაარტყას ან პარტნიორს საგოლე მომენტი შეუქმნას. გასულ სეზონში ლა ლიგაში მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა მასზე მეტი წარმატებული დრიბლინგის მცდელობა 90 წუთში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უნიკალურ შესაძლებლობებს.
არტეტასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ვინისიუსის უნარი, სწრაფი კონტრშეტევებით დასაჯოს მეტოქე და ასევე გახსნას სივრცეები იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ღრმა დაცვით თამაშობენ. სწორედ ასეთ მატჩებში უჭირდა არსენალს ყველაზე მეტად, მაშინ როცა ვინისიუსი არაერთხელ გამხდარა რეალ მადრიდის მთავარი იარაღი ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე. მისი არაპროგნოზირებადი თამაში, ძლიერი დარტყმა და სივრცის შექმნის უნარი არსენალის შეტევას სრულიად სხვა განზომილებას შესძენდა.

თუმცა, ბრაზილიელის თამაშს სუსტი მხარეც აქვს. რეალში მას ხშირად ნაკლები დაცვითი მოვალეობები ეკისრებოდა, რის გამოც პრესინგსა და უკან ჩამოსვლაში ყოველთვის აქტიური არ ყოფილა. არტეტას სისტემაში კი თითოეული ფეხბურთელის დაცვითი მუშაობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, თუ ტრანსფერი მართლაც შედგება, ვინისიუსს ამ კომპონენტში პროგრესის ჩვენება აუცილებლად მოუწევს.
მიუხედავად ამისა, მისი შემტევი შესაძლებლობები იმდენად მაღალი დონისაა, რომ არსებული მინუსები ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება. თუ არსენალი ბრაზილიელის დამატებას შეძლებს, ეს არა მხოლოდ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იქნება, არამედ პრემიერ ლიგის ძალთა ბალანსზეც სერიოზულ გავლენას მოახდენს.
















