ვინისიუს ჟუნიორის მომავალი რეალ მადრიდში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბრაზილიელი ვარსკვლავის მოქმედი კონტრაქტი 2027 წელს იწურება, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე წელიწადზე მეტია მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
რამდენიმე დღის წინ როგორც გაცნობეთ, შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება ლონდონის არსენალი, რომელმაც ფეხბურთელის დამატება სატრანსფერო პრიორიტეტად აქცია. თუ ვინისიუსი რეალთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ინგლისური კლუბი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. პირადი პირობების შეთანხმება, არსებული ცნობებით, პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, 26 წლის ფეხბურთელი არსენალში თამაშს სერიოზულად განიხილავს, რაც "მეთოფეებს" საქმეს უადვილებს.
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, რეალსა და ფეხბურთელს შორის მთავარი უთანხმოება ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. სამეფო კლუბმა ბრაზილიელს სეზონში ხელფასის სახით დაახლოებით €20 მილიონი შესთავაზა, თუმცა მხარეები საბონუსე სისტემაზე საერთო ენას ვერ პოულობენ. ვინისიუსის მხარე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გზით უნდა გაიზარდოს მისი საერთო ანაზღაურება, ხოლო მადრიდული კლუბი მსგავს პრეცედენტს ერიდება.
უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება - რეალი და ვინისიუსის წარმომადგენლები მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავენ, რომლის შემდეგაც ბრაზილიელის მომავალთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. განიხილება სამი ვარიანტი: რეალთან ახალი კონტრაქტის გაფორმება, 2027 წლამდე მოცდა და სამეფო კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება ან არსენალში ტრანსფერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.















