იწყება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონი, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები B დივიზიონის მეორე ჯგუფში უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან. განვიხილოთ დეტალურად, როგორც ჩვენი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, ისე ოპონენტებისაც.
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მდგომარეობა
ქართველი ფეხბურთელები ამ მნიშვნელოვან მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდებიან. ჩვენი ლეგიონერები ყოველ კვირა გამორჩეულ მატჩებს ატარებენ, თუმცა წარსულმა გამოცდილებებმა დაგვანახა, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და ნაკრებში წარმატებული თამაშებისთვის კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი.
ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ხვიჩა კვარაცხელიაზე რომ ბევრი არ ვისაუბროთ, ამ ფორმაციის ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ევროპულ ფეხბურთში თავიანთი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვთ, მაგალითად ჟორჟ მიქაუტაძე, ბოლო პერიოდში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილიც, ოთარ კიტეიშვილი და სხვები.
წლევანდელი სეზონი მთავარი აღმოჩენები კი გიორგი კვერნაძე და ირაკლი იეგოიანი არიან, რომლებიც ნაკრებს ახალ სისხლს შემატებენ. კვერნაძის ფაქტორი ამ მატჩებში დიდი იქნება. რეალურად, მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში არ არის, თუმცა შემოსვლის პირველი ოფცია იქნება და სწორედ მისი დავალება იქნება თამაშში გარდატეხის შეტანა.

ვილი სანიოლის ტაქტიკური ჩანაფიქრი და სავარაუდო XI
როგორც ამხანაგურმა მატჩებმა დაგვანახა, ვილი სანიოლი ერთა ლიგაზე 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდება, რაც ლოგიკურია, რადგან 4 მცველზე გადასვლამ კარგი არაფერი მოგვიტანა და ევროპის ჩემპიონატი შემდეგ, ჩავარდნა გვქონდა. სამწუხარო ისაა, რომ დაცვით ხაზში პრობლემები გვაქვს და სანიოლს იდეალური უკანა ხუთეულის არჩევაზე ბევრი ფიქრი მოუწევს.
უთამაშებელია საბა გოგლიჩიძე, საბა საზონოვი, ოთარ კაკაბაძემ ტრავმა ახლახანს მოიშუშა, გამოგვაკლდა ირაკლი აზაროვი. სავარაუდოდ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კვლავ გიზი მამაგეიშვილს ვიხილავთ. დაცვის ცენტრში სანიოლისგან დიდი ნდობა მოიპოვა ილია ბერიაშვილმა. პირველი პასი, ორთაბრძოლები და ა.შ., რაც ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი ბოლომდე მზად არ არის და ჯერჯერობით უცნობია, რამდენ წუთს შეუძლია მას მოედანზე ყოფნა.
სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, მამაგეიშვილი, გოგლიჩიძე, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, იეგოიანი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი(მექვაბიშვილი), კვარაცხელია, მიქაუტაძე.

ტოპ ჩემპიონატებიდან - ნაკრებში
სასიხარულოა, რომ ტოპ ლიგებში უკვე ბევრ ქართველ ფეხბურთელს ვხედავთ. სულ რომ არაფერი, თუ წარსულში მეტოქე შემადგენლობის ნახვისას ხედავდა, რომ ჩვენი მოთამაშეები რუსულ, პოლონურ და სხვა საშუალო დონის ჩემპიონატებში თამაშობდნენ, დღეს გვყავს სერია A-ს, ლა ლიგის, პრემიერ ლიგის და ლიგა 1-ის ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ პსჟ-ში, ვილიარეალში, ლივერპულსა და სხვა გამორჩეულ გუნდებში.
შესაძლოა, ეს ვილი სანიოლის "ბოლო ცეკვაც" იყოს საქართველოს ნაკრებში და უკანასკნელი შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოს, რადგან ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, მის მიმართ დიდი და ლოგიკური კრიტიკაა. შესაბამისად, აღნიშნულ მატჩებს ფრანგი სპეციალისტიც დიდი ყურადღებით და მოტივაციით ხვდება.

პარალელი 2024 წლის ნაკრებთან
2 წლის წინ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორია დაწერა, თუმცა რეალურად, ჩვენს ნაკრებს მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი დღეს უფრო აქვს. ის ფეხბურთელები, ვინც ევრო 2024-ზე ითამაშეს, უკვე დაღვინებულები არიან, შეიგრძნეს მძიმე მარცხების გემო, გამოიტანეს დასკვნები და თავადაც ამბობენ, რომ ამ ციკლს უფრო ძლიერები ხვდებიან.
იმ ევროპის ჩემპიონატზე, კარგი მატჩების გარდა, ჩვენი წარმატება გამოწვეული იყო ორმაგი მოტივაციის, მუხტის, ათასობით ქართველი გულშემატკივრის გამო, დღეს კი, სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით, ბევრად სიღრმისეული და განვითარებული ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით შეტევით ხაზში.

სავარაუდო სცენარი საქართველოს ნაკრებისთვის
რამდენიმე დღის წინ, ჩვენთან ინტერვიუში გიზი მამაგეიშვილმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იქნება პირველი ორი საშინაო მატჩი. თუ ამ შეხვედრებში სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ, ჯგუფიდან გასვლაც რეალური გახდება. წინასწარ გამარჯვების დაგეგმვა ნებისმიერ ნაკრებთან შეუძლებელია, თუმცა თუ მაღალი მიზნები გვაქვს, ჩრდ.ირლანდიას ორივე მატჩი აუცილებლად უნდა მოვუგოთ, უკრაინასთან და უნგრეთთან კი საშინაო მატჩები მინიმუმ არ უნდა წავაგოთ, ეს არის პროგრამა მინიმუმი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ახლა არის. ასეთ შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის შანსები რეალური იქნება.

უნგრეთი - დომინიკ სობოსლაის გარშემო აწყობილი გუნდი
უნგრეთი საქართველოსთვის ძალიან სახიფათო და ორგანიზებული მეტოქე იქნება. ამ ნაკრებმა ბოლო წლებში დიდი ევროპული ეროვნული გუნდებისთვისაც კი არასასიამოვნო და ძლიერი ოპონენტის სტატუსი მოიპოვა. "მადიარები" ძირითადად იყენებენ 3-4-2-1 (ან მოდიფიცირებულ 3-5-2) სქემას, რომელსაც მარკო როსი მწკრივად აწყობს.
"წითლები" ცდილობენ იყვნენ კომპაქტურები, სიღრმეში ჩადგომის ნაცვლად კი ხშირად იყენებენ ორგანიზებულ პრესინგს ცენტრალურ ზონაში. სამი უკანახაზელი საჰაერო ორთაბრძოლებში უპირატესობის მოპოვების საშუალებას იძლევა. როსის შეგირდები ასევე განსაკუთრებით ძლიერები თამაშის ტემპის აჩქარებაში არიან.

ბურთის მოპოვებისთანავე უნგრეთი ცდილობს ვერტიკალური გადაცემებითა და ფლანგებიდან სწრაფი შეჭრით მეტოქის დაცვა მოუმზადებელ მდგომარეობაში დაიჭიროს. კუთხურები და ჯარიმები "მადიართა" მთავარი იარაღია: სიმაღლისა და კარგად გათვლილი კომბინაციების ხარჯზე სტანდარტულებიდან ისინი მუდმივ საფრთხეს ქმნიან.
რაც შეეხება დისციპლინას, ის რკინისებურია. "წითლები" მკაცრად ასრულებენ თავიანთი იტალიელი მწვრთნელის ტაქტიკურ დავალებებს და ბოლომდე იხარჯებიან. მთავარი ვარსკვლავის ფაქტორი: დომინიკ სობოსლაი არის როსის გუნდის "ტვინი", რომელზეც მთელი თამაშია აგებული. ასეა უნგრეთის ეროვნულ გუნდში და უკვე ლივერპულშიც კი.

კვარაცხელიასთან ერთად, მერსისაიდელების ნახევარმცველი იყო ყველაზე ძვირადღირებული და სანატრელი იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც აშშ-ს მუნდიალზე ვერ მოხვდნენ. უნგრელი ფლეიმეიქერი არის "მადიართა"კაპიტანი, ლიდერი და მთავარი შემოქმედი. მისი ზუსტი დარტყმები, სტანდარტულები და თამაშის ხედვა "წითელთა" სოლიდური კოზირია.
ვისაუბროთ როსის გუნდის სუსტ წერტილებზეც, რაც ჩვენმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. როდესაც მეტოქე ახერხებს სწრაფ, კომბინაციურ თამაშს, უნგრეთის მძიმეწონიანი უკანახაზელები ხშირად იჭრებიან სივრცეების დაფარვისას. თუ "ჯვაროსნებმა" შეძლეს ლივერპულის მე-8 ნომრის გამოთიშვა და პერსონალური მეურვეობით მისი შეზღუდვა, ეს წარმატების საწინდარი იქნება.

"მადიარების" შეტევის ხარისხი იმდენად დაეცემა, რომ მათი ნაკრები მხოლოდ პრიმიტიული ჩაწოდებების იმედზე დარჩება. საერთო ჯამში კი სანიოლის შეგირდებისთვის "წითლებთან" შეხვედრები ტაქტიკურ ჭადრაკსა და დისციპლინას მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შუახაზში სივრცეების ჩაკეტვა და როსის გუნდის 25 წლის კაპიტნისთვის თავისუფლების შეზღუდვა.
რაც შეეხება ურთიერთმატჩების ისტორიას, საქართველოსა და უნგრეთის დაპირისპირება აქამდე ყოფილა ორჯერ - 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე. ბუდაპეშტში ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი ეროვნული გუნდი განადგურდა 1:4, თბილისში კი ახლოს იყო "მადიარებზე" რევანშთან, 3:1.
საინტერესოა ისიც, რომ "წითლების" იტალიელ მწვრთნელს უკვე აქვს ქართველების დამარცხების გამოცდილება - ევროპა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის შესარჩევის 1-ელ რაუნდში მისმა დუნაისკა სტრედამ დინამო თბილისს (2:1, 1:1) მოუგო. აღნიშნულ დუელში მონაწილეობას იღებდა კიტე, ასევე ბუდუ ზივზივაძე და ლუკა ლოჩოშვილი.
პროგნოზისა და მოლოდინის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როსის ბიჭები არიან უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიაზე ბევრად ორგანიზებული ეროვნული გუნდი, რომელთანაც ფრეს მიღწევაც კი იქნება რთული, მაგრამ დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში "ჯვაროსნებს" სწორედ ასეთ ოპონენტებთან მოგება სჭირდებათ.

უკრაინა - უხერხული მეტოქე პირველი უცხოელი მწვრთნელით თავის ისტორიაში
უკრაინის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასების საშუალება არ გვაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნაკრები ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს ახალი სპეციალისტით იწყებს. საუბარია ანდრეა მალდერაზე, რომელიც "ლურჯ-ყვითელთა" ისტორიაში 1-ელი უცხოელი დამრიგებელია. იტალიელმა თავკაცმა სერგეი რებროვი შეცვალა.
სლავების ამჟამინდელი მწვრთნელი ჩვენთვის ცნობილია ანდრეი შევჩენკოს შტაბიდან, სადაც ის ნაკრების მთავარი ტაქტიკოსი იყო. უშუალოდ ლეგენდარულ უკრაინელ ფორვარდთან და შემდეგ სპეციალისტთან დაახლოება მოხდა 2000-იანებში, როცა ერთი მათგანი ბრწყინავდა მილანში, მეორე კი აღნიშნული გუნდის იუნიორებთან მუშაობდა.

რაც შეეხება 55 წლის მწვრთნელის ბოლო პერიოდს, ის მოღვაწეობდა რობერტო დე ძერბის თანაშემწედ, მარსელის ოლიმპიკსა და ბრაიტონში. შეგვიძლია ვარაუდის დონეზე ვთქვათ, თუ რას უმზადებს მალდერა საქართველოს. იტალიური სკოლის გავლენა: ტაქტიკური გადატვირთულობა და ოპონენტის შესწავლა უკანასკნელ დეტალებამდე...ანდრეას მთავარი საქმიანობა აქამდე სწორედ ეს იყო.
უკრაინა ეცდება დაცვით ფაზაში უფრო კომპაქტური იყოს და სივრცეები არ დატოვოს, თუმცა შემტევებისთვის თავისუფლების შენარჩუნებით. "ლურჯ-ყვითელთა" მთავარი მოთამაშე იქნება ილია ზაბარნი, რომელსაც კვარა ძალიან კარგად პარი სენ-ჟერმენიდან იცნობს. ასევე გამოსარჩევები არიან ანატოლი ტრუბინი, ვიტალი მიკოლენკო, ვიქტორ ციგანკოვი და გეორგი სუდაკოვი.

სლავების განაცხადს მიღმა დარჩნენ ანდრეი ლუნინი, მიხაილო მუდრიკი და არტიომ დოვბიკი, რაც ჩვენი ნაკრებისთვის კარგი ამბავია. როგორც აღვნიშნეთ, უკრაინა იტალიელ სპეციალისტთან ერთად ყველაფერს იწყებს 0-დან, რასაც ვერ ვიტყვით სანიოლსა და "ჯვაროსნებზე", რომლებიც უკვე წლებია, რაც ერთად მოდიან.
ვნახოთ, რამდენად გამოიყენებს ფრანგი მწვრთნელი ამ უპირატესობას. აუცილებლად სახსენებელია ის ფაქტიც, რომ "ლურჯ-ყვითლები" საშინაო შეხვედრებს ჩაატარებენ არა პოლონეთში, როგორც იყო აქამდე, არამედ სლოვაკეთში. უკრაინისთვის ეს იქნება კიდევ ერთი ახალი გამოწვევა საერთაშორისო ასპარეზზე.

მივადექით საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ თემას - "ლურჯ-ყვითლებთან" ურთიერთმატჩების ისტორიას. 11 თამაში, 0 გამარჯვება, 7 მარცხი და 4 ფრე. იმ 21 ეროვნულ გუნდს შორის, რომლებთანაც ჩვენებმა ჩაატარეს 5-ზე მეტი შეხვედრა, მოუგებელი დარჩა მხოლოდ 3: იტალია, ირლანდია და სწორედ სლავები.
დიახ, "ჯვაროსნებს" დაუმარცხებიათ ესპანეთის ნაკრებიც კი, თუმცა არა უკრაინა. ამის გარდა, არსებობს მხოლოდ ორი ეროვნული გუნდი, რომელთანაც საქართველოს წაუგია "ლურჯ-ყვითლებზე" ხშირად: უკვე ხსენებული "ლა როხა" და "კელტები"...ორივესთან ცხრა მარცხი ჯამში. ხომ არ მოვიდა ნავსის გატეხვის დრო?
ვფიქრობთ, რომ ჩვენს ნაკრებს სლავებთან გამარჯვების ყველაზე კარგი შესაძლებლობა სწორედ ახლა აქვს. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ ოპონენტებად შერაცხული უკრაინა ახალ სპეციალისტთან ერთად თავიანთ ციკლს 0-დან იწყებს. ანდრეა თავის გუნდს შეიცნობს უახლოეს 4 შეხვედრაში, აღნიშნული ფაქტი კი "ჯვაროსნებისგან" კონკრეტულ და ორგანიზებულ პასუხს საჭიროებს.

ჩრდილოეთ ირლანდია - ჩრდილში მყოფი, თუმცა სახიფათო
ჩრდილოეთ ირლანდიის განხილვას ცოტა ოდენი რომანტიზმით დავიწყებთ. ვარსკვლავური შემტევი შვიდიანით ზურგზე, ვინც თავისი დრიბლინგითა და ფლანგიდან შემოჭრებით ოპონენტებს შანსს არ უტოვებდა. "კელტებისთვის" შორეულ წარსულში ასეთი მოთამაშე იყო ჯორჯ ბესტი, საქართველოსთვის კი ახლა კვარაა.
ინგლისურ პრესაში ხშირად ავლებენ პარალელს ჩრდილოეთ ირლანდიელ შემტევსა და მისი საქმის ქართველ გამგრძელებელს შორის. 2025/2026 წლების საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, მთელი საფეხბურთო სამყარო გამოთქვამდა მწუხარებას იმის გამო, რომ ხვიჩა აშშ-ს მუნდიალზე არ იქნებოდა.
"A combination of George Best and Cristiano Ronaldo..." 🪄
— Sky Sports Football (@SkyFootball) May 5, 2023
𝓚𝓱𝓿𝓲𝓬𝓱𝓪 𝓚𝓿𝓪𝓻𝓪𝓽𝓼𝓴𝓱𝓮𝓵𝓲𝓪 pic.twitter.com/S6Tkjls1U1
გასული საუკუნის 1960 - 1970 წლებში იგივეს სწორედ მანჩესტერ იუნაიტედის შემტევზეც ფიქრობდნენ. დიახ, ლეგენდარულ გარემარბს არასდროს უთამაშია მუნდიალზე და იმედი გვაქვს, ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი ამაში "წითელ ეშმაკთა" მე-7 ნომერს არ დაემსგავსება, ისევე როგორც არასპორტული წესით ცხოვრებაში მოედნის მიღმა.
დავბრუნდეთ თანამედროვე ეპოქაში, სადაც "ჯვაროსნები" ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს სწორედ "მწვანეებთან" საშინაო მატჩით გახსნიან. შეხვედრა ჩატარდება ქომაგების გარეშე, მაგრამ ეს გარემოება ხელს არ უშლის იმ ფაქტს, რომ სანიოლის შეგირდები მაიკლ ო'ნილის გუნდთან ფავორიტები იქნებიან.

ზოგადად, ჩრდილოეთ ირლანდია მონათლულია ჯგუფის აუტსაიდერად, თუმცა პრაქტიკამ უკვე არაერთხელ გვაჩვენა, რომ სანაკრებო ფეხბურთს სიურპრიზების შემოთავაზება ძალიან უყვარს. ბოლომდე ბრძოლა, აგრესიული პრესინგის მცდელობა, უამრავი შავი სამუშაო, ინგლისში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელები...სწორედ ესაა "კელტთა" ძლიერი მხარე.
რაც შეეხება მინუსებს, საქართველოსთვის სასიკეთოდ და "მწვანეებისთვის" სამწუხაროდ, სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს მეტოქე გუნდის მთავარი ვარსკვლავი: კონორ ბრედლი. ობიექტურად, ო'ნილის შეგირდები არიან ის ოპონენტები, რომლებთანაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 6 ქულა უნდა აიღოს.

საეჭვოა, რომ "ჯვაროსნებს" უნგრეთსა და უკრაინასთან ჰქონდეთ უფრო მარტივი გასეირნება, ვიდრე ჩრდილოეთ ირლანდიასთან. დიახ, მეტოქეს შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება, მაგრამ სანიოლის განკარგულებაში იქნებიან იგივე კვარასა და მიქაუტაძის დონის შემტევები, რაც წესით "კელტთათვის" ბევრად უფრო დიდ პრობლემას უნდა წარმოადგენდეს.
ბოლოს კი ურთიერთმატჩების ისტორია, რაც მოიცავს მხოლოდ ერთ დაპირისპირებას - 2008 წლის მარტში გამართულ ამხანაგურ თამაშში საქართველო "მწვანეებთან" 1:4 განადგურდა. უკრაინის შემდეგ, გვხვდება კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, რომელთანაც სტატისტიკა აუცილებლად გამოსასწორებელია.

საქართველოს ნაკრების განრიგი ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე
| საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 25 სექტემბერი | 20:00 |
| საქართველო - უკრაინა | 28 სექტემბერი | 20:00 |
| უნგრეთი - საქართველო | 2 ოქტომბერი | 22:45 |
| ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო | 5 ოქტომბერი | 22:45 |
| საქართველო - უნგრეთი | 14 ნოემბერი | 21:00 |
| უკრაინა - საქართველო | 17 ნოემბერი | 23:45 |
სტატიის ავტორები: გოგა პაპუნაშვილი & ბაჩო ცალუღელაშვილი
















