პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"შესაძლოა, მოვლენების განვითარება დავაჩქარე, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებიდან ჩემს გამო არ წასულა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ეს ნაბიჯი ადრე თუ გვიან უნდა გადაედგა. ჩვენ ამ საკითხზე რამდენჯერმე ვისაუბრეთ და ვიცოდი, რომ მისი სანაკრებო კარიერა ჩემი მწვრთნელობის პერიოდში დასრულდებოდა. მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ საერთოდ არ ვგრძნობ.
უკან რომ დავბრუნდე, არაფერს შევცვლიდი, აბსოლუტურად არაფერს. მე მწვრთნელის გადაწყვეტილება მივიღე, ვფიქრობდი ჩემს გუნდსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებზე. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც ამ შედეგს გამოიწვევდა. ჩემი და კრიშტიანუს ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო, ჩვენ ძლიერი მეგობრობა გვაკავშირებდა და ახლაც პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას.
ვაპირებდი, რომ რონალდუ ამ თვის მატჩებისთვის გამომეძახა და შემდეგ მასთან საუბრის შესაძლებლობაც მექნებოდა, თუმცა მისი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ ერთდროულად გავიგეთ. მას შემდეგ ერთმანეთთან არ გვისაუბრია. წყენა არ მაქვს. ყველა გადაწყვეტილებას გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი და მშვიდად ვარ ჩემს არჩევანთან დაკავშირებით.
კრიშტიანუმ თავად იცოდა, რომ მისი სანაკრებო კარიერის დასასრული ახლოვდებოდა. ეს მისი გადასაწყვეტი იყო და მანაც შესაბამისი მომენტი შეარჩია. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდებოდა. მის ისტორიას ვერავინ უგულებელყოფს და არც მე ვაპირებ ამას. ის ყოველთვის იყო და დარჩება პორტუგალიის სიმბოლოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.
რონალდუს წასვლის მიუხედავად, ჩვენი პასუხისმგებლობა არ იცვლება. პორტუგალიის ნაკრების მთავარი მიზანი გამარჯვებაა და კრიშტიანუს არყოფნა ამ პასუხისმგებლობას არც ზრდის და არც ამცირებს“.











![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)





