4 მატჩი უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩააგდო და ის მოლოდინი, რაც ქართველ გულშემატკივარს ჰქონდა, ოდნავადაც არ გამართლდა, მხოლოდ 2 ქულა და ერთადერთი ნაკრები B ლიგაში ჩრდ.მაკედონიასთან ერთად, რომელსაც გოლიც კი არ გაუტანია.
რატომ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ასე ცუდად? - ჩვენს ნაკრებს ხო გამორჩეული თაობა ჰყავს, რომლებიც ტოპ ლიგის ტოპ გუნდებში თამაშობენ და მათგან მოლოდინი დიდი გვაქვს, მითუმეტეს, ევრო 2024-ის და იმ სიხარულის შემდეგ, რაც ჩვენმა ნაკრებმა 2 წლის წინ მოგვანიჭა.
ევრო 2024-ის შემდეგ იყო ერთა ლიგის ახალი ციკლი და შთამბეჭდავი საშინაო თამაში ჩეხეთის წინააღმდეგ, ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოც. სწორედ ამ მატჩის შემდეგ იწყება საქართველოს ნაკრებისთვის მძიმე პერიოდი, რომელიც დღემდე გრძელდება.
არასწორი ნაბიჯები წარუმატებლობის შემდეგ
ბოლო 2 წლიანი წარუმატებლობის შემდეგ, სიტუაციის გამოსწორებისკენ არასწორი ნაბიჯები გადაიდგა, ვილი სანიოლის ნაკრებიდან წასვლა იმდენად გაიწელა, რომ ახლა მისი მხრიდან ნაკრების დატოვება უკვე არაფერს შეცვლიდა როგორც შედეგობრივად, ისე მენტალურად.
ყველაფერი გასული წლის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო, როცა სტურმად ბულგარეთთან დავმარცხდით და ამ მარცხით ყველაფერს უკვე პასუხი ჰქონდა გაცემული. ფეხბურთის ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, როცა მწვრთნელს კლუბსა თუ ნაკრებში ცუდი პერიოდი ეწყება, ეს პერიოდი ფეხბურთელების განწყობასა და ცუდ შედეგებში გადადის და მწვრთნელი ამ მძიმე პერიოდს თავს აღწევს და ბრუნდება. ასეთ სცენარის დასასრული ყოველთვის მწვრთნელის წასვლაა ხოლმე, რაც ჩვენ შემთხვევაში დაგვიანებული აღმოჩნდა.

მოსამზადებელი ეტაპი 0 შედეგით
არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგამდე 4 ამხანაგური მატჩი გამართა. ეს ხანგრძლივი პერიოდი იყო, რათა დაგვენახა ის ხარვეზები, რაც ნაკრებს ჰქონდა, რომ ერთა ლიგას მზად შევხვედროდით. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ეს ოთხი ამხანაგური მატჩი მზადებისთვის კი არ გამოვიყენეთ, უბრალო "წვალება იყო" და საერთოდ არ ასახულა ჩვენს სათამაშო პროგრესზე.
ვილი სანიოლს ამ მატჩებში არაფერი ახალი შემოუთავაზებია. ისევ 5 მცველიანი ტაქტიკა, სადაც სულ ისე ხდება, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი ყოველთვის არასასურველ პოზიციაზე თამაშობს. მაგალითად, გიზი მამაგეიშვილი მარჯვენა მცველად, ლუკა ლოჩოშვილი ან გიორგი წიტაიშვილი მარცხენა მცველად, გიორგი კვერნაძე მარჯვენა შემტევად და ა.შ. რაც საბოლოოდ უშუალოდ თამაშისას დიდ გაუგებრობას იწვევს.
ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი
საქართველოს ნაკრებს, ხვიჩა კვარაცხელიას სახით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. მისი მთავრი პლიუსი, რითიც ყველას აოცებს არის მარცხენა ფლანგიდან ბურთის სიღრმეში შეტანა და ისეთი არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მეტოქე გუნდის მცველებს თავგზას ურევს. საქართველოს ნაკრებში კვარას როლი სხვანაირი გახდა - ჩამოდის ნახევარმცველის პოზიციაზე, ცდილობს ბურთის ატანას, ან თუ თავდასხმაში დგას, ძირითადად ცენტრშია შეწეული, რითიც მისი პოტენციალი და დადებითი თვისებები იკარგება.
მითუმეტეს, საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვაშიი საკმარისად ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის ამოტანის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს - კიტეიშვილი-ჩაკვეტაძე-ქოჩორაშვილის სახით, რომლებიც ნახევარდაცვის ხაზში ერთმანეთს კარგად ავსებენ და ერთადერთი კარგი და ტაქტიკურად სწორი მატჩი, რომელიც ჩავატარეთ, უკრაინასთან საშინაო შეხვედრა იყო, სადაც ნახევარდაცვაში სწორედ ეს ტრიო იდგა.
არასწორი ტაქტიკა
რატომ ირჩევს საქართველოს ნაკრები 3-5-2 ტაქტიკას, როცა მთელი მსოფლიო სტანდარტულ, 4-მცველიან ტაქტიკაზეა გადასული? მითუმეტეს, როცა უკვე ასეთი მაღალი დონის შემტევები გვყავს, მაინც ამ ტაქტიკით თამაში არ არის გამართლებული, რადგან შედეგი მაინც იგივეა და არაფერს ცვლის. ამ ტაქტიკამ ევროპის ჩემპიონატზე შედეგობრივად გაამართლა, თუმცა გავიხსენოთ, რომ იმ მატჩებშიც უამრავი მომენტი შეგვიქმნეს.
3 ცენტრალური მცველით თამაშის მთავარი მიზანი ხომ საკუთარი კარის უსაფრთხოებაა, ჩვენს შემთხვევაში მომენტებს მაინც გვიქმნიან, შეტევაში კი ერთით ნაკლები ფეხბურთელი გვყავს, როცა გადაწყობის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება და იმ თანამედროვე სქემაზე გადავალთ, რითიც ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში თამაშობენ. მაგალითისთვის, წინა 3 მატჩში კარისკენ ჯამურად 43-ჯერ დაგვირტყეს. ბოლოს კი ჩრდ.ირლანდიასთან 4 მცველით ვითამაშეთ. სათამაშო ხარისხი მაინც იგივე იყო, თუმცა მეორე ნახევარში ვნახეთ, რომ ბევრი მომენტი შევქმენით.

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ
ბოლო პრესკონფერენციებზე, რამაზ სვანაძე ვერ მოგებული მატჩის შემდეგ სულ იმას ამბობს, პოზიტივი მაინც დავინახეო და რამდენიმე ასპექტს გამოყოფს, მაგალითად დაცვის კარგ თამაშს. თუ ეს ყველაფერი შედეგში არ აისახა, პოზიტივი რანაირად არის? - ერთეული პოზიტივის პოვნა ნებისმიერ მატჩში ნებისმიერ გუნდზე არის შესაძლებელი, თუმცა თუ შედეგი ნეგატიურია, ეს პოზიტივები იჩრდილება და ფასი აღარ აქვს.
საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხშირად მოსმენადი ფრაზაა - "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ", ამ ერთა ლიგაზე მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა კარგად ვითამაშეთ - შინ უკრაინასთან პირველ ტაიმში და სტუმრად ჩრდ.ირლანდიასთან. ერთ-ერთი წაგებული მატჩის შემდეგ კი ნაკრების ფეხბურთელმა განაცხადა, მაქსიმუმი გავაკეთეთო. ეს თამაში თუ ჩვენი მაქსიმუმია, მაშინ აღარც იმედები უნდა გვქონდეს და აღარც მოლოდინები და გვეცოდინება, რომ ჩვენი ადგილი D ან C დივიზიონშია.
ჩამქრალი ბომბარდირი და ძალების გადანაწილება
სამწუხაროდ, ეს ერთა ლიგა ჟორჟ მიქაუტაძისთვის ძალიან ცუდი გამოდგა. რეალურად, ამ მატჩებში ყველაზე მეტად გამორჩეულები მხოლოდ მამარდაშვილი და დვალი იყვნენ. ჩვენი ბომბარდირის ცუდმა ფორმამ კი შეტევას დაღი დაასვა და შეკრება 0 გოლით დავასრულეთ, თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტორიც.

ასეთ ღრმა შემადგენლობას მწვრთნელი იმიტომ იძახებს, რომ ძალები გადაანაწილოს და ყველა მოთამაშისთვის ცხადი იყოს, რომ შეუცვლელი არავინაა და თუ თამაში ჩააგდო, მისი შემცვლელი ბევრია. ჩვენს შემთხვევაში კი ასე არ მოხდა და ძირითად შემადგენლობაში მაინც ის ფეხბურთელები იყვნენ, ვინც წინა მატჩი ჩააგდეს. 10 დღეში 4 მატჩის ჩატარება რთულია. არც ძალების გადანაწილება იყო და არც როტაცია. 27 გამოძახებული ფეხბურთელიდან 10-12 მოთამაშეს სათამაშო დრო ან საერთოდ არ მისცემია ან ლომიტირებული დრო ჰქონდა და ბირთვი მაინც იგივე იყო. ცუდი შედეგები, ფიზიკური გადაღლა, 0 გოლი, მაგრამ ბირთვი და სასტარტო 11-ეული თითქმის ანალოგიური, რაც წინა მატჩში.
რა არის გამოსავალი?
პრესკონფერენციებზე ის ფრაზაც ხშირად გვესმის, აღმასვლას ყოველთვის დაღმასვლა მოჰყვება და აღმასვლა მალე კვლავ დაიწყებაო ეს ფრაზა სწორად მუშაობს და ასეა, თუმცა არა ჩვენ შემთხვევაში. როდის იყო საქართველოს ნაკრები სტაბილურად აღმასვლის გზაზე? - ევროპის ჩემპიონატის პერიოდს თუ არ ჩავთვლით აღმასვლა არც არასდროს გვქონია და საქართველოს შემთხვევაში ეს ფრაზა პირიქითაა - ისტორიის განმავლობაში სულ ჩავარდნა გვქონდა, 2024 წელს აღმასვლა დაგვეწყო და ახლა ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით და ჩავარდნას ვაგრძელებთ.
დასრულებული არაფერია - ამ თაობას აქვს უდიდესი რესურსი და დრო, რომ თავისი სათქმელი არაერთხელ თქვას. ამისთვის მოგების მენტალიტეტის დაბრუნებაა საჭირო, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. შესაძლოა, C ლიგაში დაქვეითება რაღაც მომენტში უკეთესიც იყოს, რადგან ყველაფერი 0-დან დავიწყოთ, თამაშები მოვიგოთ, გოლები გავიტანოთ, დავიბრუნოთ ის მენტალიტეტი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და B ლიგაში დავბრუნდეთ მაშინ, როცა ამისთვის 100%-ით მზად ვიქნებით როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად.
















