საფეხბურთო შაბათ - კვირის მთავარი მოვლენა: მაურისიო პოჩეტინოს დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის რანგში, თანაც, ენფილდზე, ლივერპულთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ლივერპული VS მანჩესტერ იუნაიტედი | 20:30
სანაკრებო შესვენების პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედში მოხდა ცვლილება, რომელიც იყო გარდაუვალი - მაიკლ კერიკის გათავისუფლება. ინგლისელ თავკაცს გამოუვიდა უბრალოდ საშინელი სეზონის სტარტი: მხოლოდ 1 მოგება შიდა ჩემპიონატის საწყის 10 ტურში. შედეგად, "წითელი ეშმაკები" გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ.
ოლდ ტრაფორდის ბინადრების გადასარჩენად, როგორც აღვნიშნეთ, მოვიდა პოჩეტინო, ვინც პრემიერ ლიგაში დაბრუნების სანაცვლოდ აშშ-ს ეროვნული გუნდი დატოვა. იუნაიტედს თავიდან უკავშირებდნენ დიდიე დეშამს, ანტონიო კონტესა და იულიან ნაგელსმანს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი არგენტინელ თავკაცამდე მივიდა.
ცხადია, ჯერჯერობით უცნობია, თუ რის შეცვლას აპირებს მაურისიო, რადგან ის მანჩესტერში სულ რამდენიმე დღის მისულია, თუმცა მისი მუშაობის პირველ მარცვლებს ლივერპულთან შეხვედრაში ვნახავთ. რაც შეეხება "წითელი ეშმაკების" მოწინააღმდეგეს, სტანდარტულად, ანდონი ირაოლა ეცდება იმ ყველაფრის განხორციელებას, რაც თავის დროზე არნე სლოტმა ვერ შეძლო.
უამრავ პრობლემასთან ერთად, ოლდ ტრაფორდის ბინადრების ახალ მწვრთნელს საკადრო სირთულეებიც დახვდა. მაგალითად, მერსისაიდულ კლუბთან შეხვედრას ბენიამინ შეშკო, მანუელ უგარტე და კარლოს ბალება გამოტოვებენ. ასევე საეჭვოა პატრიკ დორგუს, ეიდენ ჰევანისა და ში ლეისის თამაში.
"სქაუზერების" მხრიდან არ იქნება მხოლოდ უგო ეკიტიკე, თუმცა ეს ახალი ამბავი არ არის. აღნიშნული გუნდების დაპირისპირება მოიცავს 208 შეხვედრას და 82 მოგებით უპირატესობა იუნაიტედის მხარესაა. ენდილდის მკვიდრებმა იმარჯვეს 67-ჯერ, 59 თამაშიც ფრედ დასრულდა. მანჩესტერის კრიზისის მიუხედავად, უკანასკნელ 9 დუელში ლივერპულმა მხოლოდ 2-ჯერ მოიგო.
საინტერესოა ისიც, რომ მერსისაიდულმა გუნდმა "წითელი ეშმაკები" უშუალოდ ენფილდზე ბოლოს დაამარცხა 2023 წლის მარტში, როდესაც მოწინააღმდეგეს 7 უპასუხო ბურთი შეუგდო. აღნიშნულ დუელში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია მო სალაჰი, რომელმაც "სქაუზერთა" სახელით ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა კარი ჯამში 16-ჯერ აიღო.
კვირის მატჩის დღე
| იუვენტუსი - ვენეცია | 15:30 | სერია ა |
| ბარსელონა - ვილიარეალი | 17:00 | ლა ლიგა |
| ბოლონია - უდინეზე | 18:00 | სერია ა |
| რასინგი - სოსიედადი | 19:15 | ლა ლიგა |
| ლივერპული - მანჩესტერ იუნაიტედი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| მილანი - ფროზინონე | 21:00 | სერია ა |
| ატალანტა - ინტერი | 23:45 | სერია ა |
| ხეტაფე - ატლეტიკო | 23:55 | ლა ლიგა |











